"ტელევიზორი გამოურთეთ მაგ "გრუზინს", 9 აპრილი არ აჩვენოთო..."
09-04-2021
"ტელევიზორი გამოურთეთ მაგ "გრუზინს", 9 აპრილი არ აჩვენოთო..."
9 აპრილის ტრაგედია მაშინ ქართველი ერის გამაერთიანებლად იქცა, მაგრამ მას შემდეგ ასეთი ერთსულოვნება ერში თითქმის აღარ ყოფილა და აღარ არის...
9 აპრილთან დაკავშირებით, თავს უფლებას ვაძლევ, ჩემს ბლოგში ერთი პირადი მოგონება გავიხსენო, რომელიც მაშინ შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრებულიყო და მთელი ჩემი მომავალი შეეცვალა...

1980-იანი წლების შუახანებში საბჭოთა არმიაში ფაკულტეტების დღის განყოფილების სტუდენტების გაწვევაც დაიწყეს ორწლიან სავალდებულო სამსახურში.
1989 წლის 9 აპრილისთვის ჩემი ორწლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური თითქმის ამოწურული გახლდათ და
ერთ თვეში დემობილიზაციას ველოდებოდი.

ვისაც საბჭოთა არმიაში უმსახურია, დამიდასტურებს, რომ "დედი", რომელიც უკვე "დემბილზე" მიდიოდა ერთგვარ "კანონგარეშე" იყო და წუთებს, და არა დღეებს, ითვლიდა სახლში წასვლამდე, ასე რომ, მეც არ ვიყავი ამ მხრივ გამონაკლისი (მით უმეტეს - ესკადრილიის ჯარისკაცების მეთაური გახლდით, ოღონდ სუფთა სამხრეებით, ვინც
იცის, რას ნიშნავს ეს, მიმიხვდება) და თითქმის სრული თავისუფლებით ვსარგებლობდი, იმ დონეზე, რომ მწვადებიც კი შემიწვავს ყაზარმის გვერდით...
ეს, ცოტა თავმომწონე შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ მკითხველმა, დაახლოებით, მაინც წარმოიდგინოს შექმნილი სიტუაცია.

და, აი, 9 აპრილი გათენდა, შუადღე დადგა და უკვე ღამდება, როდესაც რაღაც ხმებმა ჩემამდეც მოაღწია - "გრუზინ", შენ ხომ თბილისელი ხარ, ჰოდა, გუშინ რაღაც მომხდარა შენს ქალაქშიო, - გვერდზე გავყავარ და თითქმის ჩურჩულით მეუბნება ერთი ოფიცერი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა.
წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა...1987 წლის გაზაფხულზე ჯარში წასული, რა თქმა უნდა, ჩამოვრჩი საქართველოში სწრაფი ტემპებით მზარდ ეროვნულ მოძრაობას, თუმცა ჩემები ამანათით ჩურჩხელებთან და ატმის კომპოტით შენიღბულ ჭაჭასთან ერთად, ქართულ გაზეთებს მიგზავნიდნენ (ადგილობრივ "ოსობიტს" ანუ სამხედრო ნაწილში "კა-გე-ბეს" - სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენელს ეჭვი რომ არ აეღო, ეს ოპოზიციური გაზეთები ამანათში ჩადებული პროდუქტების შესაფუთად იყო გამოყენებული).

ისე, ამ ქართულ გაზეთებთან დაკავშირებით ერთი ისტორია გადამხდა, რომელზეც დღეს მეცინება, მაგრამ მაშინ... მოკლედ, უსაქმოდ ვწევარ ყაზარმაში, ლოგინზე და ჭერში ბუზებს ვითვლი (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით), როდესაც შემორბის ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთანაც თითქმის ვმეგობრობდი და გამწარებული ეძებს "ტუმბოჩკებში" გაზეთებს. უცბად ახსენდება, რომ ჩემს "ტუმბოჩკაში" ქართული გაზეთების მთელ დასტას ვინახავ, ჩემთან მორბის და გაზეთის აღებას ცდილობს, სახეზე ეტყობა, რომ მართლაც ძალიან უჭირს, მაგრამ მე შეუვალი ვარ - "ქართულ გაზეთს ხელი გაუშვი, მაგ საქმისთვის არ შეიძლება მისი გამოყენება!" მას სახე ეცვლება - "კი, მაგრამ შენ ხომ კარგად იყენებ, რუსულ გაზეთებს?"... მოკლედ, კარგი ჩხუბი მოგვივიდა, უფრო სწორად, ჩხუბი შეიძლება არც ერქვა, რადგან თავი საწოლებს შორის ჩაუვარდა და, მგონი, იხრჩობოდა, სანამ სხვებმა ზემოდან ამაღლიტეს... მოგვიანებით, რა თქმა უნდა, შევრიგდით, უბრალოდ, ეტყობა, მაშინ "გამომიჩნდა" პრესის ინტერესი და სამი წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით სამხედრო ჟურნალისტიკაში მოვედი... ეს ხუმრობით.

დავუბრუნდეთ 9 აპრილის საღამოს. ჩვენს ყაზარმებში (ოთხი ყაზარმა ორ სართულზე) გაყრა (ანუ "ოტბოი") გამოაცხადეს. დილით, ადრე, ჩვენს მეოთხე კურსის კურსანტებს შვეულმფრენებზე პირველ ცვლაში ფრენები ჰქონდათ დაგეგმილი და აუცილებლად უნდა გამოეძინათ (სამი-ოთხი წლის შემდეგ ამ ჩემი ნაცნობი კურსანტებიდან, ორი ქართველი აფხაზეთის ომში იბრძოდა და, სამწუხაროდ, დაიღუპნენ, რამდენიმე რუსი კი - ჩვენ გვებრძოდა).
მე რა დამაძინებდა, ინფორმაცია მჭირდებოდა, თუ რა მოხდა თბილისში. მაშინ მობილური ტელეფონები კი არა, ჩვეულებრივი ტელეფონითაც რთული იყო ქალაქიდან ქალაქში დარეკვა ან სარატოვის ოლქის სამხედრო ნაწილიდან ვინ დამარეკინებდა თბილისში. ტელევიზორში ოფიციალური საინფორმაციო "ვრემია" არაფერს ამბობდა, ერთადერთი გამოსავალი გახლდათ გადაცემა "ვზგლიადის" ყურება, რომელშიც მეტ-ნაკლებ სიმართლეს გაიგებდა იმ პერიოდში ადამიანი.

მაგრამ "ვზგლიადი" გვიან იწყებოდა, ყაზარმაში ეძინათ და თუ მანამდე ტელევიზორს გვიან არ ვრთავდით, კურსანტ-პილოტებისთვის ძილი რომ არ დაგვეფრთხო, ამჯერად ყველა და ყველაფერი "დავიკიდე" - დაიწყო "ვზგლიადი" და დაიწყო ჩემი გაგიჟებაც... ჩემი თბილისი, რუსთაველი, სადაც ფეხით მისეირნია, სასაკლაოდ აქციეს...

ეტყობა, ემოციებს ვერ ვიკავებდი და ხმამაღლაც "მოვიხსენიებდი" ქიზიყური "აქცენტით" გორბაჩოვს თავის საბჭოთა არმიასთან ერთად, როდესაც გვერდით პისტოლეტიანი ოფიცერი ამეტუზა - სამხედრო ნაწილის მორიგე, რომელიც სიტუაციას მიხვდა და არც ქართული გინებების გაშიფვრა გასჭირვებია (ბევრ საბჭოთა ოფიცერს უმსახურია საქართველოში, როტაციის პრინციპით და ქართული ჭაჭის გარდა, ქართულ გინებებსაც გაუგეს გემო).

სამხედრო ნაწილის მორიგემ, ეტყობა შემატყო, რომ თავს ნაკლებად ვაკონტროლებდი და რაღაც დიდი სისულელე შეიძლება ჩამედინა, ამიტომაც ჩხუბი და ბრძანებები არ დაუწყია, პირიქით - დამიყვავა, ტელევიზორი გამომირთო, - ბიჭებმა ხვალ, დილაადრიანად უნდა იფრინონ და თუ ვერ გამოიძინეს და რაღაც შეემთხვათ, აიღებ პასუხისმგებლობასო?
სხვა დროს დამიჯერებია. ერთხელ, ყაზარმის გვერდით ზაფხულში სასადილოდან გამოტანილი ხორცისგან ღამე მწვადს ვწვავდით, ყაზარმის ფანჯრები ღია იყო და ვინ დაიძინებდა იმ მადისაღმძვრელ სუნზე... მაშინაც სამხედრო ნაწილის მორიგე მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, იქნებ მალე შეწვათ, თორემ ხვალ, დილაუთენია, ფრენები ჩაიშლება, კურსანტები ვერ იძინებენო. დავუჯერეთ, რადგან ფრენების უსაფრთხოების დიდ მნიშვნელობას კარგად ვხვდებოდით, რადგან ჩვენ თვითონ ვუმზადებდით შვეულმფრენებს გასაფრენად. მწვადიც დაჩქარებულად შევწვით და ნახევრად უმი შევჭამეთ... შედეგი - მეორე დილას კურსანტები კი იყვნენ გამოძინებულნი და მზად გასაფრენად, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების ტექნიკური ჯგუფი არა - შვეულმფრენების ნაცვლად სხვაგან მოგვიწია ჯდომა...

მაგრამ ეხლა სულ სხვა სიტუაცია იყო და ჰაუპვახტშიც რომ ჩავესვით, მაინც ბოლომდე ვეცდებოდი ტელევიზორიდან იმის გაგებას, თუ რა მოხდა ჩემს თბილისში 9 აპრილის ღამეს...
როდესაც ერთ ყაზარმაში გამომირთეს ტელევიზორი, მეორეში შევვარდი და ჩავრთე... კიდევ რამდენიმე ახალი დეტალი გავიგე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შესახებ... უკან სამხედრო ნაწილის მორიგე მომდევს ტელევიზორის გამოსართველად... ავრბივარ მესამე ყაზარმაში, ვასწრებ ტელევიზორის ჩართვას და უკვე ხმამაღალი შეძახილები მესმის - ტელევიზორი გამოურთეთ მაგ "გრუზინს", თბილისის ამბები არ აჩვენოთო...

მოკლედ, ის ღამე ასე რთულად გავატარე და დადგა დილა...
დილის საუზმის შემდეგ ჩემთან ჯარისკაცი მოდის და მეუბნება, რომ "ოსობისტი" მიბარებს.
"ოსობისტი", იგივე "განსაკუთრებული განყოფილების" ოფიცერი, ყველა საბჭოთა სამხედრო ნაწილში იყო და "კა-გე-ბეს" ამ ოფიცრების თვით სამხედრო ნაწილის მეთაურებსაც კი ეშინოდათ და ერიდებოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯარისკაცებზე.

ჩვენი "ოსობისტი"-კაპიტანიც ხანდახან გაიელვებდა ნაწილის ტერიტორიაზე და რატომღაც სააღლუმო შინელით, რაც წესდების დარღვევა გახლდათ, მაგრამ მას ვინ რას გაუბედავდა...
მოკლედ, შევდივარ ამ "ოსობისტის" კაბინეტში, ვესალმები სამხედრო სალმით და ყველაფერს მოველი - სამხედრო წესდებების უხეშ დარღვევებზე ბრალდებით დაწყებული, არმიაში ნაციონალიზმის შეტანის მძიმე განაჩენის გამოტანის ჩათვლით, რაც უკვე ჰაუპვახტის "ოცნებას" სცილდება და "დისბატის" "პერსპექტივას" უახლოვდება.
კაპიტანი, რომელთანაც მანამდე არასდროს მისაუბრია, დაყვავებული ხმით მთავაზობს დაჯდომას და საუბარს შორიდან იწყებს.

ვხვდები, რომ ჩემს შესახებ ისედაც ბევრი რამე იცის და დაძაბული ველოდები, როდის დაიწყებს ჩემთვის ნაციონალიზმის გამოვლინების დაბრალებას...
მაგრამ მისი საუბარი ისე მთავრდება, რომ 9 აპრილს თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე ერთი სიტყვაც არ წამოსცდა, სამაგიეროდ, ფაქტის წინაშე მაყენებს - რიგითო ალადაშვილო, რატომ გაგირეცხათ სამხედრო ფორმა რიგითმა ჯარისკაცმა ამან და ამანო?

შვებით ამოვისუნთქე და ერთგვარად გახარებული იმით, რომ "პოლიტიკურს" არ მაბრალებენ, ღიად ვპასუხობ - ამხანაგო კაპიტანო, მერე რა, წინა თვეებში სხვა რიგითებმა გარეცხეს, ეხლა მისი ჯერი იყო, ეს ხომ საბჭოთა არმიის ერთგვარი ტრადიციაა "დემბელების" პატივსაცემად...

"ოსობისტს" თვალები შუბლზე ასდის, არ მოელოდა ჩემგან ასეთ თავხედობას, მაგრამ ვერაფერს იზამს, რადგან მაშინ ჩემ გარდა ყველა სხვა "დემბელიც" უნდა დასაჯოს, რომლებიც ჩემზე ბევრად უფრო უარესს აკეთებინებდნენ ახალი გაწვევის ჯარისკაცებს (თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ, არ იყო ჩემი მხრიდან გამართლებული მოქმედება, მით უმეტეს - თავიდანვე, ახალგაზრდა ჯარისკაცად ყაზარმაში ფეხის შედგმისთანავე, ერთი, კარგი გაწევ-გამოწევა მომიხდა დაღესტნელ "დედთან" პირსაბანთან რიგში, უკან არ დამიხევია და, შესაბამისად, შემდგომში მე აღარ მეხებოდა ის ტრადიციული "საქმიანობები", რაც ჩემი გაწვევის ჯარისკაცებს მოუწიათ ყაზარმაში და როდესაც ისინიც "დედები" გახდნენ, ერთგვარ შურს იძიებდნენ სხვა ახალგაზრდა ჯარისკაცებზე).

"ოსობისტი" ოფიციალურად მაფრთხილებს, რომ არასაწესდებო ურთიერთობების გამო მოკვლევა დაიწყება და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მკაცრად დავისჯები...
მისი კაბინეტიდან გახარებული გამოვდივარ, ჩემი ჯარისკაცები გაკვირვებულები მიყურებენ - "ოსობისტის" გამოძახების შემდეგ ყველა ყურებჩამოყრილია, ამ "გრუზინს" კი რა ახარებსო...

ეხლა ვხვდები, რომ "ოსობისტის" მიერ დაშინება არასაწესდებო მოქმედების გამო, სამხედრო ნაწილის მეთაურობისთვის ერთგვარი გამოსავალი გახლდათ, რომ ისინი უმოქმედობაში არავის დაედანაშაულებინა "გრუზინი" ჯარისკაცის ღამისეული "გაგიჟების" გამო - აბა, ქართველი ნაციონალისტი (არადა, როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა) ჯარისკაცის მათ ნაწილში ყოფნას ხომ არ აღიარებდნენ უფრო მაღალი სამხედრო მეთაურობის წინაშე?!

პ.ს. ივნისის ბოლოს "დემბილზე" მიშვებენ, სახლში სუფრას ვაწყობთ, დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს არ აცდიან ამიხსნან "ცხოვრებაში ორი წლით ჩამორჩენილს", თუ რა არის ეროვნული მოძრაობა, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა, რა შეუძლია თავისუფლების მოტანას საქართველოსთვის...

მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე, ეროვნული მოძრაობის მიტინგზე მივყვები მეგობრებს, დღევანდელი პარლამენტის წინ ხალხის დიდი მასაა შეგროვილი, მხურვალე ტაშს უკრავს და ერთ ქართულ სახელს აღტკინებული სკანდირებს... მეგობრები ტრიბუნაზე მაჩვენებენ ეროვნული მოძრაობის იმ ლიდერს, რომელსაც მომიტინგეთა ნაწილი უჩოქებს და მესიად აცხადებს...

მას შემდეგ მიტინგზე აღარ ვყოფილვარ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
არა ტროლი
11 აპრილი 2021 22:20
ირაკლი სად მსახურობდი ქალაქი , ნაწილი ............

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები