პრეზიდენტი ალიევი: ვინ მისცა სომხეთს ასეთი "ისკანდერები"? პასუხს ველით! - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი ალიევი: ვინ მისცა სომხეთს ასეთი "ისკანდერები"? პასუხს ველით!

დიდი პოლიტიკა ძალიან უცნაური რამ არის - ქვეყნის ლიდერები თავიანთ პოზიციებს მოულოდნელად და რადიკალურად იცვლიან...

სულ რაღაც ერთი თვის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი კვერს უკრავდა თავის რუს კოლეგას პუტინს და აცხადებდა, რომ ყარაბაღის მესამე ომის დროს აზერბაიჯანის მიმართულებით "ისკანდერების" რაკეტების გაშვების ფაქტი აზერბაიჯანელ სამხედროებს არ დაუფიქსირებიათო...

ოფიციალური ბაქოს ასეთმა მხარდაჭერამ მაშინ გაამაგრა რუსეთის გენერალიტეტის მტკიცება, თითქოს საერთოდ არ დაფიქსირებულა სომხეთიდან "ისკანდერების" გაშვების ფაქტი.

მაგრამ, როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია - ჯერ იყო და სომეხი სამხედროების ყიჟინის ფონზე "ისკანდერის" ორი რაკეტის ერთმანეთის მიყოლებით გაშვების ვიდეოკადრები გავრცელდა ინტერნეტით, შემდეგ კი ქალაქ შუშაში აღმოაჩინეს "ისკანდერის" ორი რაკეტის ფრაგმენტები...

ეჭვის გარეშეა, რომ პრეზიდენტის ნებართვის გარეშე აზერბაიჯანელი გამნაღველები ვერ გაბედავდნენ, გაესაჯაროებინათ შუშას თავზე აფეთქებული "ისკანდერების" ფრაგმენტების აღმოჩენის ფაქტი, მაშ, რა მოხდა და რამ განაპირობა პრეზიდენტ ალიევის პოზიციის რადიკალური ცვლილება, რითაც, უნდა თუ არა, იგი უპირისპირდება პუტინს?

ყარაბაღის მესამე ომის შემდგომ თვეებში შეიმჩნეოდა ერთი საინტერესო ნიუანსი - აზერბაიჯანული მასმედიის დიდი ნაწილი ერთგვარად პრორუსული გახდა, მაშინ, როდესაც სომხურ პრესაში ფრთხილად, მაგრამ მაინც გაიელვებდა კრემლის მცირე კრიტიკა, იმის გამო, რომ რუსეთი არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან ბოლო ომში...

"ისკანდერების" თემის წამოწევით კი პრეზიდენტი ალიევი აჩვენებს, რომ ყველაფერი არცთუ ისეთ ვარდისფერ ფერებშია აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებში, როგორც ეს თავიდან ჩანდა.

"საიდან გაუჩნდა სომხეთს ეს რაკეტები? ისინი მას არ უნდა ჰქონოდა. ჩვენ გვინდა პასუხი კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ეს სასიკვდილო იარაღი სომხეთის ხელში. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ მივიღებთ!" - ასეთი მრისხანე განცხადების დროს პრეზიდენტმა ალიევმა მაინც ბოლომდე არ გადალახა რუბიკონი და საჯაროდ არ დააკონკრეტა, თუ ვისგან ითხოვდა ის პასუხს.

თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ აზერბაიჯანი სწორედ რუსეთისგან მოითხოვს პასუხს იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა სომეხი სამხედროების შეირაღებაში "ისკანდერ-მ" ტიპის რაკეტები, მაშინ, როდესაც რუსეთი ირწმუნებოდა, რომ 2016 წელს სომხეთს ამ სარაკეტო კომპლექსის მხოლოდ საექსპორტო ვარიანტი "ისკანდერ-ე" მიაწოდა.

განსხვავება კი ისაა, რომ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს უფლება არ ჰქონდა გაეყიდა, სომხეთს კი - ეყიდა 300 კმ-ზე შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები, ხოლო "ისკანდერ-მ"-ი, რომლის ფრაგმენტებიც შუშაში აღმოაჩინეს, 500 კმ-ზე მიფრინავს.

პრეზიდენტი ალიევი შეიძლება ტყუილად ელოდებოდეს საჯარო პასუხს რუსი კოლეგისგან, რადგან რუსეთს დღემდე არ უღიარებია, ორი ანალოგიური "ისკანდერ-მ"-ის გამოშვება აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გორის თავზე აფეთქებული ერთ-ერთი რუსული "ისკანდერ-მ"-ის ფრაგმენტებმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, სანამ ისევ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაუბრუნებდნენ ნივთმტკიცების სახით.

სხვათა შორის, რუსეთის მიერ ორი "ისკანდერ-მ"-ისა და ორ ათეულზე მეტი "ტოჩკასა" და "ტოჩკა-უ"-ს ტიპის რაკეტების გამოსროლა აგვისტოს ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი დეტალი გახლდათ და რეალურად ისედაც აგრესორ რუსეთს დამატებით ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ, რადგან ომში ბალისტიკური თუ კვაზიბალისტიკური რაკეტების გამოყენების აკრძალვის შეთანხმება არ არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, ქალაქებს არ ესვრი.

ყარაბაღის ბოლო ომის შემთხვევაში კი 500 კმ-ზე მოქმედი "ისკანდერ-მ"-ების გამოყენებით რუსეთმა და სომხეთმა დაარღვიეს საერთაშორისო სარაკეტო შეთანხმების ექსპორტ-იმპორტის პუნქტი, რომელიც კრძალავს 300 კმ-ზე მეტი რადიუსის მქონე რაკეტებით ვაჭრობას...

პ.ს. პრეზიდენტმა ალიევმა "ისკანდერების" გამო პასუხი ბაქოში გახსნილი "სამხედრო ალაფის" პარკის მონახულებით მოითხოვა.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიბაძა გენერალ-სიმუს სტალინს, რომელმაც ჰიტლერის გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ მოსკოვის პარკში განათავსებინა დამარცხებული გერმანული არმიის ნაალაფარი შეიარაღების ნიმუშები. თუმცა აზერბაიჯანელი სამხედროები თუ დიზაინერები სტალინის ჩეკისტებზე უფრო წინ წავიდნენ და მათ ექსპოზიციებში დამწვარ სომხურ სამხედრო ტექნიკასთან ერთად "შეშინებული" სომეხი სამხედროების ფიტულებიც დადგეს, რომელთა ფონზე პრეზიდენტი ალიევი მხიარულად პოზირებდა...

პ.პ.ს. "სამხედრო ალაფის" ბაქოს პარკის საზეიმოდ გახსნით პრეზიდენტმა ალიევმა არა მარტო ომში წაგებულ სომხეთს მოუგო ნიშანი, არამედ - ირიბად რუსეთის პრეზიდენტსაც გაჰკრა კბილი, რადგან ყარაბაღის ფრონტის ხაზიდან შეგროვებული სამხედრო ტექნიკა ხომ მთლიანად რუსული/საბჭოთა წარმოების გახლავთ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს