სომხების პარტიზანობა ყარაბაღში არც ერევანს უნდა აწყობდეს... - კვირის პალიტრა

სომხების პარტიზანობა ყარაბაღში არც ერევანს უნდა აწყობდეს...

მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანულ პოსტზე სომხების მორიგი დივერსიული თავდასხმის შემდეგ ოფიციალურმა ბაქომ ბოლო გაფრთხილება გაუგზავნა ერევანს - განმეორების შემთხვევაში ომი განახლდება და ეს ომი უკვე უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე დაიწყებაო!

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 დეკემბერს, დღისით, მთიან ყარაბაღში, ჰოჯავენდის რაიონის სოფელ აკაკუსთან, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფს თავს დაესხა სომხური შეირაღებული ჯგუფი. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო, ერთიც დაიჭრა, ასევე, მოკლეს ექვსი თავდამსხმელი სომეხი მებრძოლი.

სომხური მხარე კი იტყობინება, რომ მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონის სოფელ ტოგთან მცირერიცხოვანი სომხური ჯგუფი ალყიდან თავის დაღწევას ცდილობდა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგესთან  საბრძოლო შეტაკება მოხდაო.

მკითხველი არ უნდა დააბნიოს იმ გარემოებამ, რომ ერთი და იგივე შეირაღებული ინციდენტის ადგილს დაპირისპირებული მხარეები სხვადასხვანაირად მიუთითებენ, რადგან ყარაბაღის ნაწილისა და მის გარშემო მდებარე, აქამდე ოკუპირებული შვიდი რაიონისა და სოფლების სახელების სასწრაფო გადარქმევა დაიწყო ბაქომ, უფრო სწორად კი -  მათ იმ სახელებს უბრუნებს, რაც სამი ათეული წლის წინ ერქვათ, ვიდრე მათ სომხური მხარე დაიკავებდა და სახელებს შეუცვლიდა.

სახელების გადარქმევის ტენდენცია კი გასაგებია, მაგრამ გასარკვევი ის არის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ სომეხი მებრძოლების ნაწილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე პარტიზანული ბრძოლების დაწყების მცდელობას რომ ამჟღავნებს.

ვის შეიძლება აწყობდეს ყარაბაღში სომხური პარტიზანული მოქმედებების დაწყება?

სროლის განახლება ყარაბაღში, თუგინდ ასეთი მცირე დივერსიული თავდასხმების სახით, არავითარ შემთხვევაში არ აწყობს კრემლს, რადგან იგი მსოფლიოს დონეზე თავს იწონებს, რომ შეაჩერა ომი ყარაბაღში და საუკეთესო მშვიდობისმყოფელის მანტიის მორგებას ცდილობს.

სროლის განახლება ასევე არ უნდა აწყობდეს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელისუფლებასაც, რომელსაც ისედაც უამრავი სერიოზული პრობლემა დაუგროვდა უშუალოდ სომხეთში და ნაკლებად უნდა სურდეს, ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმების დარღვევის ხელისშემწყობად დაფიქსირება.

სომეხი პარტიზანების გამოჩენა ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა, არც ოფიციალური ბაქოს ინტერესებში შედის, რადგან პრეზიდენტი ალიევი, თურქული მხარის აქტიური დახმარებით, განთავისუფლებულ რაიონებში "ეკონომიკური საოცრების" მოხდენას აპირებს, რათა მთელ მსოფლიოს დაანახვოს, ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები და ამ გრანდიოზული პროექტის ხელის შეშლა მის ინტერესებში რომ არ შედის.

რა გამოდის - თუკი არავის აწყობს სომხების პარტიზანობა ყარაბაღში, მაშინ დროდადრო რატომ ხდება დივერსიული თავდასხმები? შეიძლება, მართლაც დაქსაქსული სომხური არმიის პატარ-პატარა დანაყოფები ცდილობენ სამშვიდობოს გასვლას, ისინი, ვინც აქამდე ტყეებს აფარებდნენ თავს, მაგრამ ფოთოლცვენისა და ყინვის გამო, იძულებულები არიან, სტეფანაკერტამდე ან სომხეთამდე გააღწიონ.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ყარაბაღელი ადგილობრივი რამდენიმე სომეხი საველე მეთაური არ დაემორჩილა ცეცხლის შერწყვეტის სამხრივ შეთანხმებას და პარტიზანული მოქმედებების გადაწყვეტილება მიიღო "თურქების" წინააღმდეგ (სომხები აზერბაიჯანელებს, ძირითადად, სწორედ "თურქებად" მოიხსენიებენ).

"სომხურმა საზოგადოებამ სწორი დასკვნა უნდა გამოიტანოს. თუ ის გააგრძელებს რევანშზე ფიქრს, მაშინ სომხეთის ბოლო ცუდი იქნება," - ღიად დაიმუქრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და ეს მუქარა აშკარად მიმართულია არა მარტო მთიანი ყარაბაღის დარჩენილ, გაუთავისუფლებელ ნაწილზე, არამედ - უშუალოდ სომხეთზეც, კერძოდ კი - აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიუნიკის მონაკვეთზე, სადაც დღეს საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა არა ერთხელ სახალხოდ გააჟღერა, რომ სომხეთის სიუნიკის რაიონი ისტორიულად აზერბაიჯანული ზანგეზურია, რითაც ბაქომ ერთგვარ ტერიტორიულ პრეტენზიებზე ღიად მიანიშნა ერევანს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს