ტრამპი წავიდა, ბირთვული შეირაღების ხელშეკრულება გადარჩა? - კვირის პალიტრა

ტრამპი წავიდა, ბირთვული შეირაღების ხელშეკრულება გადარჩა?

5 თებერვალს ვადა გასდის რუსეთ-აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ორმხრივ ხელშეკრულებას New Start-ს, რომელიც სტრატეგიული შეტევითი შეირაღების შემდგომ შემცირებასა და შეზღუდვას ითვალისწინებს.

ამ, ორმხრივ ხელშეკრულებას 2010 წლის 8 აპრილს ხელი მოაწერეს აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა - ობამამ და მედვედევმა.

ხელშეკრულება ათი წლის ვადით დაიდო (იგი 2011 წლის 5 თებერვალს ამოქმედდა) და ითვალისწინებდა, რომ თითოეული მხარე 700 ერთეულამდე შეამცირებდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებისა და მძიმე ბომბდამშენების რიცხვს (მხარეებს უფლება რჩებოდათ, დამატებით რეზერვში 100-100 ზემოხსენებული შეიარაღების სახეობა ჰქონოდათ), ხოლო თავად სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინების რაოდენობა თითოეულისთვის არაუმეტეს 1 550 ერთეულით განისაზღვრა.

მაშინ, ათი წლის წინ, ეს მსოფლიოს მასშტაბის კარგ შეთანხმებად შეფასდა, რადგან  ბირთვული დაპირიპირების საფრთხე მთელი პლანეტის დონეზე შეამცირა.

და, აი, ამ ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელების ვადა ახლოვდებოდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ბოლო წუთამდე, ვიდრე თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დატოვებდა, ცოცხალი თავით ეწინააღმდეგებოდა მის გაგრძელებას.

პრეზიდენტ ტრამპის მთავარი და კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ, რომ ეს ორმხრივი ხელშეკრულება აუცილებლად სამხრივად გაგრძელებულიყო და მისი მესამე წევრი ის ჩინეთი გამხდარიყო, რომელიც ყოველწლიურად აუმჯობესებს და აძლიერებს თავის სტრატეგიულ ბირთვულ შეირაღებას.

ტრამპის კატეგორიულ მოთხოვნაში იყო ლოგიკის მარცვალი ამერიკელებისთვის, რადგან ჩინეთის სტრატეგიული ბირთვული შეირაღების უპირველესი სამიზნე სწორედ აშშ-ია, მეორე სამიზნედ შეიძლება ინდოეთი ჩაითვლოს, მესამე სამიზნეობას კი რუსეთმა გამოჰკრას ხელი, რადგან ჩინეთის 1,4 მლრდ-იანი მოსახლეობა ახალ, აუთვისებელ სივრცეს ეძებს, ხოლო რუსეთის აღმოსავლეთით დაუსახლებელი უზარმაზარი ტერიტორიებია...

პეკინმა, რა თქმა უნდა, უარყო ვაშინგტონის მოთხოვნა, აუცილებლად შეერთებოდა აშშ-ისა და რუსეთის ხელშეკრულებას სტრატეგიული ბირთვული შეირაღების შემცირებაზე და თანაც ძალიან ძლიერი არგუმენტით - ჯერ ამერიკელებმა და რუსებმა შეამცირეთ თქვენი ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ქობინების რიცხვი იმ რაოდენობამდე, რაც ჩინელებს გვაქვს და მერე ვისაუბროთ პარიტეტის დაცვაზეო... ამერიკული საკონტინენტთაშორისო 'მინუტმენის' გაშვების მომენტი

თავის მხრივ, რუსეთმაც მხარი დაუჭირა ჩინეთს და აშშ-ს სანაცვლოდ მოსთხოვა, მაშინ ახალ ხელშეკრულებაში უნდა ჩაერთოს ნატოს წევრი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც, რომლებსაც წყალქვეშა ნავებზე ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები აქვთ განთავსებულიო.

ტრამპმა თავის ოთხწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში აშშ გამოიყვანა ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ორმხრივი ხელშეკრულებიდან (ამის მიზეზი რუსული მხარის მიერ "ისკანდერებისთვის" 500 კმ-ზე შორს მფრენი რაკეტების მალულად შექმნა და განთავსება დასახელდა).

გარდა ამისა, კვლავ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, აშშ-მა დატოვა "ღია ცის" ხელშეკრულება, რომელიც პირველი "ცივი ომის" დამთავრების შემდეგ დაიდო და ითვალისწინებდა საინსპექციო-სადაზვერვო ფრენების შესრულებას ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების საჰაერო სივრცეებში.

ერთ-ერთი საბაბი, რის გამოც ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, უშუალოდ უკავშირდება საქართველოს, კერძოდ, რუსეთი "ღია ცის" ინსპექტორებს ნებას არ რთავდა, ეფრინათ არათუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის თავზე, არამედ - 10 კმ-მდე მიახლოებოდნენ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებს.

კრემლის მოტივი ის გახლდათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, თითქოს, "დამოუკიდებელი ქვეყნებია", რომლებიც არ მონაწილეობენ "ღია ცის" ხელშეკრულებაში და, შესაბამისად, მათი საჰაერო გადამოწმება დაუშვებელიაო...

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღესვე გავრცელდა თეთრი სახლიდან მასმედიისთვის საგანგებოდ გაჟონილი ხმები, რომ ბაიდენი დაეთანხმება პუტინს New Start-ის ორმხრივი ხელშეკრულების კიდევ 5 წლით გაგრძელებაზე. ალექსანდრე ნადირაძის 'ტოპოლი'

სტრატეგიული ბირთვული შეირაღების შემცირებისა და შეზღუდვის თემა ძალზე აქტუალური რჩება მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის და იდეალურ შემთხვევაში, თუკი მის კონტროლში ყველა ბირთვული სახელმწიფო ჩაერთვება, ამით დედამიწა მხოლოდ მოიგებს... დღეისთვის ბირთვული იარაღი და მისი გადამტანი საშუალებები გააჩნია აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, პაკისტანს, ინდოეთსა და ჩრდილოეთ კორეას. ისრაელი ოფიციალურად არ აღიარებს ბირთვული კლუბის წევრობას, თუმცა ეს მხოლოდ პოლიშინელის საიდუმლოა.

პ.ს. რუსეთის შეირაღებაში რჩება ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ 32 წლის წინ შექმნილი "ტოპოლის" ტიპის 36 სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტა, თიითოეული მათგანი აღჭურვილია 800 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ერთი ქობინით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს