ბეირუთში მხოლოდ 500 ტონა ქართული გვარჯილა აფეთქებულა, სად წავიდა დანარჩენი 2 200 ტონა? - კვირის პალიტრა

ბეირუთში მხოლოდ 500 ტონა ქართული გვარჯილა აფეთქებულა, სად წავიდა დანარჩენი 2 200 ტონა?

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის საზღვაო პორტში 2020 წლის 4 აგვისტოს "პატარა ჰიროსიმა" მოხდა - მართალია ატომური ბომბი არავის აუფეთქებია, მაგრამ პორტის ხანძარგაჩენილ საწყობებში ამონიუმის გვარჯილის მარაგების დეტონაციამ ქალაქის საპორტო ნაწილი დაანგრია, 200 კაცზე მეტი დაიღუპა, 400-მდე დაიჭრა, ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა...

მაშინ მალევე გაირკვა, რომ აფეთქებულ საწყობებში ინახებოდა 2 700 ტონამდე ამონიუმის გვარჯილა, რომელიც დამზადებული იყო საქართველოში, რუსთავის "აზოტის" მიერ და ჯერ კიდევ 2013 წლის 23 სექტემბერს ბათუმის პორტიდან მოზამბიკის მიმართულებით გაიგზავნა.

რუსმა კაპიტანმა გემის ღუზა, ტექნიკური პრობლემების მომიზეზებით, მოზამბიკის ნაცვლად ბეირუთის პორტში ჩაუშვა, ხოლო 15 ოქტომბერს ლიბანის ხელისუფლებამ გემი, მისი ეკიპაჟი და ტვირთი დააკავა.

საინტერესოა, რომ თითქმის შვიდი წლის განმავლობაში გემის გამოხსნა არც მისმა მფლობელმა, რუსმა ბიზნესმენმა სცადა და არც მოზამბიკელებმა მოიკითხეს 2 700 ტონა ქართული ამონიუმის გვარჯილა, რაც არცთუ ისე მცირე ღირებულების იყო.

ჩნდებოდა ეჭვი, რომ ათასობით ტონა ეს სასოფლო-სამეურნეო სასუქი, რომლის გამოყენება ფეთქებადი მასალების მისაღებადაც შეიძლება, შემთხვევით სულაც არ აღმოჩენილა მოზამბიკის ნაცვლად ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი - იმ ლიბანში, სადაც აღლუმი სწორედ "ჰეზბოლას" მიჰყავს...  უძლიერესი აფეთქების შედეგი ლიბანის დედაქალაქში

და, აი, ამ ეჭვის გამაძლიერებელ არგუმენტად იქცა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების ოფიციალური დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბეირუთის პორტის საწყობში აფეთქდა არა 2 700 ტონა ამონიუმის გვარჯილა, არამედ - მხოლოდ... 500 ტონა!

სად წავიდა დანარჩენი 2 200 ტონა ეს სასოფლო დანიშნულების, მაგრამ, ამასთანავე, ათასი ჯურის ტერორისტებისთვის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად სანუკვარი მასალა?

დასავლეთის ავტორიტეტულმა მასმედიის საშუალებებმა ჩაატარეს ჟურნალისტური გამოძიებები, რის შედეგად იკვეთება, დაახლოებით, შემდეგი სურათი - დიდი ალბათობით, საქართველოში წარმოებული ამონიუმის გვარჯილის ეს დიდი პარტია შეიძინა სირიის პრეზიდენტის - ბაშარ ასადის ხელისუფლებამ, მოზამბიკელი ფიქტიური მყიდველის საფარქვეშ (რასაც ქართული მხარე ვერანაირად გამოიცნობდა) - დასავლეთი კატეგორიული წინააღმდეგი იქნებოდა ფეთქებად მასალად გამოსაყენებელი ამ რაოდენობის ქიმიური პროდუქციის მიყიდვაზე ბაშარის იმ რეჟიმისთვის, რომელიც 2013 წელს სირიის სამოქალაქო ომში ძალზე აქტიურად იყენებდა ე.წ. კასრის თვითნაკეთ ბომბებს შვეულმფრენებიდან ოპოზიციის დასაბომბად და ამ ბომბების ძირითად შიგთავსს სწორედ ამონიუმის გვარჯილა შეადგენდა...

თუ ეს ვერსია რეალობასთან ახლოსაა, მაშინ საქართველოდან ვითომ მოზამბიკისკენ მიმავალი გემი შემთხვევით არ შეუყვანია ლიბანის დედაქალაქის პორტში რუს კაპიტანს ასევე რუსი გემის მფლობელის თანხმობით. ამონიუმის გვარჯილას ტერორისტები თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებშიც იყენებენ

ლიბანის პორტში "ჰეზბოლა", რომელიც საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული დასავლეთის ბევრი ქვეყნის მიერ, ყველაფერს აკონტროლებს და დაკავებული გემიდან 2 700 ტონა ქართული ამონიუმის გვარჯილის პორტის საწყობებში გადატვირთვის შემდეგ, "ჰესბოლას" საშუალებაც და დროც ბევრი ჰქონდა, რომ "უპატრონოდ" დარჩენილი ფეთქებადსაშიში ეს ქიმიური პროდუქცია ნელ-ნელა, სამოქალაქო ომში გახვეულ სირიაშიც გაეზიდა და თავისთვისაც გადაემალა.

მაგრამ ვის აწყობდა თუნდაც დარჩენილი 500 ტონა ამონიუმის გვარჯილის მაინცდამაინც ბეირუთის პორტში აფეთქება?

ჩემი ვარაუდით, ამ აფეთქების უკან შეიძლება იდგეს კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები, იმ კონკრეტული ქვეყნის, რომლისთვისაც "ჰესბოლა" უპირველეს მტერს წარმოადგენს და რომელმაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოახერხა მისთვის მთავარ ტერორისტულ დაჯუფებად მიჩნეული "ჰესბოლასთვის" ფეთქებადი მასალის მიღების წყარო გადაეკეტა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს