მსოფლიოში უდიდეს საავიაციო ძრავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა და ამერიკული ქალაქი „დაბომბა“
მსოფლიოში უდიდეს საავიაციო ძრავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა და ამერიკული ქალაქი „დაბომბა“
მსოფლიოში უდიდეს საავიაციო ძრავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა და ამერიკული ქალაქი "დაბომბა"

წარმოიდგინეთ, რა საშინელი შეგრძნება ექნებოდათ დენვერიდან ჰონოლულუში მფრენ იმ მგზავრებს, რომლებიც სამგზავრო ლაინერის ილუმინატორებიდან უყურებდნენ, თუ როგორ წაეკიდა ცეცხლი ფრთისქვეშ ჩამოკიდებულ რეაქტიულ ძრავას და ჰაერში ნაწილებად დაიშალა...

არანაკლები შიშის შეგრძნება ქალაქ ბლუმფილდის იმ მაცხოვრებლებს ექნებოდათ, რომელთა ეზოში ჩამოვარდა და სახლს დაეცა ზემოხსენებული ძრავის უზარმაზარი დეტალი - სამ მეტრზე მეტი დიამეტრის, ძრავის ჰაერმიმღების გარსი...

ეს ავარია ცნობილი ამერიკული ავიაკომპანიის United
Airlines -ის Boeing 777 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს 21 თებერვალს დენვერის აეროპორტიდან აფრენისთანავე მალევე შეემთხვა, მაგრამ ეკიპაჟმა პროფესიონალიზმი გამოიჩინა და ცეცხლწაკიდებული და ფაქტობრივად, ჰაერში დაშლილი ერთი ძრავის გარეშე მოახერხა 300 ტონიანი ავიალაინერის უკან, დენვერის აეროპორტში მშვიდობინად დასმა, რითაც პანიკაში ჩავარდნილი 231 მგზავრის სიცოცხლე იხსნა.

ეს საავაციო
შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ ავარია შეემთხვა მსოფლიოში ყველაზე დიდი გაბარიტისა და სიმძლავრის მქონე General Electric GE90 ტურბოვენტილიატორულ რეაქტიულ ძრავას, რომლის დიამეტრი 3,4 მ-ია და გინესის წიგნის რეკორდსმენია. ადვილი წარმოსადგენია, რას განიცდიდნენ "ბოინგის" მარჯვენა ბორტის ილუმინატორებთან მიყუჟული მგზავრები, როდესაც ფრენის დროს მათ თვალწინ იშლებოდა 7 მ-ის სიგრძისა და 7,5 ტ მასის რეაქტიული ძრავა, თუმცა ამ საშინელი მომენტის გადაღება მგზავრებმა მოახერხეს და ინტერნეტით გაავრცელეს, რის შემდეგაც, უკვე ყველას ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ალბათ თმები ყალყზე დაუდგება და კიდევ ერთხელ შეეშინდება თვითმფრინავით მგზავრობის, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად საჰაერო ტრანსპორტი ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება.

ერთელ, ჩემს ბლოგში უკვე გავიხსენე, რომ 2008 წლის მაისის ბოლოს ერაყიდან თბილისში დაბრუნებისას, ჩვენს სატრანსპორტო "ჰერკულესს" მარჯვენა ფრთაზე ერთი ძრავა მწყობრიდან გამოუვიდა და ძალიან არასასიამოვნო იყო ილუმინატორიდან გაჩერებული საჰაერო ხრახნის ყურება, თუმცა "ჰერკულეს" ოთხი ძრავა აქვს და ეს ნაკლებად საშიში გახლდათ, ამერიკულმა ეკიპაჟმა უპრობლემოდ განახორციელა ავარიული დაშვება ერაყის ბალადის აეროდრომზე.

ამ შემთხვევაში კი სამგზავრო "ბოინგს" მხოლოდ ორი ძრავა ჰქონდა, რომელთაგან ერთი ჰაერში დაიშალა და თანაც, ცეცხლი ეკიდა და ავიაკატასტოფის ძალიან დიდი საფრთხე არსებობდა, თუმცა "ბოინგ 777" სწორედ იმიტომ არის უნიკალური სამგზავრო თვითმფრინავი, რომ ის ძალიან შორ მანძილებზე საფრენადაა განკუთვნილი, მათ შორის, ოკეანის თავზე - მას ეკუთვნის 21,6 ათასს კმ-ზე სამგზავრო თვითმფრინავის ძირსდაუშვებლად ფრენის მსოფლიო რეკორდიც, რასაც განაპირობებს სწორედ მისი უნიკალური ტურბოვენტილიატორული ორი უძლიერესი ძრავა - ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, მეორე ძრავას შეუძლია სამ ასეულ ტონიან თვითმფრინავს რამდენიმე საათიანი ფრენა გააგრძელებინოს.

1993 წლიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე სხვადასხვა მოდიფიკაციის, სულ 1653 ცალი "ბოინგ 777" იყო წარმოებული, რომელთაგანაც 8 ერთეული ავიაკატასტროფებსა და სერიოზულ ავარიებს შეეწირა. საერთო ჯამში ამ შემთხვევების შედეგად 540 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის ამ რაოდენობის უდიდესი ნაწილი, 2014 წლის 8 მარტს ინდოეთის ოკეანის თავზე უკვალოდ გამქრალი მალაიზიური "ბოინგ 777"-ისა (მის ბორტზე მყოფი 239 ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება) და იმავე, 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის თავზე რუსული საზენიტო "ბუკით" ჩამოგდებული, ასევე მალაიზიური "ბოინგის (დაიღუპა 298 ადამიანი) ხარჯზე მოდის. ამასთან "ბოინგ 777"-ის გატაცება ტერორისტებმა სამჯერ სცადეს, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცეცხლწაკიდებულძრავიანი "ბოინგი" აეროდრომზე დასაშვებად ემზადება



ილუმინატორებიდან მგზავრებს ასეთი "სასიამოვნო" სანახაობა ეშლებოდათ...



ამ სახლის მაცხოვრებელი მსოფლიოში უდიდესი რეაქტიული ძრავის გარსაცმლის უნებლიე "მფლობელი" გახდა...


იხილეთ ვიდეო:

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები