ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი…
ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი…
ბოლო ხუთი წელი აეროდრომს მიჯაჭვული და უკვე საჯართედ გამეტებული ქართული მოირიშეებიდან პირველმა გარემონტებულმა ჰაერში გაინავარდა...
შეუძლებელია არ გახსოვდეთ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მხატვრული ფილმიდან "შერეკილებიდან", ეს ფრთიანი ციტატა: ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი, შე გალსტუკიანო პეპელა?!

როგორც მაშინ არ სჯეროდათ ქრისტოფორესა და ერთაოზის "ცათმფრენის" აფრენა, ისე დღეს ბევრი კრიტიკულად იყო განწყობილი - რაღად გვინდა ეს საბჭოთადროინდელი, დაძველებული მოიერიშე თვითმფრინავები, ვერ ხედავთ მთელი მსოფლიო უპილოტოებსა და მეხუთე თაობის გამანადგურებლებზე გადადისო...

მეხუთე თაობის საბრძოლო
თვითმფრინავის შეძენა საქართველოს მიერ, ეს ფანტასტიკის ჟანრსაც კი სცდება, რაც შეეხება სხვადასხვა დანიშნულების დრონებით ქართული არმიის აღჭურვას, ამაზე არავინ კამათობს, თუმცა არც ეს ნიშნავს აპრიორად იმას, რომ რაც გვაქვს შემორჩენილი - მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების სახით, არ მოვიყვანოთ საბრძოლო მდგომარეობაში და ჯართისთვის გავიმეტოთ.

6
მარტს, თბილისის საავიაციო ქარხნის "ველის" აეროდრომიდან პირველი გაფრენა განახორციელა "დელტასა" და "თბილავიამშენის" მიერ გარემონტებულმა პირველმა ქართულმა მოიერიშემ.

საგულისხმოა, რომ ეს ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო "სუ-25უბ"-ს ვარიანტი იყო, რომლის პირველ რიგში გარემონტება ლოგიკურად მოჩანს, რადგან სანამ დანარჩენ მოიერიშეებსაც გაარემონტებენ (დასავლური ღია წყაროების თანახმად საქართველოს თავდაცვის ძალების შეირაღებაში ირიცხება 12 ერთეული "სუ-25" ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის მოიერიშე თვითმფრინავი) ქართველ სამხედრო მფრინავებს აუცილებლად სჭირდებათ ამ მოიერიშზე ფრენის უნარ-ჩვევების აღდგენა რამდენიმეწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ.

ზოგმა, განსაკუთრებით კი რუსეთიდან შეიძლება ნიშნისმოგებით ისიც თქვას, რომ რა გიხარიათ ქართველებს, ეგ ორადგილიანი "სუ", რომელიც გაარემონტეთ, ხომ თავის დროზე რუსეთში, ულან-უდეს ქარხანაშია გამოშვებული და არა თქვენთან, თბილისში აწყობილიო...

საბჭოთა პერიოდში, თბილისის საავიაციო ქარხანა 1978 წლიდან მართლაც მხოლოდ ერთადგილიან საბრძოლო "სუ-25"-ს აწყობდა (გამოშვებულია ათასამდე ამ ტიპის თვითმფრინავი), ხოლო ულან-უდეში "სუ"-ს ორადგილიან სასწავლო-საბრძოლო ვარინტებს ამზადებდნენ(იქ 250-მდე ორადგილიანი "სუ" ააწყვეს), მაგრამ 6 მარტს, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, სწორედ თბილისის საავიაციო ქარანაში, 90-იანი წლების დასაწყისში აწყობილი ორადგილიანი მოიერიშე აფრინდა - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენმა ქარხანამ საბრძოლო ვარიანტებთან ერთად რამდენიმე ორადგილიანი მოიერიშეც დაამზადა და საზღვარგარეთ გაყიდა, სხვათაშორის ისინი უფრო ძვირად ფასობენ, ვიდრე ერთადგილიანები, რადგან საბრძოლო ამოცანის შესრულებაც შეუძლიათ და მათზე მფრინავების გადამზადებაც ხორციელდება.

რომ დავუბრუნდეთ ქართული მოიერიშეების აღდგენის ანუ გარემონტება-მოდერნიზაციის პროგრამას, მისი კრიტიკოსების ძლიერი არგუმენტი იმაშია, რომ რუსეთმა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, რაც ქართულ საბრძოლო ავიაციას მოქმედების საშუალებას არ მისცემს...

სამწუხაროდ, სიტუაცია მართლაც მნიშვნელოვნადაა შეცვლილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ და ისე დაუსჯელად რუსული ჯავშანკოლონის დაბომბვა, როგორც ეს ჩვენი "სუ-25"-ის პილოტებმა 8 აგვისტოს დილას განახორციელეს ჯავასთან, დღეს უკვე ძნელად შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ, როგორც იტყვიან, მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია...

ქართული მოიერიშეების ტექნიკური აღდგენისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შემდეგ, გენერალიტეტს გაუჩნდება საშუალება დაგეგმოს სარაკეტო-საბომბო დარტყმის მიყენების საჰაერო ოპერაცია ბაზირების აეროდრომიდან 300-400 კმ-ის რადიუსში (საწვავის დამატებითი ჩამოსაკიდი ავზების ფაქტორის გათვალისწინებით), რაც კოპიტნარის აეროდრომიდან მთლიანად დასავლეთ საქართველოს მოიცავს ოკუპირებული აფხაზეთის ჩათვლით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ბაზირების აეროდრომებად გამოდგება მარნეულის თუ თავად თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომიც.
მოწინააღმდეგეზე საბრძოლო ზემოქმედების რამდენიმე ასეულკილომეტრიანი "გრძელი მუშტის" აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია იმ ქართული არმიისთვის, რომელსაც დღეს მტრის დაზიანება-განადგურება საარტილერიო ცეცხლით მხოლოდ 45 კმ-მდე თუ შეუძლია...

მაგრამ მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო მზადყოფნაში დაბრუნება და ეფექტიანად გამოყენება აუცილებლად მოითხოვს ახალი ტაქტიკური გეგმების შემუშავებას, რეგიონსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სავარაუდო მოწინააღმდეგის მიერ მეტ-ნაკლებად გაძლიერებული ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის მოწყობასთან დაკავშირებით.
ამ მხრივ ერთ-ერთი გამოსავალი, საბრძოლო ფრენების რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე და მთა-გორიანი რელიეფის მიყოლებით განხორციელებაა, რათა მოწინააღმდეგის რადიოლოკაციურმა საშუალებებმა ადრეულად ვერ მოახერხონ მათი აღმოჩენა და საპასუხო მოქმედებებისთვის მომზადება, თუმცა ეს ქართველი სამხედრო მფრინავებისგან ძალიან მაღალ ოსტატობას მოითხოვს, რისთვისაც თავის მხრივ საჭიროა ძვირადღირებული სასწავლო ფრენები პრაქტიკული სროლების ჩათვლით პოლიგონებზე.

ცალკე საკითხია, აღდგენილი ქართული მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი (ასევე სატრანსპორტო) შვეულმფრენების აუცილებელი აღჭურვა რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე აპარატურით, რომლებსაც შეეძლებათ მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური და სითბური დამიზნების "მიწა-ჰაერის" და "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტების სტარტის დროული აღმოჩენა და მათი გამიზვნის სისტემებისთვის აქტიური სითბური და რადიოელექტრონული ხარვეზების შექმნა შეტევის ჩასაშლელად.

პ.ს. 1992 წლის 19 სექტემბსერს, ამ ბლოგის ავტორი, მაშინ დამწყები სამხედრო ჟურნალისტი, ვესწრები თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომიდან ქართველი მფრინავების მიერ განხორციელებულ პირველ ფრენებს "სუ-25" მოიერიშე თვითმფრინავებით. ეს დღე ქართული სამხედრო ავიაციის დაბადების თარიღად ჩაიწერა...
იმედია, 2021 წლის 6 მარტი ქართული სამხედრო ავიაციის აღდგენისა და "მეორე სიცოცხლის" მიცემის დღედ იქცევა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
eMission
10 მარტი 2021 17:51
levani-ს. მესმის და გარკვეულწილად გეთანხმებით კიდევაც, ერთი შენიშვნით: ავიაცია და საერთოდ ჯარი მშვიდობიანობის დროსაც "გვიცავს". მათი სათანადო ფორმაში და რაოდენობაში ყოლა, ხშირად ომის არ დაწყების მიზეზია.
levani
10 მარტი 2021 13:25
პიარისტვის და სასწავლოდ კი გამოდგება,შეიძლება ხანძრებისთვისაც, ახლა ერთი 10 წელი იმედია შეიარაღებულ დაპირისპირებას ავირიდებთ როგორმე. ამ რესურსით და მდგომარეობით არავისთან შანსი არ გვაქვს და მერე ვინ იცის. ესენი ახლაც ძველთაძველია დამერე ივარგებს. არც ენერგიის და არც ფულის ჯარჯვად არ ღირს ესენი საერთო ჯამში
eMission
09 მარტი 2021 22:57
მადლობა ირაკლის ქართული სამხედრო ავიაციის პოპულარიზაციისთვის. მომავალში თუ ამ ჩიტების დაცვას რამდენიმე თანამედროვე გამანადგურებლითაც შევძლებთ, ბედნიერი ვიქნები. :-)

რუბრიკის სხვა სიახლეები