წაგებული ომის მოგებული ბრძოლა...
წაგებული ომის მოგებული ბრძოლა...
არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ისეთი ფურცლები, რომლის არათუ გრცხვენია, არამედ - ამაყობ...

28 წლის წინ საქართველომ ერთ კონკრეტულ, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან ბრძოლაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ახალგაზრდა თაობამაც უნდა იცოდეს, რათა სჯეროდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტებისა და ოკუპანტების დამარცხება შეუძლებელი არ არის.

1992-93 წლების აფხაზეთის ომში მოწინააღმდეგემ ოთხჯერ მაინც სცადა სოხუმზე იერიშის მიტანა. ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი 1993 წლის 15-16 მარტის ბრძოლა აღმოჩნდა, რომელსაც სეპარატისტები დღესაც
ტრაგედიად აღიქვამენ. 1993 წლის გაზაფხულის დადგომისთანავე მოწინააღმდეგე მხარის სარდლობამ ჩათვალა, რომ მზად იყო სოხუმზე წარმატებული იერიშის განსახორციელებლად და დაიწყო ძალების თავმოყრა მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროსთან, ეშერის მიდამოებში.

აფხაზ სეპარატისტთა ხელმძღვანელობას ასეთი განწყობა შეუქმნა რამდენიმე გარემოებამ, კერძოდ, აფხაზები კრემლისა და რუსი სამხედროებისაგან მრავალგვარ დახმარებას იღებდნენ. აფხაზთა
ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა რუსული საბრძოლო ავიაცია, სანაპირო ზოლში დაცურავდნენ სასაზღვრო კატარღები, საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა საზენიტო-სარაკეტო სისტემები, მზად იყო რადიოელექტრონული ბრძოლისა და დაზვერვის საშუალებები.

სოხუმში, შუქურას რაიონში განლაგებული რუსეთის არმიის 901-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ოფიცრები ქართული სამხედრო დანაყოფების პოზიციებსა და გადაადგილების მარშრუტს აკვირდებოდნენ. სოხუმში დარჩენილი სეპარატისტთა თანამოაზრეები გუდაუთას რეგულარულად აწვდიდნენ სადაზვერვო ინფორმაციას.

გუდაუთაში დისლოცირებული, 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ოფიცრები სეპარატისტთა ქვედანაყოფებს ამზადებდნენ, ზოგიერთი კი სამსახურს აფხაზურ არმიაში აგრძელებდა.
მარტის მეორე ნახევრისათვის აფხაზურმა სარდლობამ გუმისთის ფრონტის (სიგრძე 65 კმ) ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები შეტევის მიმართულებათა 17 კმ-იან მონაკვეთზე განალაგა. იმ დროისათვის მოწინააღმდეგის განკარგულებაში იყო განთიადის, ბიჭვინთის, ეშერა-ახალი ათონის, "ბაგრამიანის" სახელობის სომხური პირველი და მეორე, ჩეჩნური და სხვა ბატალიონები, აგრეთვე, ყაბარდოელთა ასეული, რუსი კაზაკებისა და სამხედროების რაზმები.

მოწინააღმდეგის დაჯგუფება, დაახლოებით, ოთხი ათასამდე მებრძოლს ითვლიდა, მათგან 700-750 კაცი მთავარ დამრტყმელ ძალას ქმნიდა, რომელსაც პირველი ეშელონის 1500-მდე და მეორე ეშელონის, დაახლოებით, ორი ათასამდე მებრძოლი ემატებოდა. აფხაზურ-რუსული ძალების განკარგულებაში იყო მოიერიშე Су-25 და სასწავლო-საბრძოლო L-39 "ალბატროსის" ტიპის თვითმფრინავები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადის" დანადგარები, 122 მმ-იანი ჰაუბიცები, 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებული ორ ათეულამდე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვ.

სოხუმს გუმისთის მარცხენა სანაპიროზე ქართული არმიის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის 231-ე, 232-ე, 233-ე და 236-ე ბატალიონები, გვარდიის რუსთავის ბატალიონი და სოფელ შრომის დაჯგუფება იცავდა. მომზადდა თავდაცვის მეორე ხაზი, სადაც პოზიციები სამხედრო პოლიციის, ქალაქისა და ბრიგადის კომენდატურის დანაყოფებს ეკავათ. შუქურას რაიონში მზად იყო საზღვაო დივიზიონი და უკრაინელ მოხალისეთა მცირერიცხოვანი რაზმი. მცირერიცხოვან რეზერვს გორის, შავნაბადის, გაგრის ბატალიონები და სხვა ქვედანაყოფები ქმნიდნენ. ქართული დაჯგუფება, დაახლოებით, 4500-4600 მებრძოლს ითვლიდა და მათ განკარგულებაში იყო 34 ტანკი, 35 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რამდენიმე ათეული საარტილერიო სისტემა (ოცდაოთხი 122 მმ-იანი ჰაუბიცა Д-30, თორმეტი 85 მმ-იანი ქვემეხი Д-44, ექვსი 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი КС-19, თორმეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადი").

მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურობამ თავდაცვის მეორე ხაზი მოამზადა, პირველი კი ინჟინრულად გამაგრდა: საინჟინრო ქვედანაყოფებმა 8 ათასზე მეტი ტანკ და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი დააყენეს (მანამდე ამ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების მცირე ნაწილის სოხუმში ჩატანაში პატარა წვლილი ამ ბლოგის ავტორსაც მიმიძღვის), ტანკსაშიშ მიმართულებებზე ტანკსაწინააღმდეგო თხრილები მოეწყო, მომზადდა საცეცხლე წერტილები, ბლინდაჟები. მარტის შუა რიცხვებში ქართული არმიის სარდლობისთვის ნათელი გახდა, რომ მოწინააღმდეგე სოხუმის იერიშს ამზადებდა. მაგრამ დაზვერვისთვის მაინც გამოუცნობი რჩებოდა, ზუსტად როდის და რომელი მიმართულებებიდან გადმოვიდოდა მოწინააღმდეგე შეტევაზე.

15 მარტს, გამთენიისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა სოხუმის დამცველების პოზიციებს გუმისთის მარჯვენა მხარეს, მაგრამ სროლა, ძირითადად, არაზუსტი იყო და მან სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა მე-2 საარმიო კორპუსისა და 23-ე ბრიგადის შტაბებსა და მართვის პუნქტებს. დილის 4 სთ-ზე მოწინააღმდეგის ქვეითებმა მდინარე გუმისთის გადმოლახვა გაბმული თოკების დახმარებით სცადეს, დინებას რომ არ წაეღო. მთავარი დარტყმა რკინიგზის ხიდის მიმართულებით განვითარდა, აჩადარას ხიდისა და სოხუმჰესის მიმართულებებზე შეტევა კი ყურადღების გადასატანად განხორციელდა.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში 231-ე, 232-ე და 233-ე ბატალიონები აღმოჩნდნენ. 232-ე ბატალიონს პოზიციები რკინიგზის ხიდსა და წყალსაქაჩთან ეკავა. აქ შეტევის მოგერიება ვერ მოხერხდა. მოწინააღმდეგემ პოზიციები გაარღვია და თავდაცვის სიღრმეში, 1200 მეტრით შემოვიდა.

ქალაქში შემოსულ მტერს მე-12 სკოლასთან სოხუმის სამხედრო პოლიციამ და 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა გზა გადაუღობეს და ნელ-ნელა უკან დაახევინეს.
აფხაზებმა გუმისთა აჩადარას ხიდის მახლობლადაც გადმოლახეს და ე.წ. მწვანე სახლში გამაგრდნენ, მაგრამ წინსვლას ვერ ახერხებდნენ.

მტერი ზღვის მხრიდანაც აქტიურობდა. კატარღები ქალაქს უმართავ სარაკეტო ჭურვებს უშენდნენ და შუქურას რაიონში დესანტის გადმოსხმაც შეძლეს. წარმატებაში დარწმუნებულმა სეპარატისტთა ხელმძღვანელობამ შეტევისათვის მეორე ეშელონის ძალები მოამზადა, როდესაც 17.30 საათზე ქართულმა არტილერიამ ცეცხლი მოულოდნელად გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე, მდინარეზე გადმოსასვლელად მომზადებულ სეპარატისტთა მიმართულებით გადაიტანა.

ზუსტმა საარტილერიო გამანადგურებელ-გადამღობმა ცეცხლმა შეტევისათვის მომზადებულ ქვედანაყოფებს დიდი ზიანი მიაყენა და მოწინააღმდეგის გეგმა ჩაშალა. ამასთან, გუმისთის მარცხენა სანაპიროზე გადმოსული სეპარატისტების მოიერიშე რაზმები მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდნენ და მათი დიდი ნაწილი მანდარინის ბაღებში განადგურდა.
ამ ჩაშლილი შეტევის დროს მოწინააღმდეგემ 300-400 მებრძოლი დაკარგა, ათასზე მეტი კი დაიჭრა. განსაკუთრებით დიდი დანაკარგი ჰქონდა სეპარატისტების მხარეს მებრძოლ, ახალშექმნილ "ბაგრამიანის" სახელობის სომხურ ბატალიონებს...

საბრძოლო დანაკარგს ვერც ქართული მხარე გადაურჩა - 137 დაღუპული და 300-მდე დაჭრილი.
სეპარატისტები მარცხის შემდეგ დეზორგანიზებული იყვნენ და ქართველ სამხედროებს გაუჩნდათ ინიციატივა, უკანდახეულ მოწინააღმდეგეს გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე გადაჰყოლოდნენ და საბრძოლო უპირატესობა ეშერის მიმართულებითაც მოეპოვებინათ, მაგრამ თბილისიდან ამის ნება არ მისცეს.

სოხუმის იერიშის მოგერიებაში მთავარი როლი კარგად ორგანიზებულმა ქართულმა არტილერიამ ითამაშა. მისი ცეცხლი სოხუმის ახალი რაიონის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლიდან ზუსტად კორექტირდებოდა (თავის დროზე საარტილერიო ცეცხლის მართვის ამ გასაიდუმლოებული პუნქტიდან მეც მომეცა საშუალება მოწინააღმდეგის პოზიციების დათვალიერებისა მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე). გამოიყენეს საარტილერიო ჭურვების კონკრეტული ტიპი (არ დავაზუსტებ), რომელმაც მოწინააღმდეგის ქვეითებს შორის ყველაზე დიდი დანაკლისი გამოიწვია.
გარდა ამისა, მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროს ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვამ სეპარატისტების იერიში ნაწილობრივ ჩაშალა…

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი შემოტევა სოხუმზე ქართულმა არმიამ სისხლში ჩაახშო...
მართალია, ის ომი წავაგეთ, მაგრამ მარტში სოხუმისთვის ბრძოლაში გამარჯვება ქართული არმიის ისტორიაში ნათელ ფურცლად დარჩება.

ქართველი არტილერისტების გამორჩეული საბრძოლო წარმატებისთვის, როდესაც ფაქტობრივად ჩაიშალა მოწინააღმდეგის 1993 წლის მარტის შეტევა სოხუმზე, 15 მარტი გამოცხადებულია საქართველოს თავდაცვის ძალების არტილერიის დღედ, რასაც მთელი გულით ვულოვავ ქართველ არტილერისტებს, პირველ რიგში კი აფხაზეთის ომის ჩემს იმ თანამებრძოლებს, ვინც ჯერ კიდევ 1992 წლის 22 ივნისის ღამეს ცხინვალის რეგიონში, სოფელ ვანათთან მტრის ცეცხლის ქვეშ, ჩვენი, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ალყიდან უვნებლად გამოყვანა უზრუნველყვეს ჰაუბიციდან ზუსტი გასროლებით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ზაზა
17 მარტი 2021 18:04
კარგად გვესმის რომ ეს მოვლენები ჩვენი ქვეყნის უდიდესი და მოუშუშებელი ტრაგედიაა, არც იმაზე უნდა დავხუჭოთ თვალი რომ სამწუხაროდ ბევრი ჩვენი თანამემამულის ბრალეულობაც დიდია ამ მოვლენებში. რაც შეეხება სტატიის შინაარსს ვფიქრობ მასში გადმოცემული საბრძოლო სულკისკვეთების მქონე მომენტების გათავისება ყველა ქართველისთვის აუცილებელია ყველაფრის მიუხედავად.
გვეყო, ხალხს ნუ ვაბოლებთ.
17 მარტი 2021 10:10
მოდით რა, სულ ნუ გავცდებით რეალობას. საქართველო, რომ რუსეთისთვის ომის მომგები არ იყო და ვერასოდესაც ვერ იქნება, ეს ოდნავ მოაზროვნემაც იცის. რით უნდა მოგვეგო ომი რუსეთისთვის. რა გავაჩნდა ომის მოსაგებად. ხალხს ნუ აგულიანებთ და აბოლებთ. ეს იყო არა ომი, არამედ ენუქის, რუს სალდაფონებთან ერთად, დადგმული სპექტაკლი, რომ აფხაზეთი უნდა დაგვეკარგა და ეს რა პოლიტკურ საკითხებს წყვეტდა, დღეს თვალნათლივ სჩანს. კიდევ გამოჩნდებიან ენუქის მეხოტბეები და მის ნაშიერებს რეკლამირებას უკეთებენ. ენუქი, საქართველოს ისტორიის არსებობაში, N1 მტერია.
გიორგი
15 მარტი 2021 22:33
სრულიად ვეთანხმები გაგას. წერილის ავტორი თავადაც ამბობს "სეპარატისტები მარცხის შემდეგ დეზორგანიზებული იყვნენ და ქართველ სამხედროებს გაუჩნდათ ინიციატივა, უკანდახეულ მოწინააღმდეგეს გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე გადაჰყოლოდნენ და საბრძოლო უპირატესობა ეშერის მიმართულებითაც მოეპოვებინათ, მაგრამ თბილისიდან ამის ნება არ მისცეს". ანუ, მოღალატე შევარდნაძემ არ მისცა უფლებაო. სხვათაშორის, აფხაზია მეგრელი და სვანი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორაზე მხცოვრები ჩრდოლიკავკასიელ სტუმარს აფსუა ჰქვია. განსხვავება მნიშვნელოვანია.

რუბრიკის სხვა სიახლეები