შედეგი მაინც არის - ევროპამ ქართველი პოლიტიკოსების ლუსტრაცია მოახდინა... - კვირის პალიტრა

შედეგი მაინც არის - ევროპამ ქართველი პოლიტიკოსების ლუსტრაცია მოახდინა...

"პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს", - განაცხადა დანიელსონმა.

როგორც იტყვიან - "ფინიტა ლა კომედია!"

უშედეგოდ დამთავრდა ევროპელი მედიატორების ორგანიზებით გამართული, ხელისუფლება-ოპოზიციის რამდენიმედღიანი ინტენსიური მოლაპარაკებები, თუმცა ერთი შედეგი მაინც დაიდო - ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა მიიღებს ძალიან დაწვრილებით ინფორმაციას, თუ რეალურად ვინ რას წარმოადგენს ქართულ პოლიტიკაში!

ფაქტობრივად, მოხდა ქართველი პოლიტიკოსების, გინდ ხელისუფლებიდან და გინდა ოპოზიციიდან აღებულის, ლუსტრაცია ევროპელი კოლეგების თვალში.

ოღონდ აქ არ არის ლაპარაკი იმ კონკრეტულ ათიოდე ევროპელ პოლიტიკოსზე, რომელთა პოზიცია მუდმივად ცალსახაა და ძალიან აქტიურობენ სუბიექტურად (ხანდახან იმ დონეზე საეჭვოდაც, რომ ძალაუნებურად გიჩნდება აზრი - ამ სხვადასხვა ევროპული პარტიის კონკრეტული პოლიტიკოსები თავის დროზე, როდესაც დღევანდელი მთავარი ოპოზიციური ძალა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ხომ არ "მოთაფლა"?), მხარი დაუჭირონ "ნაცმოძრაობის" ნებისმიერ ქმედებას.

მედიატორი კრისტიან დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ჩაუტანს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქცეოდა თითოეული ქართველი პოლიტიკოსი მოლაპარაკების მაგიდასთან და რა არგუმენტები ჰქონდა საკუთარი პოზიციის დასაცავად...

ეს ის კონფიდენციალური ინფორმაციაა, რომელსაც ევროსაბჭოს, ევროკავშირისა თუ ნატოს ხელმძღვანელობა ვერანაირად ვერ მიიღებს ქართველ პოლიტიკოსებთან რამდენიმეწუთიანი თუ საათიანი ოფიციალური და ნახევრადოფიციალური შეხვედრების დროს.

მედიატორი დანიელსონი ქართული პოლიტიკის უნიკალური მოვლენის მომსწრე გახდა - მოლაპარაკების მაგიდასთან მის თვალწინ რამდენიმე დღე მომდინარეობდა ცხარე კამათი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, ასევე, იყო ცალკე შეხვედრები ამ მხარეებთან, რომლებზეც კარგად დაიხატებოდა თითოეული ქართველი პოლიტიკოსის პიროვნული სურათი, როდესაც ის ტელეკამერის წინ როგორ ცდილობს, უკეთესი გამოჩნდეს, ვიდრე რეალობაშია...

ევროპელ წარმომადგენელს არც ის გამორჩებოდა, თუ ქართველი პოლიტიკოსებიდან, ვინ ცდილობდა მოლაპარაკებების გადარჩენას და რამე შედეგის დადებას და ვინ ამ მოლაპარაკებების ფარულ თუ ღია ტორპედირებას ახორციელებდა...

დანიელსონი იმასაც დაინახავდა, რომ ორი კონკრეტული პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომლებიც თავის დროზე თავად "ნაცმოძრაობამ" გამოაცხადა "რუსეთის აგენტებად", ყველანაირად ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას და ერთმა შეხვედრა დემონსტრაციულადაც კი დატოვა...

ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ მაშინ ხელისუფლებაში მყოფი "ნაცმოძრაობა" შეიძლება მართალიც იყო, როდესაც მათ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან საიდუმლო კავშირებში სახალხოდ სდებდა ბრალს, რადგან ევროპელი მედიატორების დიდი მცდელობის, დროებით მაინც შეერიგებინათ საქართველოში ხელისუფლება-ოპოზიცია, ჩაშლა, პირველ რიგში, სწორედ კრემლის ინტერესებშია.

კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე, რომელსაც, ფაქტობრივად, აწყობდა ამ მოლაპარაკებების ჩაშლა, კიევში იმყოფება და, წესით, ის რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგეა (მისივე განცხადებების თანახმად), მაგრამ ინტერესების თემა ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, რატომღაც ემთხვევა...

საზოგადოების ნაწილი (და შეიძლება არც თუ ისე მცირე) არ უნდა იყოს ძალიან აღფრთოვანებულ (რბილად რომ ვთქვათ) "ქართული ოცნების" რამდენიმე ახალგაზრდა პარლამენტარით, რომელთა ქმედება ძალიან წააგავს "ნაცმოძრაობის" ქვეყნის სათავეში მოსვლის დროინდელს, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ისინი ებრძვიან "ნაცმოძრაობას" მათივე იარაღით და, ალბათ, არც მათ დააკლეს ხელი იმას, რომ საბოლოო შედეგი არ დადებულიყო...

არ ვიცი, ეს პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია, მაგრამ საქართველო, საერთო ჯამში, წაგებული რჩება - ჩვენს გარშემო მსოფლიო რადიკალურად იცვლება (მარტო კორონავირუსის პანდემია და ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების დაწყებაც კმარა), ჩვენთან კი თითქმის ნახევარი წელი იწურება ადგილზე ტალახის ზელვაში და ერთმანეთისთვის იმავე ტალახის გუნდების სროლაში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს