ერთმა საცობმა მსოფლიო ეკონომიკა "გაჭედა" - კვირის პალიტრა

ერთმა საცობმა მსოფლიო ეკონომიკა "გაჭედა"

საავტომობილო საცობები ნიუ-იორკშიც მინახავს და პეკინშიც (რომ აღარაფერი ვთქვა თბილისში, გმირთა მოედნის საცობის "ვარამზე"). ეს კი არა, საავიაციო საცობსაც შევსწრებივარ სტამბოლის აეროპორტში, როდესაც უზარმაზარი ლაინერები, ერთმანეთის კუდში ჩამწკრივებული, აფრენის თავის ჯერს ელოდებოდნენ...

მაგრამ საზღვაო საცობი ყოფილა, თურმე, რაც ყოფილა - ერთმა გემმა მსოფლიოს ეკონომიკა თითქმის "საზღვაო ლოკდაუნამდე" მიიყვანა და ნავთობზე ფასი უმალ 5%-ით გაზარდა...

23 მარტს სუეცის არხში ერთი გემი გარდიგარდმო გაიჩხირა და მორჩა... მის დაძვრას ადგილიდან და არხის გახსნას ნაოსნობისთვის მესამე დღეა, ამაოდ ცდილობენ და, როგორც ჩანს, ამისთვის არათუ დღეები, არამედ - კვირებიც კი შეიძლება დასჭირდეთ.

სიტუაციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სუეცის არხი მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კონტეირმზიდმა გემმა - Ever Given-მა ჩახერგა, რომლის სიგრძე 400 მ-მდეა(!), მაშინ, როდესაც სუეცის არხის მაქსიმალური სიგანე წყლის ზედაპირზე მხოლოდ 350 მ-მდეა და ისიც - არხის ყველა მონაკვეთში არა. სუეცის არხში გაჭედილი Ever Given

1869 წელს ოფიციალურად გახსნილმა სუეცის არხმა მაშინდელი მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, რადგან ხმელთაშუა ზღვიდან წითელ ზღვამდე ამოქმედებულმა 160 კმ სიგრძის ამ არხმა ერთმანეთს მოკლე საზღვაო გზით დაუკავშირა აზია და ევროპა, რითაც "მოიჭრა" 8 ათასამდე კმ, რაც საჭირო იყო აფრიკის კონტინენტის შემოსავლელად. შესაბამისად, არანაკლებ ორი კვირით შემცირდა ტვირთების გადატანის დრო ინდოეთის ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში.

ამჟამად სუეცის არხის ორივე მხარეს 180-ზე მეტი გემია, "საზღვაო საცობში" მოხვედრილი, რაც, ბუნებრივია, გააძვირებს იმ ტვირთის გასაყიდ ფასს, რომელიც მათ გადააქვთ, პირველ რიგში კი - ნავთობს, არადა, აქამდე, დღეღამეში სუეცის არხის გავლით არანაკლებ 600 ათასი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა.

რამ გამოიწვია კონტეინერმზიდის გაჩხერვა სუეცის არხში? მიუხედავად იმისა, რომ Ever Given-ი მართლაც უზარმაზარი გემია, ამ, 400 მ-იანი სიგრძის მცურავი საშუალების სიგანე 59 მ-ია, წყალმჯდომარეობა - 15,7 მ, ხოლო სრული წყალწყვა კი - 220 ათასს ტონამდე. მას წესით არ უნდა გასჭირვებოდა სუეცის არხის გადალახვა, რომლის სიღრმე 20 მ-ია და გათვლილია მაქსიმალური, 77 მ-ის სიგანისა და 240 ათასი ტონა წყალწყვის გემების უპრობლემოდ გატარებაზე.

გაჩხერილი კონტეინერმზიდის კაპიტანი იმით იმართლებს თავს, რომ დიდი სიჩქარის უდაბნოს ქარიშხალი ამოვარდა, რომელმაც 20 ათასი ცალი კონტეინერით დატვირთული მისი გემი გვერდზე შეაბრუნა, რადგან გემის კორპუსის და მასზე ერთმანეთზე დაწყობილი კონტეინერების საერთო სიმაღლე 60 მ-ს აღემატებოდა და ამან ერთგვარი აფრის როლი შეასრულა ქარიშხლის დაბერვის დროს... რვა საზღვაო ბუქსირმა ძვრა ვერ უყო არხის ნაპირებში ჩაჭედილ კონტეინერმზიდს. ახლა ექსკავატორებით აფართოებენ არხის ნაპირებს და, თუ ესეც შედეგს არ გამოიღებს, მოუწევთ 20 ათასი საზღვაო კონტეინერით დატვირთული გემის შემსუბუქება - მისი გემბანიდან ათასობით კონტეინერის ჩამოტვირთვა, ასევე, საწვავისა და წყლის მარაგის დაცლა, ეს კი დიდი ხნის სამუშაოებია. კოსმოსიდან დანახული სუეცის არხი სუეცის არხი, მისი ამოქმედების შემდეგ, რამდენჯერმე იყო ჩაკეტილი, წლობით. ეს პირველად, 1956 წელს მოხდა, როდესაც ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა სუეცის არხის ნაციონალიზაცია განახორციელა და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის არმიებთან ომი მოუწია.

მაშინ მსოფლიო ნამდვილად იდგა ბირთვული ომის დაწყების წინ, რადგან საბჭოთა კავშირი ლონდონს, პარიზსა და თელ-ავივს ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა, თუ არ შეწყვეტდნენ საბრძოლო მოქმედებებს სუეცის არხთან. საინტერესოა, რომ მაშინ მოსკოვს მხარი, ერთგვარი ნეიტრალიტეტით, ვაშინგტონმაც დაუჭირა.

ავიამზიდი სუეცის არხში

სუეცის არხი მეორედ, 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაიხურა, როდესაც ისრაელის არმიამ გაანადგურა ეგვიპტისა და მისი მოკავშირეების საბრძოლო შენაერთები. 1973 წლის არაბეთ-ისრაელის მორიგ ომშიც სუეცის არხი საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვდა. ამ ომის შემდეგ დაიწყო სუეცის არხის განაღმვითი სამუშაოები საზღვაო ნაღმებისგან გასაწმენდათ და არხის ფუნქციონირება მხოლოდ 1975 წელს აღდგა.

სუეცის, ისევე როგორც პანამის არხს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებაში, ასევე, მნიშვნელოვანია სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან სუეცის არხს უზარმაზარი ავიამზიდების გატარებაც შეუძლია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს