შეგვიძლია თუ არა ქართული დრონების აწყობა?!
შეგვიძლია თუ არა ქართული დრონების აწყობა?!
დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატები, იგივე დრონები, თანამედროვე ომების მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენს სამეზობლოში გამართულმა ყარაბაღის მესამე ომმა.
შეუძლია თუ არა საქართველოს თავად აწარმოოს ასეთი დრონები?
ეს კითხვა არაერთხელ დასმულა და გასაგებია, რომ ძალზე აქტუალურ თემას შეეხება, რაშიც გარკვეული სინათლე შეიტანა საქართველოს თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის წინასაახალწლო რამდენიმე გამოსვლამ და ინტერვიუმ.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა: "დრონების წარმოებაზეც უკვე დავიწყეთ საუბარი და
გვინდა, რომ ადგილზე მოვსინჯოთ ძალები, ვინაიდან ამის გამოცდილება გვაქვს. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ფლობდა და ფლობს ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქარხანას.
მსოფლიოში არის სულ რამდენიმე, ალბათ, 20-მდე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. აქ არის 1000-მდე
სამხედრო თვითმფრინავი SU-25 გამოშვებული. ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანაში გვაქვს ქარხანა - "თბილავიამშენი", რომელიც ახლა "დელტას" მენეჯმენტს ექვემდებარება და სადაც დავიწყეთ აღმშენებლობა, დავიწყეთ თვითმფრინავების, ვერტმფრენების რემონტი. ამის გამოუყენებლობა არის დანაშაული. ეს არის უნიკალური ბაზა, სადაც დასაქმებული ხალხი ოქროს ფონდია".

თბილისის საავიციო ქარხანა მართლაც ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 70 წლის წინ დაიწყო რეაქტიულძრავიანი უპილოტო საფრენი აპარატების სერიული წარმოება.

1960-იან წლებში თბილისში МиГ-21У ტიპის სასწავლო-საბრძოლო გამანადგურებლების გარდა აწყობდნენ Ла-17М ტიპის უპილოტო თვითმფრინავებსაც. ამ უპილოტოების მთავარი დანიშნულება გახლდათ, შეესრულებინათ საჰაერო სამიზნის როლი. დრონი სტარტს კატაპულტის საშუალებით იღებდა, რის შემდეგაც მას ავტოპილოტი მართავდა; ჰქონდა რეაქტიული ძრავა და 900 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაც კი შეეძლო. არცთუ იშვიათად, როდესაც უპილოტო სამიზნეს ჭურვის ან რაკეტის ნამსხვრევი მოხვდებოდა, მისი ავტოპილოტი მწყობრიდან გამოდიოდა, რის შემდეგ, მართვადაკარგული, თავის ნებაზე აგრძელებდა ფრენას და ზოგჯერ პოლიგონის საზღვრებიდანაც გადიოდა, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.

თბილისის საავიაციო ქარხანაში 886 Ла-17М ტიპის უპილოტო სამიზნე აიწყო, რაც დღეის გადმოსახედიდან ძალიან დიდი ციფრია.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი მცდელობა, რომ თბილისის საავიაციო ქარხანაში დაწყებულიყო უპილოტოების სერიული წარმოება, ჯერ კიდევ 2001 წელს განხორციელდა, როდესაც ისრაელიდან ჩამოიტანეს მცირე ზომის დრონი. მაშინ "თბილავიამშენს" ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა SU-25KM "სკორპიონის" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის ერთობლივ მოდერნიზაციასთან დაკავშირებით.

მეორე მცდელობა უკვე აგვისტოს ომის შემდგომ განხორციელდა, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მისთვის დამახასიათებელი პომპეზურობით, ტელეეკრანებით მოსახლეობას ამცნო, რომ დაწყებული იყო მთლიანად საქართველოში შექმნილი თანამედროვე დრონის სერიული წარმოება...

ფოტოვიდეოკადრებში გამოსახულ მომცრო დრონში კი სპეციალისტებმა ადვილად ამოიცნეს ესტონური წარმოების კომერციული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც ქართული ეტყობა, მხოლოდ ფრთაზე მიხატული ხუთჯვრიანი დროშა ჰქონდა...

რამდენად შესაძლებელია, რომ დრონების სამამულო წარმოების დაწყების მესამე ცდა წარმატებით დაგვირგვინდეს?
ამაში გადაუწყვეტელი არაფერია - ერთობლივი ძალისხმევით "დელტას" და "თბილავიამშენს", თუკი  თავდაცვის სამინისტროს დიდი ხელშეწყობა და საჭირო დაფინანსება იქნება, შეუძლიათ ააწყონ დრონების სერიული წარმოება და არა მარტო სადაზვერვოების, არამედ - დამრტყმელი და კამიკაძე დრონებისაც.

ოღონდ არ გვქონდეს იმის ამბიციები, რომ პირველი ქართული დრონი - "მიმინო" თუ "შევარდენი"(ისე, სახელიც მოსაფიქრებელია) აუცილებლად მთლიანად ქართული დეტალებისგან უნდა იყოს აწყობილი.
კოოპერაცია მთელ მსოფლიოში მიღებული თემაა და ქართული დრონების რთული და ძვირად ღირებული ოპტიკურ-ელექტრონული, ასევე, რადიოელექტრონული აპარატურის საზღვარგარეთ შეძენა მოგვიწევს, ისევე, როგორც შიდაწვისა თუ ელექტროძრავების, სამაგიეროდ, ამ დრონების კორპუსებისა და ფრთასხმულობების დამზადება კომპოზიციური მასალებისგან ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ.

საუკუნის დასაწყისში "თბილავიამშენმა" წამოიწყო საავიაციო კომპოზიციური მასალების ექსერიმენტული დამზადება და საცდელი, ორ რეაქტიულძრავინი და ოთხადგილიანი ბიზნესთვითმფრინავიც კი ააწყო (მისი პირველი გამოცდა, რომელსაც ამ ბლოგის ავტორიც ესწრებოდა, ცალკე მოსაყოლი თემაა).
ანუ მონდომების შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, სწორედ იყოს დასმული ამოცანა და გარკვევით დაისახოს მისი შესრულების ეტაპები.

ბოლო რამდენიმე წელი კი "დელტაში" მიმდინარეობდა მსუბუქი, ორადგილიანი შვეულმფრენის უპილოტოდ გადაკეთებისა და მისი შეიარაღების სამუშაოები, ეს დრონი-შვეულმფრენი 26 მაისის დღესასწაულზეც იყო სახალხოდ ნაჩვენები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (5)
ზურაბ სუხაშვილი
27 იანვარი 2021 20:57
ასე სჯობია, ყველაფერი ოდესღაც საიდანღაც იწყება და მერე იხვეწება, სხვათაშორის მეც მსგავს ტექნოლოგიაზე ვმუშაობ დამოუკიდებლად(ვცდილობ ფრენის კონტროლის დისტანცია გავზარდო-გპრს მოდულებით) თუ დაგჭირდით დამიკავშირდით: zurasuxas@gmail.com
მიხო
02 იანვარი 2021 21:14
რა გაგიკეთებიათ ხეების კატაობის მეტი,დრონები კი არა შაშვები, უმაქნისები!
ioska
30 დეკემბერი 2020 20:17
მაგი ისეთი იქნება როგორც ქუთაისის ავტოქარხნის ,,კოლხიდა" დდდდდდდდდდდდდდ
giajano
30 დეკემბერი 2020 20:07
მონდომება, შრომა და ქვეყნისთვის თავდადებაა საჭირო, პატრიოტდა პროფესიონალიზმთან ერთად და ყველაფერი გამოვა, ქართველისტვის გაუკეთებელი არაფერუფალი ჩვენსკენ.
jorj
30 დეკემბერი 2020 16:44
ჯერ გაგვაცანით რა განათლებას იღებენ საქართველოში. ყველაფრის აწყობა შეიძლება თუ გყავს განათლებული სპეციალისტები. კარგი მაგალითია ისრაელი. ხოლო ისრაელში რა განათლებას იღებენ კარგი იქნებოდა გამოგექვეყნებინათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები