ტრამპმა "ჯორჯია" ირანს მიაყენა, ანუ მოასწრებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი "კუდის ბოლო მოქნევას" ირანის წინააღმდეგ? - კვირის პალიტრა

ტრამპმა "ჯორჯია" ირანს მიაყენა, ანუ მოასწრებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი "კუდის ბოლო მოქნევას" ირანის წინააღმდეგ?

ეს მძიმე, 2020 წელი ირანთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებით დაიწყო და შეიძლება ისევ ირანით დამთავრდეს, თუკი პრეზიდენტობის ვადის მიწურულს ტრამპი გაბედავს და დაარტყამს ისრაელის მთავარ მოწინააღმდეგეს.

ის, რომ თავისი ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ძალზე ლოიალურად იყო განწყობილი ისრაელის მიმართ და თითქმის ყველა მის "სურვილს" ასრულებდა, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა.

2020 წლის 3 იანვარს ბაღდადში ირანის ძალზე გავლენიანი გენერლის - ყასემ სოლეიმანის მოკვლა ნამდვილად შედიოდა ისრაელის სახელმწიფოებრივ ინტერესებში, თუმცა უშულოდ ოპერაცია ამერიკულმა სადაზვერვო-დამრტყმელმა დრონმა განახორციელა.

მაშინ, წლის დასაწყისში, მსოფლიო უკვე დადგა დიდი ომის დაწყების წინ, როდესაც 8 იანვარს, ირანმა მისი გენერლის მოკვლისთვის შურის საძიებლად ერაყში ბალისტიკური რაკეტებით ამერიკული სამხედრო ბაზა დაბომბა...

მაგრამ იმ მომენტში პრეზიდენტმა ტრამპმა "ჩაყლაპა" ირანის სარაკეტო თავდასხმა ამერიკელ სამხედროებზე, თუმცა წლის ბოლოს შეიძლება აღარ მოითმინოს ბაღდადის "მწვანე ზონაში" აშშ-ის საელჩოს რამდენიმე სარაკეტო დაბომბვა, რაშიც "თეთრმა სახლმა" ღიად დაადანაშაულა ოფიციალური თეირანი.

პენტაგონის მიერ გაგზავნილი ძლიერი სამხედრო-საზღვაო არმადა უკვე შევიდა ორმუზის ვიწრო სრუტეში (რომელიც სპარსეთისა და ომანის ყურეებს აერთებს) და ირანის სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს აღმოჩნდა.

ამ ამერიკულ საზღვაო ესკადრაში ორ სარაკეტო კრეისერთან ერთად იმყოფება "ოჰაიოს" კლასის მრავალდანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავი "ჯორჯიაც", რომელსაც 154 ბირთვულქობინიანი "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია, რომლებსაც ძალუძთ მთლიანად გაანადგურონ ირანის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი.

საგულისხმოა ისიც, რომ სპარსეთის ყურისკენ გეზი აიღო ისრაელის დიზელისძრავიანმა წყალქვეშა ნავმაც, რომელიც, ასევე, შეირაღებულია ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არასოდეს აღიარებს ბირთვული იარაღის ქონას.

ისრაელისთვის ირანი ნომერ პირველ მტერს წარმოადგენს, ისევე როგორც ირანელები ოცნებობენ ისრაელის სრულ განადგურებაზე. არ არის გამორიცხული, ისრაელის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იყვნენ ძალზე დაინტერესებულნი, რომ მათი ქვეყნისადმი ასე გულთბილად განწყობილმა ტრამპმა პრეზიდენტობის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე "კუდი მწარედ მოიქნიოს" და საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში თავის არაორდინარულ ქმედებებს კიდევ ერთი და ყველაზე "გრანდიოზული" დაუმატოს...

ტრამპი კი დატოვებს "თეთრი სახლის" ოვალურ კაბინეტს, მაგრამ რა დღეში აღმოჩნდება მსოფლიო, თუ მან ირანზე სარაკეტო დარტყმა მოასწრო?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს