რისი გაკეთება მოასწრო ღარიბაშვილმა 18-თვიანი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში...
19-02-2021
რისი გაკეთება მოასწრო ღარიბაშვილმა 18-თვიანი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში...
თუკი პრემიერ-მინისტრის - გიორგი გახარიას გადადგომა აბსოლუტური მოულოდნელობა აღმოჩნდა თვით მმართველი გუნდისთვის, პარალელურ რეჟიმში, პრემიერ-მინისტრის სავარძლის შეთავაზება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის უფრო კანონზომიერად გამოჩნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გამოირჩეოდა შეუწყნარებელი დამოკიდებულებით "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და დღესაც, როდესაც უკიდურესად დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან, სავარაუდოდ, უფრო ხისტი ურთიერთობის ფორმატი აირჩია, რაც უფრო ესადაგება ღარიბაშვილის მართვის სტილს, ვიდრე - გახარიასას.

სად მიიყვანს ეს გზა
ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობას და, საერთოდ - საქართველოს, უახლოეს მომავალში დავინახავთ, ეხლა კი საინტერესო იქნებოდა, მცირედით შეგვეჯამებინა ირაკლი ღარიბაშვილის 18-თვიანი თავდაცვის მინისტრობის პერიოდი - რისი გაკეთება მოასწრო ან ვერ შეძლო მან ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფნისას...

2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრის
პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებდა, ეს ბევრისთვის სრულ მოულოდნელობად იქცა, რადგან აქტიური პოლიტიკიდან და თანაც - პრემიერ-მინისტრის უმაღლესი პოსტიდან წასული ღარიბაშვილის დაბრუნებას დიდ პოლიტიკაში თავდაცვის მინისტრად, ნაკლებად ელოდნენ, მას უფრო შინაგან საქმეთა მინისტრობას უწინასწარმეტყველებდნენ.

მაშინ, 2019 წლის შემოდგომაზე, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩენებამდე ერთი წლით ადრე, თავდაცვაში ღარიბაშვილის დანიშვნა, ხოლო შსს-ში გომელაურის დაბრუნება სუს-იდან, შემთხვევით არ მომხდარა, მმართველ გუნდს სჭირდებოდა ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე პირადი შემადგენლობის კეთილგანწყობის მოპოვება მოახლოებული მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ.

საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში, საერთო ჯამში, არანაკლებ 82 ათასი შტატია, რომელიც ბოლომდე არ არის შევსებული, მაგრამ 75-80 ათასი საარჩევნო ხმა, თუ ამას დავამატებთ მათი ოჯახის სრულწლოვან წევრებსაც (კიდევ დაახლოებით, 200 ათას ხმამდე), მართლაც სახუმარო რაოდენობა არ გამოდის და ქვეყნის ამომრჩეველთა საერთო სიის თითქმის 10%-მდე ადის...

თავდაცვის სფერო შედარებით ახალი იყო ღარიბაშვილისთვის, თუმცა ის ერთი წელი შსს-ს ხელმღვანელობდა, ორი წელი კი - პრემიერ-მინისტრის სავარძელი ეკავა და, ბუნებრივია, აუცილებლად ექნებოდა შეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებთან.

ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროში თავისი გუნდით მივიდა, თუმცა იმის თქმა, რომ მან დიდი საკადრო წმენდა ჩაატარა საშუალო რგოლში, არ შეიძლება, არადა, იყვნენ თავდაცვის მინისტრები, რომლებიც, დამლაგებლის ჩათვლით, ყველას ცვლიდნენ.

მისი მთავარი ამოცანა გახლდათ საპარლამენტო არჩევნებამდე გაეუმჯობესებინა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების თანამშრომლებისა და სამხედრო მოსამსახურეების, ასევე - მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობები, იქნებოდა ეს ხელფასის მომატება, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, ახალი ბინების მშენებლობა, ყაზარმების რემონტი თუ სასადილოებში მენიუების "გაგემრიელება", თუნდაც გაუყინავი ხორცის შეტანით...

აქ ჩამოთვლილიდან, 18-თვიანი ხელმძღვანელობის პერიოდში, მინისტრმა ღარიბაშვილმა ბევრი მიმართულების დაწყება მოასწრო, რაც კიდევაც აისახა საპარლამენტო არჩევნებზე, თუ ვის მისცა ხმა ჯარმა.
დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ შევარდნაძის პერიოდში, როდესაც დახურული საარჩევნო უბნები უშუალოდ სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე იყო შექმნილი, საარჩევნო ურნასთან მისვლამდე ნაწილის მეთაური ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ყაზარმაში მკაცრად "მოძღვრავდა", რომ ბიულეტინში აუცილებლად სახელისუფლო კანდიდატი შემოეხაზათ.
ეს მავნე ტენდეცია გაგრძელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, როდესაც წინასაარჩევნო, ასეთ "დამოძღვრებას", დაშინების ელემენტებიც დაემატა...

2020 წლის საპარლამეტო არჩევნებისთვის, საბედნიეროდ, გაუქმებული იყო სამხედრო ნაწილების დახურული საარჩევნო უბნები და ხმას ყველა თავის საცხოვრებელ ადგილას აძლევდა.

მხოლოდ ავღანეთში იყო გახსნილი ორი საარჩევნო უბანი, რომლებზეც გამოჩნდა, რომ თითქმის 900-კაციანმა ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა ხმა, ძირითადად, ხელისუფლებას მისცა, არადა, ორი წლით ადრე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა...

ღარიბაშვილის ტაქტიკამ, ქართული არმიის პირადი შემადგენლობის სოციალური პირობების გაუმჯობესების დაწყების სახით, მეტწილად გაამართლა, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად გასაგრძელებელია.
გარდა სოციალური საკითხებისა, დაიწყო შეირაღებისა და ტექნიკის გადაიარაღების პროცესიც, ქართული არმიის შეირაღებაში გამოჩნდა ახალი ავტომატური კარაბინები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარსატყორცნები.
განახლდა არმიის ავტოპარკი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტოტალური თავდაცვის დოქტრინის შესასრულებლად, რადგან საბრძოლო დანაყოფების სწრაფი გადასროლა უმნიშვნელოვანესია.
ღარიბაშვილმა, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, გაბედა და დაიწყო მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების რემონტი-მოდერნიზაცია, რითაც ქართულ სამხედრო ავიაციას სიცოცხლე გაუხანგრძლივა.

"დელტას" მიერ აწყობილი 40-მდე "დიდგორი" ბოლოსდაბოლოს გადაეცა ჯარს, მათი ინტენსიური ექსპლუატაციისა და ხარვეზების გამოვლენა-გაუმჯობესების მიზნით, რაც წესით, ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაკეთებულიყო.

თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი გახდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ "ოპოზიციის ტელევიზიებად" აღქმული საინფორმაციო გადაცემების იერიშის მუდმივი სამიზნე - პირდაპირ ეთერში მათი თითქმის ყოველკვირეული თავდასხმები თავდაცვის სამინისტროზე მოიცავდა კვების, აღჭურვისა და ტენდერების თემებს. შეიძლება ამ ბრალდებების გარკვეული საფუძვლები არსებობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ღიად იკვეთებოდა ჟურნალისტური მიკერძოების ფაქტებიც, რომელთა უკან ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინტერესებიც ჩანდა და ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან იმავე "ნაციონალური მოძრაობისთვის", ივანიშვილის შემდეგ, სწორედ ღარიბაშვილი წარმოადგენდა მთავარ მოწინააღმდეგეს მაშინაც, როდესაც მას მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა და ადვილი წარმოსადგენია, რა დაიწყება მას შემდეგ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ისევ პრემიერ-მინისტრი გახდება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
აპოლიტიკური
19 თებერვალი 2021 15:37
ვეთანხმები ბლოგში გამოთქმული პოზიციის პათოსს, მთლიანობაში ღარიბაშვილი კარგი თავდაცვის მინისტრი იყო (ყოველ შემთხვევაში გარედან დამკვირვებლის თვალით ასე ჩანს, სამხედრო არ ვარ). იმედია მომავალშიც უკეთესობისკენ წავა საქმე.
ეი ვასია
19 თებერვალი 2021 15:30
ვერაფრის.................. ნაცები ხელმძღვანელობაში ძველებურად, შეეხო რომელიმ,ეს ღარიბაშვილი ? არა.დასავლეთის საქრდლობა ნაცების თავშეყრის ბუდე.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?