100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით
100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თვით ყველაზე ძლიერმა და მდიდარმა ქვეყნებმაც კი ფინანსებისა და სხვა სახსრების დაზოგვა და ეკონომია დაიწყეს, რადგან პანდემიასთან ბრძოლამ უდიდესი დანახარჯი გამოიწვია.
ამ ფონზე ერთგვარ, საინტერესო მოვლენად იქცა ინფორმაცია, რომ ჩვენმა მეზობელმა თურქეთის რესპუბლიკამ სამხედრო დახმარების მიზნით, საქართველოს 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტი გამოუყო.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ თანხების ათვისება მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და მის ფარგლებში საქართველო თურქული წარმოების
აღჭურვილობას მიიღებს, ამასთან ერთად, დაგეგმილია მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია.

"შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის საფუძველზე, 100 000 000 (ასი მილიონი) თურქული ლირის აშშ დოლარში ეკვივალენტის (დაახლოებით 17 500 000) მიწოდების პრინციპებს. შეთანხმების თანახმად, გამოყოფილი სახსრებით სამხედრო მიზნებისთვის შეძენილი უნდა
იქნეს საქონელი და მომსახურება, სასურველია – თურქეთში მოქმედი, ადგილობრივი ფირმებისა და კომპანიებისგან, ასევე, უნდა მოხდეს მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის შესაბამისად.

ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას წერილობით უნდა აცნობოს პრიორიტეტული პროექტის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს საქონლის სპეციფიკაციებს, ტიპსა და ოდენობას. პასუხად თურქულმა მხარემ მას უნდა აცნობოს, რა თანხა იქნება ხელმისაწვდომი 100 000 000 თურქული ლირიდან. თანხა უნდა აითვისონ კონკრეტული პროექტებისთვის მისი გამოყოფიდან 5 წლის განმავლობაში,"- ნათქვამია თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში.

სამხედრო თანამშრომლობის სფეროში არსებული გრანტის ფარგლებში, 2020 წლის 27 ნოემბერს თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 ავტობუსი და 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი გადასცა.
ეს ოფიციალური ანკარის მხრიდან ქართული არმიისთვის გაწეული პირველი დახმარება როდია, საქართველო-თურქეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, მათ შორის - თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ქართული სპეცდანიშნულების დანაყოფის მომზადების სახით, რაც პარაშუტებით ხტომასაც ითვალისწინებდა.

შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში თურქულმა მხარემ გრანტის სახით ქართულ არმიას რამდენჯერმე გადასცა მაღალი გამავლობის მანქანები, აღჭურვილობა და ორი "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენიც კი.
ამასთან, თურქეთის სამხედრო და ჟანდარმერიის სასწავლებლებსა და აკადემიაში ქართული არმიის არა ერთმა ოფიცერმა გაიარა გადამზადება, ხოლო თურქი ინსტრუქტორები ასწავლიდნენ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური თავდაცვის მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამას...

მაგრამ მრავალწლიანი თურქული სამხედრო დახმარების პროცესში აშკარად იკვეთება თურქეთის გენერალიტეტის დიდი დაინტერესება იმით, რომ მარნეულის სამხედრო აეროდრომი მუდმივად მწყობრში იყოს.
თურქული სამხედრო გრანტებით მარნეულის სამხედრო აეროდრომი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში კაპიტალურად გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით, ბოლო თურქული გრანტიც, ასევე, ითვალისწინებს მარნეულის აეროდრომის შემდგომ მოდერნიზაციას. რატომ აინტერესებს თურქეთს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი საჰაერო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს?

საბჭოთა კავშირის დროს, პირველი "ცივი ომის" პერიოდში მარნეულის სამხედრო აეროდრომმა (რომელსაც საბჭოთა მფრინავები "სანდარის აეროდრომსაც" ეძახდნენ) თავი მთელ მსოფლიოში გაითქვა, რადგან 1981 წლის 18 ივლისს სწორედ ამ აეროდრომიდან აფრინდა Су-15ТМ გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი ზებგერითი თვითმფრინავი, რომლის პილოტმა საჰაერო ტარანით ჩამოაგდო თელ-ავივიდან თეირანისკენ მფრენი (ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ იყო დრო, როდესაც ისრაელი ირანს იარაღს აწვდიდა ამ უკანასკნელის ერაყთან ომის პერიოდში) არგენტინული ოთხძრავიანი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟმა ფრენის მარშრუტის შემოკლების მიზნით გზა მოჭრა და საბჭოთა სომხეთის თავზე აღმოჩნდა. ეს იყო რეაქტიული თვითმფრინავით განხორციელებული საჰაერო ტარანის პირველი შემთხვევა მსოფლიოში.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს მარნეულის სამხედრო აეროდრომი რუსულმა საბრძოლო ავიაციამ დაბომბა, რის შედეგადაც განადგურდა სამი Ан-2 ტიპის ბიპლანი და დაიღუპა რამდენიმე ქართველი სამხედრო.

2020 წლის ყარაბაღის მესამე ომის შემდეგ ნათელი გახდა თურქეთ-აზერბაიჯანის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, რასაც, დიდი ალბათობით, შეიძლება მოჰყვეს თურქული სამხედრო ბაზის შექმნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მათ შორის - საჰაერო ბაზის სახითაც.

ქართული მარნეულის სამხედრო აეროდრომი, რა თქმა უნდა, ვერ და არ განიხილებოდა თურქული სამხედრო ბაზის სახით, მაგრამ თურქული ფულით გარემონტებული ეს აეროდრომი წარმოადგენდა და წარმოადგენს ერთგვარ სათადარიგო აეროდრომს აზერბაიჯანისკენ და მით უმეტეს - შუა აზიის თურქულენოვანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისკენ მფრენი თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის.

დანარჩენი ჩვენი ორი სახმელეთო მეზობელი - რუსეთი და სომხეთი ნეგატიურად აღიქვავენ საქართველო-თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ დაახლოებას, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ ეს ცალკე, დიდი თემააა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ავთა.ავთა
21 მაისი 2021 09:57
მნიშვნელოვან მოქმედებას წინ საღი აზრი უძღვის ;;;ეგაა თქვენი საღი აზრი????
ებლაყუნებით
14 თებერვალი 2021 17:44
იგივე რუსებია. კარგად დაფიქრდით.
14 თებერვალი 2021 08:47
სანამ საკუთარი დაცვის ტრაკი არა გაქვს (ანუ კულტურულად - სახსრები არ გაგაჩნია), ფუჭი ლაყბობით თავს ვერ დაიცავ. ჭკუა თუ გაქვს სხვაგან მოძებნი დახმარებას, სანამ შენ საკუთარ თავდაცვის სისტემას აამოქმედებ თავისი ინფრასტრუქტურით, ჯოხებით და ქვებით ხომ არ დაიცავ თავს? როცა საჭირო იყო, დავით მეფემ ყივჩაღების დახმარება გამოიყენა. მისი კრიტიკოსები კი მისი ფეხის თითის ფრჩხილადაც არ ღირან.

რუბრიკის სხვა სიახლეები