ფაშინიანს "ისკანდერს" შესწირავენ? ანუ შეიძლება თუ არა ასე ნაქები რუსული "ისკანდერი" მხოლოდ 10%-ით აფეთქდეს?!
26-02-2021
ფაშინიანს "ისკანდერს" შესწირავენ? ანუ შეიძლება თუ არა ასე ნაქები რუსული "ისკანდერი" მხოლოდ 10%-ით აფეთქდეს?!
ყარაბაღის მესამე ომის წაგებიდან მეოთხე თვე სრულდება, მაგრამ სომხეთში დაძაბულობა არათუ იკლებს, არამედ - პიკს აღწევს. სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სატელევიზიო ინტერვიუს ერთ-ერთმა ფრაზამ, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის მიერ გადაცემული, ასე ნაქები "ისკანდერების" რაკეტები ან არ ფეთქდებოდა, ან ფეთქდებოდა მხოლოდ 10%-ით...

პრემიერის ამ სატელევიზიო გამოსვლის კომენტირებისას სომხეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პირდაპირ ეთერში იცინა და განაცხადა, რომ ტექნიკურად შეუძლებელია, რაკეტა მხოლოდ 10%-ით ფეთქდებოდესო.
გენშტაბის
უფროსის პირველი მოადგილისგან სახალხოდ დაცინვა პრემიერმა ვერ აიტანა და იმავე დღეს მიმართა პრეზიდენტს ამ მაღალჩინოსანი სამხედროს გადაყენების შესახებ, პრეზიდენტმაც მაშინვე დააკმაყოფილა პრემიერის თხოვნა და... ამის შემდეგ დაიწყო თუ დაიწყო...

მეორე დღესვე სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსმა და 39-მა, ყველა მაღალჩინოსანმა სომეხმა გენერალმა და პოლკოვნიკმა გამოაქვეყნა წერილი,
სადაც დაგმო გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილის ასე მოხსნა და კატეგორიულად მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა!
როდესაც სამხედრო ელიტა ქვეყნის მეთაურის ასე სახალხოდ გადადგომას ითხოვს, ამას უკვე სამხედრო გადატრიალების სუნი ასდის!
აქამდე თუ ფაშინიანის გადადგომას, ძირითადად, ოპოზიცია ითხოვდა, მას უკვე სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოფიციალური სტრუქტურა - შეირაღებული ძალების გენშტაბი და საარმიო კორპუსების მეთაურებიც დაემატნენ, ეს კი ფაშინიანისა და მისი არცთუ ისე მცირე მომხრეებისთვის სერიოზულესი პრობლემაა...

სანამ სომხეთის დედაქალაქში ერთმანეთს უპირისპირდებიან ფაშინიანის მოწინააღმდეგები და მომხრეები, გავარკვიოთ, ისეთი რა თქვა ფაშინიანმა "ისკანდერზე", რომ ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია არა მარტო სომხეთში, არამედ - რუსეთშიც?
რუსეთში ძალიან მტკივნეულად აღიქვეს ფაშინიანის მიერ "ისკანდერის" კრიტიკა და ვისაც არ დაეზარა, სომხეთის პრემიერის სახელი ტალახში ამოსვარა. რუსი სამხედრო ექსპერტები ფაშინიანს ტექნიკურად გაუნათლებელს და უცოდინარს უწოდებდნენ, რადგან მათი მტკიცებით, შეუძლებელია, "ისკანდერი" მხოლოდ 10%-ით აფეთქდესო, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი უფრო შორს წავიდა და ამტკიცებდა, ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთს საერთოდ არ გამოუყენებია "ისკანდერებიო" (სწორედ ეს რუსი გენერალი იფიცებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რომ გორის თავზე "ისკანდერი" არ აფეთქებულაო).

ჯერ იმაზე შევჯერდეთ, გამოიყენა თუ არა სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ "ისკანდერის" ტიპის ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც მოსკოვმა ერევანს 2016 წლის, ყარაბაღის მეორე, ოთხდღიანი ომის შემდგომ გადასცა, ერთგვარი მორალური კომპენსაციის სახით.
alt
ამ ბლოგში 2020 წლის 11 ნოემბერს გამოვაქვეყნე სტატია სათაურით - "კაპიტულაციამდე სომხეთს "ისკანდერის" ორი რაკეტის გაშვება მოუსწრია...", სადაც დავდე ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები, სადაც სომეხი ჯარისკაცების უცენზურო შეძახილების ფონზე ჩანს "ისკანდერის" ორი რაკეტის სტარტის მომენტი.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სომხეთის გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის არაოფიციალური გამონათქვამიდან, სადაც ის ჰყვება, რომ ომის დაწყებიდან მესამე დღეს მან ფაშინიანს შესთავაზა "ისკანდერების" გაშვება აზერბაიჯანის ორი სტრატეგიული ობიექტის, მათ შორის - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დასაზიანებლად, მაგრამ პრემიერმა აკრძალა, თუმცა რუსული მხარე ყაბულს იყო - თქვენი ომია და თქვენი საქმეაო. ქალაქ შუშის დაცემამდე სამი დღით ადრე გენშტაბის უფროსი კიდევ აპირებდა ორი "ისკანდერის" გაშვებას შუშის მისადგომებთან თავმოყრილი აზერბაიჯანის დანაყოფების გასანადგურებლად, მაგრამ თითქოს ფაშინიანმა კვლავ შეაჩერა გენშტაბის უფროსი იმ მოტივით, რომ მსოფლიო საზოგადოება დაგვწყევლის მოწინააღმდეგის ათასობით ჯარისკაცის ერთბაშად მოკვლისთვისო. გენშტაბის უფროსის თქმით, მან ომის ბოლოს მაინც გასცა ბრძანება "ისკანდერების" გაშვებაზე უშუალოდ ქალაქ შუშის მიმართულებით, რომელიც უკვე აზერბაიჯანელებს ეკავათ... (ეტყობა, სწორედ შუშის მიმართულებით გაშვებული ამ ორი "ისკანდერის" სტარტია ასახული ვიდეორგოლში).

გამოდის, რომ რუსი გენერლები, ტრადიციულად, ისევ ტყუიან და სომხეთმა მართლაც მოასწრო არანაკლებ ორი "ისკანდერის" გამოყენება აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ "ისკანდერების" საბრძოლო ეფექტიანობით სომხეთის პრემიერი ფაშინიანი დიდად უკმაყოფილო დარჩა, როდესაც განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ 10%-ით თუ აფეთქდნენო...
მიუხედავად იმისა, რომ რუსმა სამხედრო ექსპერტებმა ფაშინიანი ტექნიკურად გაუნათლებლად ჩათვალეს, შეიძლება თავად ეს რუსი ექსპერტები ცდებოდნენ და ფაშინიანი მართალი იყოს, რადგან "ისკანდერის" საბრძოლო ქობინის მხოლოდ 10%-თ აფეთქება ტექნიკურად აბსოლუტურად დასაშვებია, თუკი "ისკანდერი" აღჭურვილია არა მსხვრევად-ფუგასური მოქმედების, არამედ - კასეტური, ქვეითსაწინააღმდეგო საბრძოლო ქობინით ანუ ისეთით, როგორიც რუსეთმა აგვისტოს ომის დროს გორის მიმართულებით გამოუშვა...

"ისკანდერის" კასეტურ საბრძოლო ქობინში განთავსებულია 54 ერთეული საბრძოლო ელემენტი, რომელიც მიწაზე დაცემამდე, 10 მ-ის სიმაღლეზე ფეთქდება.
თუკი სომხეთმა ქალაქ შუშაში შესული აზერბაიჯანელი ქვეითების გასანადგურებლად მართლაც ორი "ისკანდერი" გაუშვა, ისინი ყველაზე დიდი ალბათობით სწორედ ქვეითთა საწინააღმდეგო 54-ელემენტიანი კასეტური ქობინებით იქნებოდნენ აღჭურვილი და თუკი თითოეული რაკეტის 54 საბრძოლო ელემენტიდან მხოლოდ 5-5 აფეთქდა, მაშინ ეს სწორედ 10%-იან საბრძოლო ეფექტიანობაზე თუ მიუთითებს!

ის, რომ საბჭოთადროინდელი ან, სულაც, რუსეთის წარმოებული საავიაციო ბომბები და რაკეტები ხშირად არ ფეთქდებოდა, აგვისტოს ომის დროსაც დავრწმუნდით. ამ ბლოგის ავტორს თავისი ხელით აქვს შეგროვებული აუფეთქებელი საბრძოლო ელემენტები, რომლებიც რუსული კასეტური საბრძოლო ქობინებიდან იყო გაფანტული... შეგროვებული აუფეთქებელი და ძალიან საშიში ეს საბრძოლო მასალა შემდეგ ჩვენმა გამნაღმველებმა გაუვნებელყვეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ირაკლი ალადაშვილი
27 თებერვალი 2021 22:01
ყველას დიდი მადლობა ამ სტატიით დაინტერესებისა და კომენტარების გაკეთებისთვის!

პატივცემულ დამკვირვებელს.
ნამდვილად არ შევმცდარვარ,რადგან ერთი დანადგარი,ერთმანეთის მიყოლებით უშვებს ორ რაკეტას(გთხოვთ ამ ცუდი ხარისხის ვიდეოს უფრო დეტალურად დააკვირდით).ორი რაკეტა კი მხოლოდ „ისკანდერზეა“ დამონტაჟებული, „ტოჩკა-უ“-სა და „ელბრუსზე“(იგივე „სკადზე“) მხოლოდ ერთი რაკეტაა განთავესბული.
პატივცემულ სოსოს.
2008 წლის მაისის ბოლოს დუბლინში (ირლანდია)მიღებული იქნა კონვენცია კასეტურ საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით,რომელიც კრძალავს მათ გამოყენებას,თუმცა მას დღემდე 108 ქვეყანა თუ შეურთდა,რომელთა შორის არ არიან აშშ,რუსეთი,ჩინეთი,ინოეთი,პაკისტანი თუ ისრაელი.
კასეტური იარაღის არ გამოყენებაზე ხელი არ მოუწერია არც ჩვენ საქართველოს,ისევე,როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს.
პ.ს. შეიძლება შრაპნელი კასეტური იარაღის წინაპრად ჩაითვალოს,მაგრამ 1993 წლის 15-16 მარტის სოხუმზე შემოტევისას, სწორედ მან უკუაგდო მოწინააღმდეგე და უდიდესი დანაკარგი მიაყენა ახალჩამოყალიბებულ „ბაგრამიანის ბატალიონს“-ქართველმა არტილერისტებმა( მათ შორის ჰაუბიცების გათვლებმა,ჩემმა თანამებრძოლებმა) მაგრად იმუშავეს...

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
დამკვირვებელი
27 თებერვალი 2021 15:56
გამარჯობათ ბატონო ირაკლი, თქვენ ალბათ იმ ვიდეოზე ამბობთ სადაც სომხებმა ორი რაკეტა ერთსროულად გაუშვეს მოღრუბლურ ამინდში, თქვენ ამჯერად შეცდით, ეს რაკეტები იყო არა ისკანდერი არამედ ნანლებად ცნობილი რაკეტა ელბრუსი, ხოლო ვიდეო ინტერნეტში დაიდო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში როდესაც შუშა ან შუში, სომხების ხელში იყო.
gia
27 თებერვალი 2021 03:11
ირაკლი ძალიან კარგი სტატიაა. ვისურვებდი რუსეთი კავკასიურ ბაზებზე, ამ ბაზების შეარაღებაზე და ჯარისკაცების რაოდენობაზეც გაგეკეთებინა სტატია.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?