"ისკანდერები" იპოვეს, ანუ ჩემი ვარაუდები მართლდება!
"ისკანდერები" იპოვეს, ანუ ჩემი ვარაუდები მართლდება!
"ისკანდერები" მართლაც ნასროლია სომხეთიდან აზერბაიჯანისკენ და თანაც - იმ მოდიფიკაციის, რომლის ერევნისთვის გადაცემით მოსკოვმა სერიოზული საერთაშორისო შეთანხმება უხეშად დაარღვია ანუ გამართლდა ჩემს მიერ ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქმული ეჭვი...

სომხური "ისკანდერების" თემამ ბოლო დღეებში ახალი გაგრძელება ჰპოვა, რამაც ძალიან ბევრ საიდუმლოს მოჰფინა ნათელი.

პირველი:
აბსოლუტურად დადასტურდა, რომ ყარაბაღის მესამე ომის დღეებში სომხეთმა მართლაც გაუშვა ყარაბაღის ისტორიულ დედაქალაქ შუშას მიმართულებით "ისკანდერის" ტიპის ორი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა, რასაც აღიარებდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, ინფორმაციას არ
ფლობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და კატეგორიულად უარყოფდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
31 მარტს "აზერბაიჯანის განაღმვის სააგენტომ"- ANAMA-მ ოფიციალურად დაასახელა ორი გეოგრაფიული კოორდინატი ქალაქ შუშის ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთისგან 1,2 კმ-ის დაცილებით ორი აფეთქებული "ისკანდერის" ფრაგმენტები იპოვეს და მათი ფოტოები გაასაჯაროვა.
500 კმ-იანი მოქმედების რადიუსი სომხური 'ისკანდერებისთვის'
ამით მტკიცდება ჩემი ვარაუდი, გამოთქმული 8 მარტის
"კვირის პალიტრის" სტატიაში - "ფაშინიანმა პუტინს ტყუილად მოუბოდიშა - "ისკანდერი" შეიძლება მართლაც მხოლოდ 10%-ით აფეთქდეს...". მასში ვაცხადებდი, რომ ორი "ისკანდერი" სომხებმა მართლაც გაუშვეს შუშის მიმართულებით და ეს "ისკანდერები" შეიძლება კასეტური ქობინებით ყოფილიყო აღჭურვილი, რაც რეალურს ხდიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის განცხადებას, "ისკანდერები" მხოლოდ 10%-ით თუ აფეთქდნენენო, რადგან თითოეული მათგანის კასეტურ ქობინში 54 საბრძოლო ელემენტი დევს და მათგან მხოლოდ 5-ის აფეთქება სწორედ 10%-იან საბრძოლო ეფექტიანობას თუ შეესაბამება.
აზერბაიჯანული ANAMA-ს მიერ გავრცელებულ ფოტოებში მოიპოვება "ისკანდერის" კასეტური ქობინის ერთგვარი დოლურას ფოტო, რომელზეც მაგრდება ზემოხსენებული 54 საბრძოლო ელემენტი, დოლურა ცარიელია ე.ი. საბრძოლო ელემენტები ჰაერშივე გაიფანტა...
შუშაში აფეთქებული 'ისკანდერის' კასეტური ქობინის დაცლილი დოლურა
მეორე:
ANAMA-ს ფოტოებში, ასევე, ჩანს რაკეტის ფრაგმენტები წარწერით - "9M723", რაც მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მიუთითებდეს - სომხებმა აზერბაიჯანელებს ესროლეს იმავე მოდიფიკაციის "ისკანდერის" რაკეტები, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქალაქ გორის ცენტრის თავზე აგვიფეთქა, ეს კი უდიდესი საერთაშორისო სკანდალის დაწყების წინაპირობა შეიძლება გახდეს!

საქმე ის არის, რომ "9M723" ტიპის აერობალისტიკური რაკეტებით შეირაღებულია "Искандер-М" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რომელთა ექსპორტის უფლება სომხეთში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, რუსეთის ფედერაციას არ შეეძლო - ამ რაკეტის ფრენის მაქსიმალური სიშორე არანაკლებ 480 კმ-ს შეადგენს მაშინ, როდესაც "რაკეტებსა და სარაკეტო ტექნოლოგიებზე კონტროლის რეჟიმის" საერთაშორისო ხელშეკრულება (რომელზეც რუსეთსაც და სომხეთსაც აქვთ ხელი მოწერილი) კატეგორიულად კრძალავს 300 კმ-ზე მეტი რადიუსის რაკეტების ექსპორტსა და იმპორტს!
სომხური 'ისკანდერის' ფრაგმენტზე დატანებული მოდიფიკაციის ნომერი
ხუთი წლის წინ, მაშინ, როდესაც რუსეთმა სომხეთს "ისკანდერის" ოთხი სარაკეტო-გამშვები დანადგარი ჩაუტანა სატრანსპორტო თვითმფრინავებით და ამტკიცებდა, რომ ეს იყო მხოლოდ 280 კმ-მდე მოქმედი "Искандер-Э" ტიპის საექსპორტო ვერსია, "კვირის პალიტრის" 2016 წლის 19 სექტემბრის ნომერში, სტატიაში "სომხეთისთვის "ისკანდერების" მიცემით, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა", გამოვთქვამდი ეჭვს, რომ ისინი სინამდვილეში 480 კმ-მდე რადიუსის მქონე "Искандер-М" ტიპის სარაკეტო დანადგარები იყო, რითაც მოსკოვი ფარულად არღვევდა საერთაშორისო სარაკეტო შეთანხმებას...

...და, აი, ქალაქ შუშას შენობების ნანგრევებში აღმოჩენილი აფეთქებული "ისკანდერების" ფრაგმენტებზე ამოტვიფრულმა ციფრებმა გაამართლა ჩვენი ხუთი წლის წინანდელი ეჭვი - რუსებს სომხებისთვის მართლაც 480 კმ რადიუსის "ისკანდერები" გადაუციათ!
ქალაქ შუშას კოსმოსური ფოტო, რომელზეც ყვითლადაა აღნიშნული 'ისკანდერების' აფეთქების ადგილები
ამ საერთაშორისო სარაკეტო სკანდალს სხვა გაგრძელებაც ჰქონდა - კერძოდ, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით აშშ-მა გასული წლის ზაფხულში დატოვა "საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულება, რომელიც 1988 წლიდან მოქმედებდა და ითვალისწინებდა 500-დან 5 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე სახმელეთო სტარტის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განადგურებას აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის/რუსეთის არსენალში.

ტრამპის დემარშის მთავარი საფუძველი გახდა ამერიკული დაზვერვის ობიექტური ეჭვი, რომ რუსეთმა "ისკანდერებისთვის" შექმნა ახალი ფრთოსანი რაკეტა, რომლის ფრენის სიშორე ბევრად აღემატებოდა დაშვებულ 500 კმ-ს და მათ განთავსებას კალინინგრადის ოლქში აპირებდა...
შუშაში აფეთქებული სომხური 'ისკანდერების' ფრაგმენტები, რომლებიც ანალოგიურია გორში აფეთქებული რუსული 'ისკანდერისა'
შუშაში აფეთქებული სომხური 'ისკანდერების' ფრაგმენტები, რომლებიც ანალოგიურია გორში აფეთქებული რუსული 'ისკანდერისა'
შუშაში აფეთქებული სომხური 'ისკანდერების' ფრაგმენტები, რომლებიც ანალოგიურია გორში აფეთქებული რუსული 'ისკანდერისა'

თუკი კრემლმა სომხეთისთვის გადაცემული "ისკანდერების" შემთხვევაში მოიტყუა (ახლა გასაგებია, თუ რატომ არ აღიარებს ჯიუტად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მიერ ამ "ისკანდერების" გამოყენებას ყარაბაღის ბოლო ომში), რატომ არ გაიმეორებდა იმავე ფანდს "ისკანდერისთვის" ახალი ფრთოსანი რაკეტების შექმნის პროცესში?
ამ სამხედრო ეშმაკობით, რუსული გენერალიტეტი იგებდა 200-200 კმ-ს, რაც ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებისთვის არც თუ ისე მცირე მანძილია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ირაკლი ალადაშვილი
06 აპრილი 2021 12:45
დიდი მადლობა ყველას,ვინც ამ კონკრეტული რთული,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თემით დაინტერესდით და არ დაგეზარათ კომენტარის დაწერა.
პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
ზურაბი გორიდან.
06 აპრილი 2021 10:08
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და მაღალ პროფესიულ დონეზე დაწერილი სტატიებისთვის. "კვირის პალიტრაში", თითქმის, მხოლოდ თქვენს სტატიებს ვკითხულობ. კომენტარებსაც ხშირად ვწერ ხოლმე
გიორგი
04 აპრილი 2021 23:18
მადლობა პროფესიონალიზმისთვის, ბატონო ირაკლი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები