პუტინი უკრაინას ახალ "აგვისტოს ომს" უმზადებს?
პუტინი უკრაინას ახალ "აგვისტოს ომს" უმზადებს?
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც 2014 წლიდან მოყოლებული, სროლა, ფაქტობრივად, არ შეჩერებულა, ბოლო თვეა, სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება.
დონბასის ფრონტის ხაზზე სიტუაციის ესკალაცია პერმანენტულად ისედაც ხდებოდა, მაგრამ ბოლო მოვლენები შეიძლება იმას მიუთითებდეს, რომ უკრაინა ახალი, დიდი ომის დაწყების წინ იმყოფება...

რა გვაძლევს ამის ვარაუდის საბაბს?
საერთოდ, ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყება უცბად არ ხდება, მას წინ უძღვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა ნიშნების გამოვლენისა და ანალიზის შემდეგ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ერთი მხარე
ან ორივე მოწინააღმდეგე სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება.
ბოლო დღეებში კი ძალიან ბევრი ფაქტია იმის, თუ როგორ აგზავნის სარკინიგზო ეშელონებით რუსეთი სამხედრო ტექნიკას უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და, ასევე, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე.
ამასთან, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს გადაფრინდა რამდენიმე რუსული საშვეულმფრენო ესკადრილიაც და საზღვრის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა საველე
ჰოსპიტლების გაშლაც დაიწყეს...

სხვათა შორის, ბევრ ინფორმაციას რუსული არმიის შენაერთების უკრაინის საზღვართან გადასროლის შესახებ, თავად რუსეთის ის მოქალაქეები ავრცელებენ სოციალურ ქსელებში, ვისაც გზაში სამხედრო ტექნიკით დატვირთული სარკინიგზო ეშელონები და საავტომობილო კოლონები შეხვდათ და მათი ვიდეოკადრები გადაიღეს.
ამ ერთგვარი "შიდა დაზვერვის" გარდა, ასევე, არსებობს ნატოს წევრი ქვეყნების კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის (რომლებიც ბოლო თვეებში ძალიან გააქტიურდნენ შავი ზღვის აკვატორიაში და განსაკუთრებით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გარშემო) მონაცემებიც, რომელიც რუსეთის არმიის სერიოზულ გააქტიურებაზე მიუთითებს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმში.

ისმის კითხვა, რისთვის ემზადება კრემლი?
პუტინს შეიძლება სურდეს, უკრაინას მოუწყოს მეორე "აგვისტოს ომი", როდესაც დონბასის პრორუსი მაცხოვრებლების დაცვის მომიზეზებით, უკრაინის წინააღმდეგ დაიწყოს "მშვიდობის იძულების" სამხედრო ოპერაცია, დაახლოებით იმის მსგავსი, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.
აგვისტოს ომში კრემლმა აგრესიის დასაწყებად გამოიყენა "რუსი მშვიდობისმყოფელი სამხედროებისთვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობის" საბაბი, უკრაინის შემთხვევაში კი, კრემლის საბაბი იქნება "დონბასში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეების დაცვა", მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში მოსკოვმა რუსეთის მოქალაქის პასპორტები თითქმის ყველა დონბასელ სეპარატისტს გადასცა.

გასაგებია, რომ უკრაინაც ემზადება შესაძლო რუსული სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად და ფრონტის ხაზისკენ დამატებით საბრძოლო ტექნიკას აგზავნის, რის ვიდეოკადრებსაც, ასევე, დებენ უკვე უკრაინის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში, ამასთან, რუსეთის ტექნიკური და, განსაკუთრებით კი, აგენტურული დაზვერვა უკრაინის ტერიტორიაზე ინტენსიურად მოქმედებს.

მოსკოვი საინფორმაციო ომში თავის სასარგებლოდ იყენებს უკრაინული ტანკების დონბასისკენ გადასროლას და კიევს დონეცკისა და ლუგანსკის "თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე" შეტევის მზადებაში ადანაშაულებს, რათა დიდი ომის დაწყების შემთხვევაში, სწორედ უკრაინას დააბრალოს აგრესორობა.

თუმცა, დღეს მსოფლიოში რაღაც შეიცვალა და ისე აღარ "ბნელა", როგორც 2008 წლის აგვისტოსა თუ 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც დასავლეთმა, ფაქტობრივად, "ჩაყლაპა" რუსეთის მიერ ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია.

რა თქმა უნდა, უკრაინის დასახმარებლად დონბასში ამერიკული "აბრამსები" თუ ფრანგული "მირაჟები" არ გამოჩნდებიან, მაგრამ ამჯერად ნატოს შეუძლია "შეშფოთებისა და აღშფოთების" სანაცვლოდ, უკრაინელებს სერიოზული დახმარება გაუწიოს, იქნება ეს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, ლოჯისტიკური დახმარება თუ ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" ახალი პარტიების გადაცემა უკრაინის არმიისთვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
123
08 აპრილი 2021 09:28
მწვრთნელს- რუსები უფრო მალე ჩადგებიან (არ დგანან თუ?) ვინემ ბაქია ამერიკის კაბიანი ჯარი
მერაბი
07 აპრილი 2021 16:17
საქართველოში რაც უნდოდა თითქმის მიიღო. ეხლა უკრაინაში რადაც არ უნდა დაუჯდეს ყირიმისკენ გასასვლელ გზას გაიკეთებს და ამით მორჩება უკრაინასთან ომს.
გიორგი
07 აპრილი 2021 12:20
ზუსტად ისევე ბნელა, თუ უარესად არა. პირდაპირ სამხედრო დახმარებას უკრაინას არავინ აღმოუჩენს, ეს უდავოა. აგვისტოს შემდეგ რუსეთი ბევრად შორს წავიდა - თუ ცხინვალ-აფხაზეთის შემთხვევაში "კოსოვოს" სცენარი გაიმეორა, უკრაინის შემთხვევაში ყირიმის ანექსია მოახდინა პირდაპირ და თავს ახვევს "დნრ"/"ლნრ"-ს. უკრაინას არ აქვს ისეთი სამხედრო პოტენციალი, რომ თუნდაც დასავლეთის სადაზვერვო ინფორმაციის გამოყენებით რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს, მითუმეტეს თუ რუსეთი პირდაპირ ჩაერთვება, და არა დონბასელი მოხალისეების საფარქვეს. კიევის აღება არც ექნება რუსეთს მიზნად, შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავოს და მინიმუმ გაჭრას სახმელეთო გზა ყირიმისკენ, მათ შორის წყლით მომარაგების საკითხიც გადაჭრას

რუბრიკის სხვა სიახლეები