"პუტინი - ქურდი" - 100მლრდ რუბლის ღირებულების "სუპერ-სასახლე" რუსეთის პრეზიდენტისთვის" - ნავალნის მიერ აგორებული სახალხო პროტესტი მეორე კვირადღეა პუტინს მოსვენებას უკარგავს - კვირის პალიტრა

"პუტინი - ქურდი" - 100მლრდ რუბლის ღირებულების "სუპერ-სასახლე" რუსეთის პრეზიდენტისთვის" - ნავალნის მიერ აგორებული სახალხო პროტესტი მეორე კვირადღეა პუტინს მოსვენებას უკარგავს

ნუთუ რუსეთი იღვიძებს?!

ნავალნის მიერ აგორებული სახალხო პროტესტი მეორე კვირადღეა პუტინს მოსვენებას უკარგავს...

რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ თითქმის 10 ათას კმ-ზეა გადაჭიმული და როდესაც სახალინზე იღვიძებენ, მოსკოვში იძინებენ და პირიქით. რუსეთის სწორედ ეს უნიკალური თავისებურება მისი პრეზიდენტის - პუტინის დიდი თავსატეხი გახდა ჯერ 23, შემდეგ კი 31 იანვარს, როდესაც საპროტესტო გამოსვლებმა რუსეთის 150-მდე ქალაქი მოიცვა, დაწყებული ვლადივასტოკიდან, კალინინგრადით დამთავრებული.

"პუტინი - ქურდი" და "ფაშისტებო" - ეს ის ძირითადი ლოზუნგებია, რომელთაც რუსეთის ქალაქების ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი სკანდირებს.

"პუტინი-ქურდი" შეძახილები გამოწვეულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ნავალნის ჯგუფის მიერ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული ჟურნალისტური კვლევების შედეგად, რამაც რუსეთის მოსახლეობას (ვისაც სურს ამის დანახვა) აჩვენა, თუ რა დონეზეა კორუმპირებული მათი ქვეყნის ხელისუფლების მაღალი ეშელონები.

ნავალნის ბოლო გამოკვლევამ, რომელმაც შავი ზღვის სანაპიროზე, გელენჯიკთან, მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესი სასახლის შესახებ ამცნო საზოგადოებას, რუსეთი, ფაქტობრივად, ააფეთქა, რადგან ძალიან ბევრი დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ ეს, 100 მლრდ რუსული რუბლის ღირებულების "სუპერ-სასახლე", სწორედ რუსეთის პრეზიდენტისთვის შენდება.

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ "ნოვიჩოკით" მოწამლული და სასწაულად გადარჩენილი ნავალნი, გერმანიაში რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, მაინც დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა იცოდა, რომ მას დაიჭერდნენ. დღეს ნავალნი მოსკოვში, "მატროსკაი ტიშინას" ციხეში ზის და გისოსებიანი სარკმლიდან, როგორც ჩანს, ესმის მისი მომხრეების შეძახილები - "ფაშისტებო", რითაც დემონსტრანტები იმ პოლიციელებს, "ომონელებსა" და სპეცსამსახურების თანამშრომლებს ამკობენ, ვინც მათ ხელჯოხებით სასტიკად სცემს და "შავი ყორნებისკენ" - პატიმრების მანქანებისკენ მიათრევს.

სწორედ ეს შეძახილები - "ფაშისტებო", ბევრად უფრო საშიშია იმ პუტინისთვის, რომელსაც ქურდს ეძახიან, რადგან რუსეთის საზოგადოების ნაწილი მაინც იღვიძებს და ხედავს, რომ პუტინის რეჟიმის პოლიციელები, სპეცრაზმელები თუ სამხედროები მზად არიან შეასრულონ კრემლის ყველაზე დანაშაულებრივი ბრძანებებიც კი მათსავე - რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

დღეისათვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერის - ნავალნის რეაქცია 2008 წლის რუსულ სამხედრო აგრესიაზე, საქართველოს, ხოლო 2014 წლის შეტევაზე - უკრაინის წინააღმდეგ, არ იყო მისაღები არც ქართველებისთვის, არც - უკრაინელებისთვის, რადგან შოვინიზმით იყო გამსჭვალული და დიდად არ განსხვავდება თავად პუტინის პოზიციისგან.

მოგვიანებით, ნავალნიმ ორივე მიდგომა შეცვალა და ერთგვარად, ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ რუსეთში ჩნდება რაღაც ძალა, რომელსაც შეუძლია დარაზმოს რუსეთის მოსახლეობის თუნდაც მიზერული ნაწილი კრემლის რეჟიმის წინააღმდეგ.

ციხე შიგნიდან ტყდებაო, ნათქვამია, 23 იანვარს რუსეთის ქალაქებში ოთხი ათასამდე დემონსტრანტი დააკავეს, რაც რუსეთის უახლესი ისტორიისთვის რეკორდია და მათ ცემა-ტყეპა არ დააკლეს, 31 იანვრის დღის ბოლოსთვის, დაკავებულთა საერთო რიცხვი ახალ რეკორდზე გადის, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საპროტესტო მოძრაობა რუსეთში ღვივდება, თანაც ასეთი სიცივის დროს. გაზაფხულზე კი, დათბობისთანავე, მისი მასშტაბი ბევრად უნდა გაიზარდოს...

არეულობები სხვა ქვეყნებში და მით უმეტეს, სამეზობლოში, ჩვენს სიხარულს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ თუკი ეს ქვეყანა შენი ტერიტორიების ოკუპანტია და მუდამ გემუქრება, ხოლო ზუსტად ერთი საუკუნის წინ, კიდევაც დაგიპყრო მთლიანად და დამოუკიდებლობა წაგართვა, მაშინ რატომაც არა, დაე, თავადაც იწვნიოს ის, რასაც თავზე გვახვევს ბოლო 30 წელია...