ამერიკული ფრთოსანი რაკეტები შავ ზღვაში სამიზნეებს "ეძებენ"...
ამერიკული ფრთოსანი რაკეტები შავ ზღვაში სამიზნეებს "ეძებენ"...
რატომ შეაშფოთა რუსეთი 17 იანვარს ნატოს მიერ შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ სივრცეში ჩატარებულმა მორიგმა სამხედრო სწავლებამ?

AGM-158 JASSM - ეს აბრევიატურა შეიძლება ბევრს არაფერს ამბობდეს, მაგრამ რუსი გენერლებისთვის განგაშის ზარის შესატყვისი გახდეს...
ასე ეწოდებათ ამერიკულ, "ჰაერი-მიწა" კლასის, მაღალი სიზუსტის ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც დღეღამის ნებისმიერ პერიოდში და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი შეუძლიათ მოწინააღმდეგის მაღალი დონის დაცული სტაციონალური ობიექტების წერტილოვნად დაზიანება.
სწორედ ასეთი "ჭკვიანი" იარაღის ელექტრონული გაშვებები (როდესაც რაკეტის დამიზნების სისტემის კომპიუტერული მოქმედება
ხორციელდება ფაქტობრივი გაშვების გარეშე) განახორციელეს ამერიკულმა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე 17 იანვარს.

თუ რა შეუძლია ამ, შედარებით თანამედროვე ამერიკულ ფრთოსან რაკეტას, 2018 წლის 14 აპრილს გამოჩნდა, როდესაც პენტაგონმა 19 ასეთი რაკეტით სირიის ერთ-ერთ აეროდრომზე განთავსებული თვითმფრინავები გაანადგურა, მიუხედავად იმისა, რომ
სირიელებს თავიანთი საბრძოლო თვითმფრინავები კარგად დაცულ, ბეტონირებულ ანგარებში ეყენათ.
საგულისხმოა ისიც, რომ შავი ზღვის თავზე სწორედ იმ ამერიკულმა F-16-ებმა "გაინავარდეს", რომლის საავიაციო ფრთა (პოლკი) იტალიის ავიანოს საჰაერო ბაზაზეა დისლოცირებული, ანუ ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკული გამანადგურებლები ჰაერში საწვავის დამატებითი გაწყობის შემდეგ გადაფრინდნენ რუმინეთის საჰაერო ბაზაზე და იქიდან, ბრიტანეთისა და რუმინეთის საჰაერო ძალებთან ერთად, ერთობლივი სწავლება ჩაატარეს შავი ზღვის თავზე.
AGM-158 JASSM- ის რაკეტის პირველი მოდიფიკაციის მოქმედების რადიუსი 370 კმ-ია და მისი გაშვება ხდება მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში შეუსვლელად. ეს სრულიად საკმარისია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ნებისმიერი კარგად დაცული ობიექტის მაღალი სიზუსტით დასაზიანებლად.
ასეთ სიზუსტეს განაპირობებს ფრთოსანი რაკეტის დამიზნების კომბინირებული სისტემა (ინერციული, თანამგზავრული ნავიგაციის და ინფრაწითელი თვითდამიზნების), რომელიც მიზნიდან არაუმეტეს 2,4 მ-ით აცილების გარანტიას იძლევა, ხოლო რაკეტის 450-კგ-იანი საბრძოლო ქობინი 2 მ სისქის რკინაბეტონის გარღვევას უზრუნველყოფს, ხოლო ჩვეულებრივ გრუნტში შეიძლება 24 მ სიღრმემდეც კი ჩააღწიოს და იქ აფეთქდეს...

ამ რაკეტის გაუმჯობესებული მოდიფიკაციის AGM-158 JASSM-ER (AGM-158В)-ის მოქმედების რადიუსი კი სტარტის ადგილიდან 980 კმ-მდეა გაზრდილი (რაკეტის ტურბორეაქტიული ძრავის მოდერნიზაციისა და საწვავის ორი დამატებითი ავზის დაყენებით), რაც რუსეთის გენერალიტეტს უდიდეს თავსატეხს უქმნის, რადგან შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე გაშვებული ასეთი ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ტამბოვამდეც აღწევენ.

სულ რაღაც 4 მ სიგრძის ფრთოსანი რაკეტის კორპუსი მთლიანად კომპოზიციური მასალისგანაა დამზადებული. ეს ძალზე აძნელებს მის ადრეულ აღმოჩენას მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების მიერ, მით უფრო, რომ ფრთოსანი რაკეტა 800-1000 კმ/სთ სიჩქარით დედამიწის რელიეფის გაყოლებაზე, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს.

პენტაგონის არსენალში 2 ათასზე მეტი ასეთი ზეზუსტი, მძლავრი და ძნელად აღმოსაჩენი ფრთოსანი რაკეტაა. მათი გაშვება თითქმის ყველა ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავს შეუძლია, რაც წმინდა სამხედრო ასპექტიდან გეოპოლიტიკაში გადადის, რადგან ამ რაკეტებს მოწინააღმდეგის კარგად დაცული მიწისქვეშა ბუნკერების უზუსტესად დაზიანებაც შეუძლიათ, მით უმეტეს, თუკი მათ ბირთვულ ქობინს დაუყენებენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
777
21 იანვარი 2021 20:27
შავ ზღვაზე ამერიკული საფრენი აპარატების გამოჩენა რუსეთისთვის შოკია.რუსეთი თუ გონს არ მოვა,მიიღებს დამსახურებისამებრ.ეს სახუმარო თემა არ არის.
რა გიხარია!
20 იანვარი 2021 06:56
მერე ეგ კარგია არა? მშვიდობისმყოფელო. რამე, რომ მოხდეს თუ ჰგონია, ან ერთი, ან მეორე, თავზე ხელს გადაგვისვამენ.
ზაზა
19 იანვარი 2021 21:19
აბა ბიჭო, პუტინმა რომ გაიგო თურმე თავს იხრჩობდა ისე შეშინებია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები