რატომ მოიპარეს ამერიკელებმა რუსული "პანცირი"... - კვირის პალიტრა

რატომ მოიპარეს ამერიკელებმა რუსული "პანცირი"...

გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელები არიან განთავსებული, რუსული წარმოების, "პანცირის" ტიპის საზენიტო დანადგარი აღმოაჩინეს...

სავარაუდო მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის მოპარვის წარუმატებელი თუ წარმატებული მცდელობები პირველი "ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა და აშშ-საც, გავიხსენოთ თუნდაც თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი რეაქტიული გამანადგურებლის - Як-23-ის გატაცებისა და აშშ-ში ფარულად ჩატანის საოცარი ისტორია (იხილეთ ამავე ბლოგში "საიდუმლო ოპერაცია "პროექტი ალფა", ანუ როგორ მოიპარეს ამერიკელებმა თბილისური "იაკი" ).

ახალი "ცივის ომის" დადგომის შემდეგ სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები დიდად არ შეცვლილა და სავარაუდო მოწინააღმდეგეები ისევ ცდილობენ, გაერკვნენ ერთმანეთის სამხედრო-ტექნიკურ საიდუმლოებებში.

ასე მოხდა აგვისტოს ომის დროს, როდესაც ფოთის პორტიდან გაყვანილი ამერიკული "ჰამვებიდან" ერთ-ერთს რუსი სპეციალისტები განსაკუთრებით ჩაჰკირკიტებდნენ, ახალი რადიოსადგურის გამო, და ასე გაგრძელდა ლიბიის ომშიც - ამერიკელებმა მთელი საიდუმლო ოპერაცია ჩაატარეს, სამოქალაქო ომში მყოფი ლიბიიდან რუსული წარმოების სარაკეტო-საქვემეხო საზენიტო დანადგარის - "პანცირის" მალულად გასატანად თავის სამხედრო ბაზაზე, გერმანიაში. ლიბიაში ნაალაფარი სწორედ ეს 'პანცირი' 'მოიპარეს' ამერიკელებმა

2019 წელს ლიბიის ნაციონალური არმიის (რომელსაც მარშალი ჰალიფა ჰაფთარი მეთაურობს) განკარგულებაში აღმოჩნდა რამდენიმე ასეთი საზენიტო "პანცირი", რომელიც "მანის" ტიპის სატვირთო ავტომობილის ძარაზე იყო დამონტაჟებული.

რუსული "პანცირები" სატვირთო "კამაზზე" ეწყობოდა, ხოლო "მანის" ძარაზე ის 50 ერთეული "პანცირი" აეწყო, რომელიც თავის დროზე არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა რუსეთისგან შეიძინა.

ლიბიის სამოქალაქო ომში არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ისევე, როგორც რუსეთი, ჰალიფა ჰაფთარს უჭერს მხარს და ამიტომაც არაა გასაკვირი ამ "პანცირების" ლიბიაში გამოჩენა, სადაც მათ რამდენიმე თურქული დრონიც კი ჩამოაგდეს.

2020 წლის გაზაფხულზე გაეროს მიერ აღიარებულმა ლიბიის ხელისუფლების შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული იერიშები განახორციელეს მარშალ ჰაფთარის არმიაზე და, სხვა საბრძოლო ტექნიკასთან ერთად, რამდენიმე "პანცირიც" ჩაიგდეს ხელში.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "თაიმსის" ინფორმაციით, ივნისში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 (Globemaster III) დაჯდა ტრიპოლთან ახლოს, აეროპორტში და მასში ჩატვირთეს ნაალაფარი "პანცირი", რომელიც რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გადააფრინეს. 30-ტონიანი 'პანცირის' 'მოსაპარად' ეს ამერიკული Boeing C-17 Globemaster III გამოიყენეს

ამ საიდუმლო მისიის ასახსნელად გავრცელდა მოსაზრება, რომ, თითქოს, ამერიკელი სამხედროები იმიტომ გაისარჯნენ, რომ "პანცირი" რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებას არ ჩაეგდო ხელში და სამგზავრო ლაინერებისთვის ხიფათი არ შეექმნა...

თუმცა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად საკმარისი იქნებოდა ერთი ხელყუმბარის შეგდება "პანცირის" მართვის პულტთან და არა - მთელი სპეციალური ოპერაციის ჩატარება მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის გამოყენებით.

ჩანს, ამერიკელი სპეციალისტები ეცდებიან, დეტალურად გაეცნონ რუსული წარმოების "პანცირის" ტექნიკურ საიდუმლოებებს, თუმცა ეს მცდელობა შეიძლება არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდეს, რადგან საექსპორტო "პანცირის" ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები განსხვავებულია იმ "პანცირებისგან", რომლებიც მხოლოდ რუსეთის არმიის შესაიარაღებლად მზადდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს