ნატოს ავტობუსში მოსმენილი დღემდე მოგვყვება - სიტუაცია ავრიოთ, რომ... - კვირის პალიტრა

ნატოს ავტობუსში მოსმენილი დღემდე მოგვყვება - სიტუაცია ავრიოთ, რომ...

ადამიანს გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით რაღაც მოგონებები ამოუტივტივდება ხოლმე და მეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 72 წლისთავთან დაკავშირებით, ერთი რამე გამახსენდა...

გასული საუკუნის მიწურულს ქართული ათკაციანი დელეგაცია, რომელიც ჟურნალისტებისა და არასამთავრობოებისგან შედგებოდა, ქალაქ მონსიდან, ნატოს სამხედრო შტაბის მონახულების შემდეგ, ბრიუსელში ვბრუნდებოდით.

ნატოს მიერ ჩვენი დელეგაციისთვის სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსის უკანა კართან დელეგაციის რამდენიმე წევრი სიგარეტს აბოლებდა.

სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ მათთან მივედი, მაინტერესებდა მათი შთაბეჭდილებები სამხედრო შტაბთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ მე უკვე მეორედ ვიყავი ნატოში ჩასული და საინტერესო შედარებები მათთვის თავადაც შემეძლო გამეცნო.

მაგრამ ნატოს ავტობუსის უკანა კართან სხვა დიალოგი დამხვდა - არასამთავრობოების რამდენიმე წარმომადგენელს შორის გაცხარებული ბჭობა იმაზე მიდიოდა, თბილისში დაბრუნებისთანავე რა მოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებინათ, არც მეტი და არც ნაკლები... შევარდნაძის ხელისუფლების დასამხობად!

...გზები გადავკეტოთ, ჩინოვნიკების სახლებს საღებავი შევასხათ, მინისტრების კაბინეტების მისაღებებში კარვები გავშალოთ, "ჩვენი" ჟურნალისტები "დავქოქოთ", შევარდნაძის ხელისუფლებას საზღვარგარეთ სახელი გავუტეხოთ, მოკლედ, სიტუაცია ავრიოთ...

ამის რამდენიმეწუთიანი მოსმენის შემდეგ ცივად  გავტრიალდი უკან და გუნებაში, ჩემდაუნებურად, ერთმა კარგმა, ქიზიყურმა ფრაზამ გაიელვა...

გაიელვა არა იმიტომ, რომ შევარდნაძის მომხრე ვიყავი ან როგორ ვიქნები მისი გულშემატკივარი, როდესაც ზურგს უკან უკვე სამი ომი (ცხინვალის 1992 წლის გაზაფხულის, აფხაზეთისა და 1998 წლის გალის მოვლენები, ჩეჩნეთის ომი, რომ არ მივათვალოთ) მრჩებოდა, რომლებიდანაც წაგებული გამოვიდა ჩვენს საქართველოსთან ერთად და ის ტკივილი, რაც კოდორის ხეობაზე თავჩაქინდრულმა გადმოვიარე, ათასობით დევნილთან ერთად, ნამდვილად ვერ განმაწყობდა შევარდნაძის პოლიტიკურ ფიგურასთან მიმართებაში დადებითად.

მაგრამ, რაც მაშინ ავტობუსის უკანა კართან გეგმები ეწყობოდა, უბრალოდ, არ ჯდებოდა არც ადამიანურ და არც კაცურ ფარგლებში.

თბილისში დაბრუნების შემდეგ საერთოდ მიმავიწყდა ნატოს ავტობუსის უკანა კართან მავანის მიერ "დაწყობილი" გეგმები - რა ჩემი საქმე იყო, ვინ რას ფანტაზიორობდა, მაგრამ გადის ოთხი წელი და შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა თითქმის სწორედ იმ სცენარით წარიმართა, რომლის ფრაგმენტები ბელგიის გზაზე მოვისმინე - გზების გადაკეტვები, კარვების გაშლა, ჩინოვნიკების ოჯახებში მიხტომა, სახალხო შეურაცხყოფები ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, "გეყოს"(თუ რა ერქვა?) ტიპის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების "გასაოცარი" აქტიურობა თუ თავხედობა და ა.შ.

და მალე აღმოჩნდა, რომ მაშინ ნატოს ავტობუსის უკანა კართან "რევოლუციური ქმედებების" დამგეგმავებიდან პირველი და ყველაზე აქტიური (რომლის დიქციაც ცოტა ძნელად აღსაქმელი გახლდათ) - სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა... მეორე - იმავე ხელისუფლების ყველაზე გავლენიან იდეოლოგად ჩამოყალიბდა... მესამეს შსს-ს მაღალჩინოსნის სავარძელი ერგო... მეოთხემ, საერთოდ, მინისტრის პოსტი დაიკავა...

მაშინ შეიძლება მეცინებოდა მათზე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ავტობუსის უკანა კართან "დაგეგმილი" რევოლუცია, თურმე, აღსრულებადი ყოფილა...

რა თქმა უნდა, ისინი მხოლოდ მცირე ნაწილი იყვნენ იმ საერთაშორისო სერიოზული გეგმის, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების სააკაშვილით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა და, გულზე ხელი რომ დავიდოთ, მაშინ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნამდვილად მივესალმებოდით ამ ცვლილებას, რადგან ნათელი მომავლის იმედი ჩაისახა...

მაგრამ შემდეგ ბევრი რამე მოხდა და რომ არ ჩამოვთვალო, მხოლოდ აგვისტოს ომიც კმარა, რომელმაც საშვილიშვილო პრობლემები დაგვიტოვა საქართველოში, რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის შედეგად, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღემდე არ აღიარეს მოსახლეობის წინაშე თავისი წილი შეცდომებისა, რამაც ამ ომამდე მიგვიყვანა...

დღეს იმ ხალხს ისევ ხელისუფლებაში მობრუნება სურს, რასაც სათავისოდ კარგად იყენებს ამჟამინდელი ხელისუფლება საზოგადოების იმ ნაწილის შესაშინებლად, ვის კისერზეც მძიმედ გადაიარა სააკაშვილის ხელისუფლებამ და აღარ სურს იმ უძილო ღამეების დაბრუნება, როდესაც უმიზეზოდ დაჭერასა და ქონების ჩამორთმევას ელოდნენ სააკაშვილის ჩინოვნიკებისგან.

საინტერესო კი ის გახლავთ, რომ არ შეცვლილა ორი ათეული წლის წინ ნატოს ავტობუსში (რომელიც, ალბათ, "ცოცხალი" აღარც არის) უნებურად მოსმენილი "რევოლუციური ქმედებების" ტაქტიკა - ქუჩების გადაკეტვა, პარტიული ტელევიზიების "ამოქოქვა", ახალი "გეყოები" (თუ როგორ ჰქვიათ?), კარვების გაშლა, საღებავების შესხმა და ა.შ.

- ჩვენი გავიდეს და გავიმარჯვოთ, საქართველოდან კი, თუგინდ, ქვა-ქვაზეც არ დარჩენილაო - მთავარია, სიტუაცია ავრიოთ, რევოლუცია ხომ ყველაფერს ჩამოწერსო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს