რას შესცვლის შავი ზღვის თავზე ამერიკული საბრძოლო დრონების გამოჩენა...
რას შესცვლის შავი ზღვის თავზე ამერიკული საბრძოლო დრონების გამოჩენა...
ახალი წლის დღეებში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობამ ნატოს წევრი რუმინეთის კიმპია-ტურზის საჰაერო ბაზაზე სადაზვერვო-დამრტყმელი დრონები MQ-9 Reaper-ები და მათი მომსახურე 90-მდე სამხედრო სპეციალისტი გადაისროლა.
ამერიკულ დამრტყმელ უპილოტო თვითმფრინავებს - "რიპერებს", ჩვენებურად კი "მცელავებს" დიდი წარდგენა არ სჭირდებათ, რადგან არცერთი სპეცოპერაცია, რომელსაც პენტაგონი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახორციელებს, მათი მონაწილეობის გარეშე არ ტარდება.

ბოლო, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 3 იანვარს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტში
ცნობილი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის კორტეჟის აფეთქება, რაც სწორედ ამერიკულმა უპილოტო "მცელავმა" განახორციელა ორი "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტის "წერტილოვანი" დარტყმით.

"თეთრ სახლს", საერთაშორისო ტერორისტებად მიჩნეული, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი პირების საჰაერო "წერტილოვანი" განადგურებების გარდა, რაში უნდა დასჭირვებოდა შავი ზღვის სანაპიროსთან უპილოტო "მცელავების" გადმოსროლა, მით უმეტეს,
რომ ასეთი პირები შავი ზღვის სანაპიროზე თითქმის არ მოიძებნებიან?

MQ-9 Reaper-ის ფრენის სიშორე 2 ათას კმ-მდეა და ის ჰაერში ერთ დღე-ღამეზე მეტხანს შეიძლება იყოს "გამოკიდებული", რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის სადაზვერვო შესაძლებლობებს, ხოლო მიზნის აღმოჩენისა და მისი იდენტიფიკაციის შემდეგ, ოპერატორს არ სჭირდება დამრტყმელი ავიაციის დამატებით გამოძახება, რადგან "მცელავი" 4-8 ცალი ლაზერული დამიზნების მართვადი რაკეტითა და ბომბითაა შეიარაღებული და თავად შეუძლია "წერტილოვანი " საჰაერო დარტყმების განხორციელება.

კიმპია-ტურზის რუმინული საჰაერო ბაზიდან საქართველოს ფოთის პორტამდე პირდაპირი ხაზით 1 500 კმ-მდეა, რაც თეორიულად შესაძლებელს ხდის, რომ ამ ამერიკულმა უპილოტო "მცელავებმა" ქართულ ცაზეც შემოიფრინონ, ოფიციალურ თბილისთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, მაგრამ უფრო რეალურია, რომ რუმინეთში განთავსებული ამერიკული სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტოების მთავარი "სამიზნე" მაინც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული გახდება.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან "ჩაუძირავ ავიამზიდად" მონათლული ყირიმის ნახევარკუნძული, 2014 წლის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად გადააქცია, რისი მთავარი მიზანიც შავი ზღვის აკვატორიის სრული კონტროლის განხორციელების მცდელობაა.

რუმინული საჰაერო ბაზიდან აფრენილ ამერიკულ "მცელავებს" კი 24 სთ-ზე მეტხანს შეეძლებათ, სადაზვერვო ფრენები ახორციელონ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სიახლოვეს, ნეიტრალური წყლების თავზე, რაც აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობას და ამასთანავე ნატოს სარდლობას უფრო მეტ სადაზვერვო ინფორმაციას მისცემს ყირიმში რუსული სამხედრო ძალის მოქმედებაზე.

გარდა ამისა, უკვე წელს უკრაინაში გასამართ მორიგ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთში გადასროლილი ეს ამერიკული დრონებიც. ასევე, მათი გამოჩენა მოსალოდნელია  იმ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებზეც, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად  ტარდება ქართულ სამხედრო პოლიგონებზე...

პ.ს. 2008 წლის მაისის ბოლოს ერაყის ალ-ქუტის აეროდრომიდან ამერიკული ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო "ჰერკულესით" საქართველოში გამოფრენისას, ჩვენს თვითმფრინავს ერთ-ერთი ძრავი გაუჩერდა (ნამდვილად არასასიამოვნოა, როდესაც ილუმინატორიდან ხედავ ჰაერში გაჩერებულ საჰაერო ხრახნს) და ეკიპაჟმა იძულებითი დაშვება განახორციელა ბალადის აეროდრომზე, რომელიც მაშინ ერაყში პენტაგონის უძლიერეს საჰაერო ბაზას წარმოადგენდა.
ბაზაზე გადაადგილებისა და დროებითი დაბინავების პროცესში სამხედრო ჟურნალისტის თვალმა დააფიქსირა ღია ტიპის ანგარში შემალული საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც ცნობილი ამერიკული დრონის - MQ-1B Predator-ისგან განსხვავებით საჭის ფრთასხმულობა ქვემოთ კი არა, არამედ - ზემოთ ეყენა...

როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს იყო ერთ-ერთი პირველი MQ-9 Reaper-ი, რომელიც ამერიკელებმა ერაყში ჩაიყვანეს და მალევე დაიწყეს მისი საბრძოლო გამოყენება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გიხაროდეს!
20 იანვარი 2021 07:06
ალად! თუ ხვდები ამერიკა რას უმიზნებს. სხვისი ხელით უნდა აქ, ცეცხლის გაჩაღება.
aburjga
12 იანვარი 2021 14:38
რას შეცვლის და ... როცა სულ რაღაც ნახევარ საათში რუსეთის ВВС ყველა მათგანს ჩამოაგდებს აშშ-ს ავტორიტეტი დაეცემა! აი ამას შეცვლის! ისე შეკითხვა მაქვს, რატომ უნდა იფრინონ შავ ზღვაზე ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა?! რუკაზე დაგიხედავთ, იცით სად არის აშშ და სად შავი ზღვა?!
dima
08 იანვარი 2021 17:03
ძიმა რუსებს რომ უსმენ გავიგეთ მარა შენ თუ გაიგე რამე ეგ ვერ გავიგეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები