რაკეტების გარეშე დარჩენილი სომხური "სუები" ანუ "აუზში წყალი არ ჩაუსხეს"? - კვირის პალიტრა

რაკეტების გარეშე დარჩენილი სომხური "სუები" ანუ "აუზში წყალი არ ჩაუსხეს"?

ჩვენს მეზობელ სომხეთში ახალი სკანდალები არ იკლებს და ქვეყნის ხელისუფლებას ყარაბაღის მესამე ომში დამარცხების გამო თავის მართლება მუდმივად უწევს, რის დროსაც ბევრ სახელმწიფოებრივ და სამხედრო საიდუმლოებას ააშკარავებს...

მორიგ ასეთ სკანდალად იქცა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ რუსეთში ნაყიდ Су-30СМ ტიპის მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავებს, თურმე, თან რაკეტები არ მოჰყოლია, რამაც მათი გამოყენება ბოლო ომში შეუძლებელი გახადა...

ეს იმ ანეკდოტს ჰგავს, როდესაც აუზს აუშენებენ, მაგრამ შიგნით წყალს არ ჩაუსხამენ, არადა, 2020 წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთმა ოთხი Су-30СМ მიჰყიდა სომხეთს, ოფიციალური ერევანი ნიშნის მოგებით, ამაყად აფრთხილებდა ბაქოს, - რამე არ შეგეშალოთ, თორემ ამ ახალი საბრძოლო თვითმფრინავებით აზერბაიჯანის ნებისმიერ წერტილს მივწვდებით და დაგიბომბავთო...

მართლაც, რუსული Су-30СМ-ის საბრძოლო მოქმედების რადიუსი 1 500 კმ-ია, რაც გიუმრის აეროდრომიდან აფრენილ სომხურ "სუებს" მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით საბრძოლო მოქმედების საშუალებას აძლევს, ხოლო ის გარემოება, რომ ამ თვითმფრინავის მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა 8 ტონა საერთო მასის უმართავი და მართვადი ბომბები და რაკეტები შეიძლება იყოს, მას მართლაც მრისხანე იარაღად აქცევს.

ამიტომაც 2020 წლის 27 სექტემბრიდან, ყარაბაღის მესამე ომის დაწყების დღიდან, ყველა ელოდა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოიყენებდა თავის ორ ძირითად თანამედროვე შეირაღებას - ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსებს და მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავებს Су-30СМ-ებს.

ომის მიწურულს ერევანმა ბოლოს და ბოლოს გაბედა ორი "ისკანდერის" გაშვება, მაგრამ Су-30СМ-ები ჰაერში ერთხელაც არ აუწევია - მათ მთელი ომი გიუმრის აეროდრომზე გაატარეს.

როგორც ეხლა ირკვევა, Су-30СМ-ების გამოუყენებლობის მთავარი მიზეზი, თურმე, ის გახლდათ, რომ მათთვის ვერ მოასწრეს საბრძოლო რაკეტების შეძენა... არადა, ოთხი Су-30СМ-ის ყიდვა სომხეთს არანაკლებ 120 მლნ დოლარი დაუჯდა, თუმცა ფაშინიანის ოპოზიცია უფრო დიდ ციფრს - თითქმის 200 მლნ დოლარსაც კი ასახელებს.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ თანხით რამდენიმე ასეული პატარა დრონი-კამიკაძეების შეძენა შეიძლებოდა, რომლებსაც რეალურად გამოიყენებდნენ ომში და ასეთი სერიოზული შეცდომის გამო ფაშინიანის მთავრობამ პასუხი უნდა აგოსო... სომხური 'სუები' სომხეთის დედის ქანდაკების ფონზე

მართლაც, რატომ გადაწყვიტა სომხეთის სათავეში 2018 წელს ქუჩიდან მისულმა ფაშინიანმა რუსეთისგან მაინცდამაინც ასეთი ძვირი Су-30СМ-ების შეძენა (ამ თვითმფრინავის საექსპორტო ფასი 50 მლნ დოლარს აღემატება) და არა - ბევრად იაფი და მასობრივი შეიარაღების სხვა სახეობის ყიდვა?

აქ, ჩემი აზრით, ადგილი ჰქონდა ერთ შორეულ გათვლას, რაც, პირველ რიგში, მაინც რუსული გენერალიტეტის ინტერესებში იყო, ვიდრე - სომხეთის.

საქმე ის არის, რომ სომხეთში რუსეთის 102-გიუმრის სამხედრო ბაზის საჰაერო კომპონენტი-18 ერთეული МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ერევანთან, ერებუნის აეროდრომზეა განთავსებული, მაგრამ რუსეთის გენშტაბს დიდი ხანია, აღარ აკმაყოფილებს ასეთი სიტუაცია - ჯერ ერთი, ამ "მიგების" მთავარი დანიშნულება საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლაა და მათ ნაკლებად შეუძლიათ სახმელეთო სამიზნეების დაზიანება "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი ბომბებითა და რაკეტებით, და მეორე, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი - სომხეთში განთავსებული ეს МиГ-29 -ები ამ ტიპის ყველაზე ძველი გამანადგურებლებია შემორჩენილი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებში და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე ავიაციით რუსეთის გენშტაბი დიდი ხანია, აპირებს.

მათ შემცვლელებად კი სწორედ Су-30СМ-ებია ჩაფიქრებული, რომლებსაც როგორც "ჰაერი-ჰაერი", ისე "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი შეირაღების გამოყენება შეუძლია, ანუ მრავალფუნქციურია.

თუკი ერებუნში რუსული Су-30СМ-ები განთავსდებიან, მაშინ ლოგიკურია, რომ გიუმრიში ამავე ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები იდგნენ, ოღონდ უკვე სომხეთის განმასხვავებელი ნიშნებით, რადგან ერთი ტიპის საფრენი აპარატების მომსახურება ბევრად ადვილია და იაფიც ჯდება.

მაგრამ, როგორც ხედავთ, სომხეთ-რუსეთის ამ ფარულმა ჩანაფიქრმა ფრთების შესხმა ვერ მოასწრო, რადგან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა გაბედა და გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად... რა თქმა უნდა, თავისი რუსი კოლეგის - პუტინის ფარული თანხმობის შემდეგ, ყარაბაღში რუსი სამხედროების ჩაყენების სანაცვლოდ...

რუსეთს არაფერი დაუკარგავს, პირიქით, ბევრი მოიგო და სომხეთში თავის მოძველებულ МиГ-29 -ებს მაინც ჩაანაცვლებს უფრო ძლიერი Су-30СМ-ებით, მაგრამ მოსკოვმა მის დიდ იმედზე მყოფი ერევანი, სომხეთისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში კი დატოვა პირში ჩალაგამოვლებული, ურაკეტო "სუების" ანაბარა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს