აკი კაპიტოლიუმში ვერ შემოვარდებიანო, ანუ როდესაც წარმოუდგენელიც შესაძლებელი ხდება... - კვირის პალიტრა

აკი კაპიტოლიუმში ვერ შემოვარდებიანო, ანუ როდესაც წარმოუდგენელიც შესაძლებელი ხდება...

2004 წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვაშინგტონში მიწვეულ ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფს ორ თარჯიმანთან ერთად საშუალება მოგვეცა კაპიტოლიუმის შენობაში, სენატის დარბაზში 20 იანვარს დავსწრებოდით პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის ყოველწლიურ მოხსენებას სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებისთვის.

ქართველი ჟურნალისტები, სხვა უცხოელ და ადგილობრივ კოლეგებთან ერთად დარბაზის ქანდარაზე ვისხედით და იქიდან ვუსმენდით ბუშის გამოსვლას, რომელიც ხშირად დარბაზში მხურვალე ტაშითა და ფეხზე წამოდგომით წყდებოდა, ამას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები აკეთებდნენ, ხოლო დემოკრატები სავარძლებში მყარად ისხდნენ და მხოლოდ იბღვირებოდნენ (მათ შორის, კონდოლიზა რაისიც).

ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები წინასწარ გაგვაფრთხილეს ,რომ ტაში არ დაგვეკრა, თუმცა რომელ ტაშის დაკვრაზე იყო საქმე, როდესაც ბრეჟნევის პოლიტბიუროსა და საბჭოთა პარტაქტივის ასოციაცია გიჩნდებოდა მათი შემხედვარე...

მაგრამ მთავარი შემდეგ მოხდა - ამერიკელ ჟურნალისტებს ძალიან აინტერესებდათ სულ რაღაც ორი თვით ადრე ,2003 წლის 22 ნოემბერს, თბილისში მომხდარი "ვარდების რევოლუციის" დეტალები და გვილოცავდნენ, რომ საქართველო თავს აღწევს საბჭოთა მემკვიდრეობას და მალე თურმე ჩვენთანაც სრული დემოკრატია დამყარდება.

ამ დითირამბების ფონზე, ერთმა ხანშიშესულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა მითხრა - ძალიან კარგია, რომ საქართველოს სათავეში დასავლური განწყობის ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ პარლამენტში ძალით შეჭრა ცუდია და დემოკრატიას არ ნიშნავს, თქვენ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ სამუშაო ამ მხრივ, რომ ამერიკამდე მოაღწიოთ, აბა წარმოიდგინეთ, ახლა ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლის დროს ვინმე გაიფიქრებს მაინც კაპიტოლიუმში შემოჭრას, როგორც ეს თქვენ პრეზიდენტ შევარდნაძეს გაუკეთეთ საქართველოს პარლამენტში შეჭრისასო?

ცოტა კი დავიბოღმე, მაგრამ მართალი იყო ის კაცი და რა მექნა?

...გავიდა 17 წელი და 2021 წლის 6 იანვარს, კომპიუტერის ეკრანზე ვუყურებ ფოტოსურათს, სადაც ჩანს, რომ კაპიტოლიუმის სენატის დარბაზში, ქანდარაზე, წინა რიგში, სადაც თავის დროზე თავს ვიწონებდი, რადგან ტრიბუნაზე მდგარ პრეზიდენტ ბუშს თავზე დავყურებდი, ათასი ჯურის ჯეელი დროშებსა და ტრანსპარატებს იქნევს და სკამებს ამტვრევს...

ანუ არ ყოფილა ის ხანშიშესული ამერიკელი ჟურნალისტი მთლად მართალი, როდესაც მე მმოძღვრავდა, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ძალით შეჭრა შეუძლებელია და ასეთი რამ მხოლოდ თქვენნაირ, განვითარებად ქვეყნებში თუ ხდებაო?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს