ქართული არმია პენტაგონს უსწრებს... გენდერულ საკითხში - კვირის პალიტრა

ქართული არმია პენტაგონს უსწრებს... გენდერულ საკითხში

პრეზიდენტი ბაიდენი ქალი გენერლების დაწინაურებას აპირებს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის უკვე გავლილი გზაა, რადგან ქალი თავდაცვის მინისტრიც უკვე გვყავდა და ქალი გენერალიც არ გვაკლია...

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეიარაღებული ძალების ორ უმაღლეს თანამდებობაზე ქალები დაასახელა. ამ დრომდე მსგავსი რანგის პოსტზე ამერიკაში მხოლოდ ერთ ქალს უმსახურია. ამერიკის საჰაერო ძალების გენერალი ჟაკლინ ვან ოვოსტი ერთადერთი ოთხვარსკვლავიანი ქალი გენერალია. ის ტრანსპორტირების მიმართულების მთავარსარდალი იქნება.

სამვარსკვლავიანი გენერალი ლაურა რიჩარდსონი კი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს და მეოთხე ვარსკვლავს მიიღებს. თუკი სენატი მათ ნომინაციებს დაამტკიცებს, ვან ოვოსტი და რიჩარდსონი, ლორი რობინსონის შემდეგ პირველი ქალები იქნებიან, ვინც ასეთ მაღალ სამხედრო პოზიციებს დაიკავებენ. რიჩარდსონი 2018 წელს პენსიაზე გავიდა.

"თითოეულმა ამ ქალმა საკუთარი კარიერის განმავლობაში წარმოაჩინა შეუდარებელი უნარები, პატიოსნება და ერთგულება ქვეყნისადმი", - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ ორი გენერლის წარსადგენი მოკლე გამოსვლისას, ორშაბათს, თეთრ სახლში.

"დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა და ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ და აღვნიშნოთ ამ ქალების მიღწევები, რომლებმაც ბარიერები დაამსხვრიეს", - განმარტა მან.

ამერიკის შეიარაღებულ ძალებს სულ 11 მთავარსარდალი ჰყავს. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტია. 11-ივე სარდალი ოთხვარსკვლავიანი გენერალია.

ჟაკლინ ვან ოვოსტი

აი, ასეთი ინფორმაცია გაავრცელა "ამერიკის ხმამ" ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაც იმას მეტყველებს, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა არმიასთან მიმართებაში კარდინალურად შეცვალა. ამის მაგალითია თავდაცვის მდივნად (იგივე - მინისტრად) აფროამერიკელი, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერლის, ლოიდ ოსტინის დანიშვნა თუ ქალი გენერლების სამხედრო კარიერის დაჩქარება.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავებისთანავე განახორციელა, ეს ტრანსგენდერებისთვის ამერიკულ არმიაში სამსახურის გავლის უფლების მიცემა გახდა.

ტრანსგენდერების თემა აშშ-ის არმიისთვის სახუმარო საკითხი არ გახლავთ - ათწლეულების განმავლობაში პენტაგონი ახორციელებდა პოლიტიკას "არ ჰკითხო-არ თქვა" ანუ ტრანსგენდერებს შეეძლოთ არმიაში მსახური, მაგრამ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია არ უნდა გაესაჯაროებინათ და არც არავის უნდა დაესვა მათთვის კითხვები ამ საკითხზე. ლაურა რიჩარდსონი

ბარაკ ობამამ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში გარისკა (გარისკა იმიტომ, რომ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების არცთუ ისე მცირე ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია) და გამოსცა ბრძანება, რომელიც ტრანსგენდერებს აძლევდა უფლებას, ღიად ემსახურათ შეირაღებულ ძალებში და არ დაემალათ თავიანთი სექსუალური ორიენტაციები.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, 2018 წლის მარტში, მან ტრანსგენდერებს აუკრძალა არმიაში მსახური, განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ "იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც "გენდერული "დისფორიის" დიაგნოზი აქვთ, განსაკუთრებული სამედიცინო მოვლა სჭირდებათ, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენსო".

პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მაშინდელი თავდაცვის მინისტრის - ჯეიმს მეტისის რეკომენდაციით მიიღო, რადგან იმ მომენტისთვის აშშ-ის შეირაღებულ ძალებში 8 980 ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურე იყო ოფიციალურად რეგისტრირებული, ეს რაოდენობა კი ორი ქვეითი ბრიგადის დაკომპლექტებისთვისაც კი საკმარისია...

ტრამპი-რესპუბლიკელის საწინააღმდეგოდ, ბაიდენი-დემოკრატი ამერიკულ არმიაში უფრო ლიბერალურ წესებს ამკვიდრებს, თუმცა ქართულ არმიას მაინც ჩამორჩება...

აფროამერიკელებსა და ტრანსგენდერებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ქალების დაწინაურება ქართულ არმიაში ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ეს ბაიდენმა მოიფიქრა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ქალები იყვნენ და არიან, უფრო მეტიც - ქართველი თავდაცვის მინისტრი ქალიც გვყავდა, რაც ამერიკელებს ჯერ კიდევ ვერ გაუბედავთ...

ქალების რაოდენობას საქართველოს თავდაცვის ძალები ნამდვილად არ უჩივიან და ისინი ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მათ შორის - შეიარაღებული კონფლიქტების ზონებშიც. გენდერული თანასწორობის კუთხით, ქართული არმია ერთ-ერთი მოწინავეა (პროცენტული თვალსაზრისით) თვით ნატოს წევრი ქვეყნების არმიებთან შედარებითაც კი - თუკი ქალს აინტერესებს სამხედრო საქმე და სურს სამშობლოს ემსახუროს, მათ შორის - იარაღით ხელში, რატომაც არა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს