პუტინი-ფაშინიანი-ალიევის შეხვედრის შედეგები - როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე გზების გახსნა თბილისის გვერდის ავლით - კვირის პალიტრა

პუტინი-ფაშინიანი-ალიევის შეხვედრის შედეგები - როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე გზების გახსნა თბილისის გვერდის ავლით

11 იანვარს, ყარაბაღის მესამე ომის შეჩერებიდან ორი თვის თავზე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი თავისთან, მოსკოვში მიიწვია, მოსალაპარაკებლად.

თუმც, იმის შემხედვარე, დატუქსული მოსწავლეებივით, როგორ მიუსხდნენ მაგიდას სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ლიდერები, ამას მიწვევა კი არა, უფრო დაბარება ჰქვია "სკოლის დირექტორთან" - პუტინთან.

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ორი თვის თავზე ჯერ კიდევ ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა რჩება, მათ შორის - სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვევა თუ თავად მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსი, მაგრამ ყველაზე მტკივნეულ თემას სომხეთისთვის აზერბაიჯანის მიერ დატყვევებული სომეხი სამხედროები წარმოადგენს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანმა განთავისუფლებულ ტერიტორიებზე არანაკლებ 62 სომეხი სამხედრო დაატყვევა იარაღით ხელში. მათ ოფიციალური ბაქო სამხედრო ტყვეებად კი არა, არამედ - ტერორისტებად მიიჩნევს, რადგან დაკავებულები უკვე სამმხრივი შეთანხმების შემდგომ პერიოდში ესხმოდნენ თავს პოსტებს და რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო დაჭრეს და მოკლეს კიდეც.

ყველა ელოდა, რომ მოსკოვის შეხვედრაზე მთავარ საკითხებად სწორედ ზემოთ ხსენებულები ამბები იქნებოდა, მაგრამ პუტინის ინიციატივით უმთავრეს თემად განხილული იქნა ორი თვის წინანდელი შეთანხმების ბოლო, მეცხრე პუნქტი, რომელიც შეირაღებული კონფლიქტის ზონაში კომუნიკაციების აღდგენას ითვალისწინებს. კერძოდ, დაიგეგმა, აღდგეს სატრანსპორტო დერეფანი აზერბიჯანის ზანგილანის რაიონიდან დასავლეთით, სომხეთის ტერიტორიის გავლით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე, რომელსაც, თავის მხრივ, სახმელეთო საზღვრის მცირე მონაკვეთი გააჩნია თურქეთთან.

გამოდის, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გვერდის ავლით პირდაპირ სახმელეთო კომუნიკაციას გახსნის თურქეთთან, ხოლო, უკვე აზერბაიჯანის გავლით, სომხეთი, კვლავ საქართველოს გვერდის ავლით, აზერბაიჯანის სარკინიგზო და საავტომობილო გზებით უშუალოდ რუსეთს დაუკავშირდება...

სომხურ მეგრეზე გამავალი რკინიგზა, უშუალოდ ირანის საზღვრის გაყოლებით, საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა, მაგრამ ყარაბაღის პირველი ომის დაწყებისთანავე გადაიკეტა და წლების განმავლობაში იქიდან რკინიგზის ლიანდაგებიც კი მოიპარეს.

ამ სარკინიგზო ხაზის აღდგენა დროსა და დიდ ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ პირველ ეტაპზე ეტყობა, ჯერ სომხეთზე გამავალი საავტომობილო გზა გაიხსნება, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანიდან ტვირთები თურქეთში გაიგზავნება და - პირიქით, ხოლო სომხური ტვირთები ჯერ სატვირთო ავტომობილებით გადაიზიდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იქიდან უკვე რკინიგზით გადაიგზავნება რუსეთში...

სიტუაციის ამგვარი განვითარება ძალიან აწყობს აზერბაიჯანს (თუნდაც იმიტომ, რომ თავის ნახიჩევანთან უზარმაზარი შემოვლითი გზით აღარ მოუწევს სიარული) და, რა თქმა უნდა, თურქეთს, რომელიც პირდაპირ სახმელეთო დერეფანს ჭრის ჯერ აზერბაიჯანისკენ და შემდგომ - შუა აზიის ქვეყნებისკენ, რომელთა ნაწილზე ოფიციალურ ანკარას ისედაც დიდი გავლენა აქვს.

ასეთი საგზაო კომუნიკაციის გახსნა სომხეთის ინტერესებშიცაა, რადგან რუსულ ბაზარზე სომხური ტვირთების ძირითადი ნაკადი საქართველოს სამხედრო გზის გავლით ხვდება, ეს გზა კი რთულია და დიდადაა დამოკიდებული ამინდზე.

საქართველოს გვერდის ავლით აზერბაიჯანის თურქეთთან, ხოლო სომხეთის - რუსეთთან დაკავშირება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ცოტას არ დააკლებს, რადგან სატრანზიტო შემოსავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

მაგრამ მთავარი კითხვა მაინც რუსეთს უკავშირდება - რაში უნდა აწყობდეს პუტინს თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ და, შესაბამისად, კასპიის ზღვის რეგიონისკენ კიდევ ერთი საგზაო კომუნიკაციის გახსნა და სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ერდოღანის გავლენის გაძლიერება?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს