კოპიტნარის დამბობველმა "ავიამზიდების მკვლელმა" ეკიპაჟი კატაპულტებით ჰაერში აყარა... - კვირის პალიტრა

კოპიტნარის დამბობველმა "ავიამზიდების მკვლელმა" ეკიპაჟი კატაპულტებით ჰაერში აყარა...

სხვისი ცუდი კაცს არ უნდა უხაროდეს და არც ნიშნისმოგებით ლაპარაკობდეს, მაგრამ როდესაც ის სხვა შენ გბომბავდა, გკლავდა და იმავეს გამეორებისთვის მუდამ მზად არის, მაშინ?!

23 მარტს საქართველოდან 1 500 კმ-ში, რუსეთში სერიოზული საავიაციო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ავიაკატასტროფის განმარტება ძნელად თუ მიეცემა, მიუხედავად იმისა, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ნაწილი დაიღუპა, სამაგიეროდ - თვითმფრინავი უვნებლად გადარჩა.

ეს შემთხვევა რაღაცით წააგავს იმ სურათს, როდესაც გაუხედნავი ცხენი ცხენოსანს უნაგირიდან მოისვრის - იმ დღეს რუსეთის შაიკოვკის აეროდრომზე შორეული მოქმედების ბომბდამშენმა Ту-22М3-მა, ყველასთვის მოულოდნელად, კატაპულტებით ჰაერში გაისროლა ეკიპაჟის ოთხივე წევრი, რომლებიც სხდებოდნენ ამ ბომბდამშენის კაბინებში...

ამერიკული "ავიამზიადების მკვლელად" მონათლულ ამ, საბჭოთადროინდელ ასტონიან ბომბდამშენში ხომალდის მეთაური და მისი თანაშემწე (იგივე - მეორე მფრინავი) წინა კაბინაში გვერდიგვერდ სხედან, ხოლო მათ უკან, მეორე კაბინაში კი, ასევე, გვერდიგვერდაა განთავსებული შტურმან-ნავიგატორისა და შტურმან-ოპერატორის კატაპულტირებადი სავარძლები.

როგორც შემდგომ გაირკვა, ბომბდამშენის კაბინებში ჩასხდომისას ეკიპაჟის მხოლოდ ერთ წევრს მოუსწრია სავარძელზე ჩამოსაკიდი ღვედების შებმა, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ოთხივე კატაპულტირებადი სავარძლის გატყორცნა მოხდა მაღლა, 150 მ სიმაღლემდე და შემდეგ მიწას დაენარცხნენ, რადგან ამ ტიპის სავარძლით კატაპულტირება დასაშვებია თვითმფრინავის აეროდრომზე არანაკლებ 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს, რათა პარაშუტებმა მოასწრონ გაშლა. ამ შემთხვევაში კი ბომბდამშენი აეროდრომზე გაუნძრევლად იდგა. რუსული 'ავიამზიდების მკვლელის' ეკიპაჟის კაბინები

ზოგი რუსი სამხედრო ექსპერტი დივერსიის ვერსიამდეც კი მივიდა, თუმცა ამ საავიაციო შემთხვევის მთავარი მიზეზი მაინც, ეტყობა, ჩვეულებრივი დაუდევრობაა - წესით, კატაპულტირებულ სავარძლებს დამცველ ფალიებს ტექნიკოსი ბოლო მომენტში, თვითმფრინავის კაბინის დახურვამდე ხსნის, ამ შემთხვევაში კი ეს დამცველი ფალიები, რატომღაც, მფრინავების ჩასხდომამდე იყო გამოღებული. ამასთან, ეკიპაჟის ოთხივე წევრის იძულებითი კატაპულტირება, ერთმანეთის მიყოლებით, მხოლოდ ხომალდის მეთაურს შეუძლია, სპეციალური ღილაკის დაჭერით. პილოტები კაბინაში

რატომ გავამახვილე ასეთი ყურადღება ამ საბჭოთა/რუსული ბომბდამშენიდან კატაპულტირების დეტალებზე?

იმიტომ, რომ სწორედ შაიკოვკის 52-ე მძიმე ბომბდამშენების ამ საავიაციო პოლკიდან იყო ის Ту-22М3-ი, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს ქუთაისთან, კოპიტნარის აეროდრომის დაბომბვის შემდეგ ქართველმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს "ბუკის" ორი რაკეტით (რუსული ასტონიანი ბომბდამშენი პირველივე ქართულმა "ბუკმა" ჩამოაგდო, მეორე საზენიტო რაკეტა კი დაზღვევის მიზნით იქნა გაშვებული), ხოლო 23 მარტს თავისი ეკიპაჟის ჰაერში "ამგდები" Ту-22М3-ც მის გვერდით მიფრინავდა მაშინ ქართულ ცაში...

უფრო მეტიც - შაიკოვკაში იძულებით კატაპულტირებული ოთხაკაციანი ეკიპაჟის დაღუპული სამი წევრიდან ერთი თავად ამ საავიაციო პოლკის მეთაური გახლდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე მონაწილეობდა აგვისტოს ომში. Ту-22М3

მაშინ, 13 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ქართველი მეზენიტეების მიერ რუსების იმ სანაქებო რაკეტმზიდ-ბომბდამშენის ჩამოგდება, რომლის ხომალდსაწინააღმდეგო ბირთვული რაკეტებითაც კრემლი ამერიკულ ატომურ ავიამზიდებს ემუქრება, რუსი გენერლებისა და პოლიტიკოსებისთვის დიდ შოკად იქცა და მათ მაშინ სცადეს ქართული მხარისთვის დაებრალებინათ ამ ბომბდამშენიდან კატაპულტირებული ეკიპაჟის მეთაურის შემდგომი მკვლელობა.

სინამდვილეში კი, ქართველი მეზენიტეების მიერ გაშვებული "ბუკის" საზენიტო რაკეტის რუსულ ბომბდამშენთან ახლოს აფეთქების მერე ეკიპაჟის ორივე შტურმანმა ვერ მოახერხა კატაპულტირება და შემდეგ ისინი მიწაზე დაცემული თვითმფრინავის ფრაგმენტებში იპოვეს. მარჯვენა პილოტი - მაიორი მალკოვი კატაპულტირების შემდეგ ქართველმა სამხედროებმა დაატყვევეს, ჰოსპიტალში უმკურნალეს და ქართველ ტყვეებზე გაცვალეს. ბომბდამშენის მეთაური კი უგზო-უკვლოდ გაქრა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს