უკრაინა თურქული დრონებით დონბასის გათავისუფლებას შეეცდება? - კვირის პალიტრა

უკრაინა თურქული დრონებით დონბასის გათავისუფლებას შეეცდება?

უკრაინის ოფიციალურ წრეებში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე ისინი Bayraktar TB2 ტიპის უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი სისტემის რამდენიმე კომპლექტს დამატებით შეიძენენ.

აქამდე უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში უკვე იყო 6 ერთეული Bayraktar TB2, რომლებიც კიევმა თურქეთში ჯერ კიდევ ყარაბაღის მესამე ომის დაწყებამდე შეიძინა, ხოლო ამ ომში აზერბაიჯანის მიერ მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით თურქული დრონების გამოყენების შემდეგ, უკრაინელ გენერლებს გაუჩნდათ დიდი იმედი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასშიც ისინი წარმატებით გამოიყენებენ Bayraktar TB2 -ებს.

მაგრამ რამდენად რეალურია უკრაინელი სამხედროების იმედები?

ყარაბაღის მესამე ომამდე თურქული Bayraktar TB2 -ების ინტენსიური საბრძოლო გამოყენება ხდებოდა სირიისა და ლიბიის შეირაღებულ კონფლიქტებში, სადაც თურქულმა დრონებმა მართლაც გამოიჩინა თავი და ათობით საზენიტო დანადგარი, ტანკი თუ ჯავშანმანქანა ააფეთქა, მაგრამ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმაც, საერთო ჯამში, არანაკლებ ორ ათეულამდე Bayraktar TB2 ჩამოაგდო.

თურქული დრონის მთავარ მოწინააღმდეგედ რუსული საზენიტო "პანცირი" აღიქმება. მათ დუელები უკვე გამართეს სირიასა და ლიბიაში, თუმცა ყარაბაღის ომის დროს სომხების შეირაღებაში ეს შედარებით თანამედროვე მობილური საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი არ ყოფილა, მათ საჰაერო თავდაცვას, ძირითადად, მოძველებული "ოსას" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარები ახორციელებდნენ. პანცირი-С1

საბჭოთადროინდელ "ოსას" თანამედროვე თურქულ "ბაირაქტართან" ორთაბრძოლაში დიდი მინუსი აღმოაჩნდა, რადგან მისი საზენიტო რაკეტა მხოლოდ 5 კმ სიმაღლეზე აღწევდა, მაშინ, როდესაც თურქულ დრონს 7-8 კმ სიმაღლიდან შეეძლო ლაზერული მართვის რაკეტით და ბომბით წერტილოვანი დარტყმით გაენადგურებინა ეს "ოსა"... Бук-М1

დონბასში ადგილობრივ სეპარატისტებს შეირაღებაში, ასევე, აქვთ "ოსასა" და "სტრელა-10" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, თუმცა მათ უკან ხომ რუსეთის არმია დგას, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ლუგანსკსა და დონეცკში გადაისროლოს ბევრად ძლიერი საზენიტო "პანცირები", "ტორები" თუ "ბუკები". 2014 წლის 17 ივლისს რუსეთიდან უკრაინის დონბასში ასე მალულად შეყვანილი რუსული "ბუკის" ეკიპაჟმა ხომ ჩამოაგდო მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" და 298 უდანაშაულო ადამიანის ცოდვა დაიდო. 2020 წლის 8 იანვარს კი ირანელებმა თეირანის აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული "ბოინგი" ჩამოაგდეს, რასაც 176 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. Тор-М1

უკრაინელ სამხედროებს აუცილებლად მოუწევთ ზემოთმოყვანილი გარემოების-რუსული ძლიერი საჯარისო საჰაერო თავდაცვის საშუალებების ფაქტორის გათვალისწინება, თუკი თურქული უპილოტო Bayraktar TB2 -ების მასობრივ გამოყენებას დააპირებენ დონბასის დასაბრუნებლად წამოწყებულ საბრძოლო ოპერაციებში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს