კორონავირუსის სათავეს ჯერ ვერ ან არ მიაგნეს... - კვირის პალიტრა

კორონავირუსის სათავეს ჯერ ვერ ან არ მიაგნეს...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვოიაჟის შემდეგაც ვერ ფენს ნათელს, სად და როგორ დაიწყო კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელება...

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში, კერძოდ კი ქალაქ უჰანში, ბოლოსდაბოლოს ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც რამე სიცხადე უნდა შეეტანა ჩვენი პლანეტის მაცხოვრებელთა მთავარ კითხვაში - საიდან და რატომ დაიწყო ახალი კორონავირუსის გავრცელება, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო პანდემიად გადაიქცა და კვლავ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის...

და, აი, 30 მარტის დღის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩინეთიდან დაბრუნებული თავისი ექსპერტების ოფიციალური მოხსენება, რომელსაც ასე გულისფანცქალით ელოდა დედამიწის მოსახლეობის დიდესი ნაწილი... და დარჩა იმედგაცრუებული!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ახალი ვერაფერი თქვეს, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ახალი კორონავირუსი უჰანის რომელიმე ლაბორატორიიდან "გამოქცეულს" არ ჰგავს, დიდი ალბათობით, ღამურების შემდეგ ის ჯერ რომელიმე სხვა ცხოველს ან ფრინველს გადაედო და მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდა ადამიანებშიო...

გასაგებია, რომ ამ დასკვნით ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილო დარჩა, თუმცა იმ ექსპერტების სასწრაფოდ ეშაფოტზე გაკვრაც არ იქნებოდა სწორი, რადგან მათ უჰანში ჩასვლა, ახალი კორონავირუსის ამ ქალაქში "გამოჩენიდან" მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ძლივს შეძლეს, რადგან ჩინეთის ხელისუფლება მათი მისიის დაწყებას, სხვადასხვა რეალური თუ გამოგონილი მიზეზების გამო, თვეობით აჯანჯლებდა.

სწორედ ეს გახლდათ აშშ-ის უკვე ყოფილი პრეზიდენტის - ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის არაერთი კრიტიკული განცხადების მიზეზი, რომლებშიც თეთრი სახლი ჩინეთის ხელისუფლებას ახალი კორონავირუსის გავრცელების დაწყების ფაქტების სპეციალურად მიჩქმალვაში ადანაშაულებდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ფაქტობრივად, გამორიცხავს ახალი კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის ალბათობასაც კი, ექსპრეზიდენტ ტრამპის გუნდი ეხლა უკვე თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს ოფიციალურ პეკინთან ფარულ გარიგებაში, რათა დაიმალოს სიმართლე - უჰანში მდებარე სამი ლაბორატორიიდან ერთ-ერთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ახალი კორონავირუსის ქალაქში შემთხვევითი გავრცელების შესაძლო ფაქტი, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო დონის პანდემიად გადაიქცა...

ახალი კორონავირუსის მუდმივი მუტაცია ძალაუნებურად აჩენს ეჭვს - ეს ვირუსი მართლაც სპეციალურად ხომ არ შეიქმნა, იმის გათვალისწინებით, რომ შეენარჩუნებინა მაღალი "საბრძოლო მზადყოფნა" ვაქცინირებული ადამიანების ორგანიზმის დასაზიანებლადაც?

ახალი კორონავირუსის მოქმედების ისტორია რაღაცით წააგავს შეტევაზე გადასული იმ სამხედრო დანაყოფის ტაქტიკურ ქმედებას, რომელიც ყველა გზას ეძებს მიზნამდე მისაღწევად და მის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად, რისთვისაც შეტევის პროცესში სრულყოფს სამიზნეზე იერიშის მეთოდებს...

ნებისმიერი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ინატრებდა ასეთ იარაღს, თუ იმის გარანტია ექნებოდა, რომ მის არმიასა და მოსახლეობას სრული იმუნიტეტი ექნებოდა ასეთ ვირუსზე...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს გააგრძელოს საექსპერტო კვლევები ახალი კორონავირუსის წარმოშობის ფაქტების დასადგენად, თუმცა ძალზე საეჭვოა ამ, თუგინდ მსოფლიო დონის ორგანიზაციამ, ეს მარტომ შეძლოს. ეტყობა, პასუხი დიდ პოლიტიკაში იმალება და სიმართლის გაგება უბრალო ადამიანებისთვის ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს