რითი დასრულდა პუტინის არმიის "გასეირნება" უკრაინის საზღვრებთან?
23-04-2021
რითი დასრულდა პუტინის არმიის "გასეირნება" უკრაინის საზღვრებთან?
უკრაინამ და ნატომ შვებით ამოისუნთქეს, პუტინმა უკრაინის საზღვრებთან გადასროლილ ორ რუსულ არმიასა და სამ საჰაერო-სადესანტო შენაერთს დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების ბრძანება მისცა...
ნუთუ, ყველაფერი "ჰეფი ენდით" დამთავრდა და შავი ზღვის რეგიონი ახალი "ცივი ომის" დიდ დაპირისპირებას გადაურჩა?

ძალიან მინდა ასე იყოს, მაგრამ რეალობა უფრო მკაცრია - არსად გამქრალა კრემლის მთავარი ბინადრის სანუკვარი ოცნება მსოფლიო ისტორიაში მეორე სტალინად მაინც ჩაეწეროს და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ რუსეთის დიდი იმპერია აღადგინოს.

ამიტომაც დაძაბულობა არ
შენელებულა, უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, პუტინის მიერ უკრაინის საზღვრებიდან გაწვეული, მანამდე იქ გადასროლილი სამხედრო შენაერთები დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის გარკვეულ ნაწილს ფარულად ისევ უკრაინის სიახლოვეს დატოვებენ.

ეს სამხედრო ეშმაკობა რუსეთმა ერთხელ უკვე გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც 2008 წლის ივლისში ჩრდილო კავკასიაში რვა ათასკაციანი სამხედრო სწავლება
- "კავკაზ-2008" ჩაატარა, თუმცა მისი დასრულების შემდეგაც ჩრდილოთ ოსეთში დატოვა საბრძოლო შენაერთები, რომლებიც სრულ მზადყოფნაში იყვნენ და 7-8 აგვისტოს ღამეს როკის გვირაბის გავლით ოპერატიულად შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე...

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და განსაკუთრებით კი - ანექსირებულ ყირიმში ასი ათასიანი დაჯგუფების გადასროლით პუტინმა, რა თქმა უნდა, დამაშინებელი მოქმედება განახორციელა, როგორც კიევის, ისე - დასავლეთის მიმართ.
ამას მეტყველებს თუგინდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე 23 აპრილს ჩატარებული ათი ათასსკაციანი სამხედრო სწავლება, რომელშიც გამოყენებული იქნა საბრძოლო ტექნიკის 1,2 ათასი ერთეული, ასამდე დამრტყმელი თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ასევე - 40-ზე მეტი სხვადსხვა რანგის სამხედრო ხომალდი და კატარღა.

ამ სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ყირიმის სანაპიროზე ექვსი დიდი სადესანტო ხომალდიდან საზღვაო ქვეითთა და ჯავშანტექნიკის (ამის შემყურეს, ძალაუნებურად აფხაზეთის ომი გამახსენდა, როდესაც სოხუმის დაცემის დღეებში მაჭარკასთან შავი ზღვის ფლოტის ორი დიდი სადესანტო ხომალდი ჩემს ცხვირწინ ამოვიდა ნაპირზე ნაწილობრივ და გაღებული აპარელიდან ჯავშანტრანსპორტიორები გადმოუშვა...) სინქრონული დესანტირების ოპერაციას, რასაც წმინდა სამხედროს გარდა, დიდი ფსიქოლოგიური შეტევის ნიუანსებიც ახლდა - ჭკვიანად იყავით მანდ, კიევსა თუ ვაშინგტონში, თორემ ასეთივე საზღვაო დესანტს მარიუპოლთანაც გადმოგისვამთ, აზოვის ზღვაში და ოდესასთანაც, შავ ზღვაშიო...

აპრიორად ისედაც ცნობილია, რომ კრემლის გეგმებში შედის უკრაინისთვის აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე გასასვლელების წართმევა და უკრაინის მთელი ზღვისპირა ზოლის ოკუპირება.

ამიტომაც შავი ზღვის აკვატორია დამატებით სტრატეგიულ მნიშვნელობას ღებულობს და, თუ არ სურს ნატოსა და, პირველ რიგში კი, აშშ-ს უკრაინისა და საქართველოს "დაკარგვა", ავღანეთის ოცწლიანი, თითქმის უშედეგო ეპოპეის (რასაც ამერიკელებმა 190 მლრდ დოლარზე მეტი მიახარჯეს, ამას მიუმატეთ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს, ხარჯებიც ავღანეთის მრავალწლიან მისიებში) დამთავრების შემდეგ, გამოთავისუფლებული ფინანსების დიდი ნაწილი სწორედ შავ ზღვაში სასწრაფოდ გაძლიერებას უნდა მოახმაროს, მათ შორის - უკრაინისა და საქართველოს სანაპირო ზოლებისა და პორტების დაცვის გაუმჯობესებას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გელა-ს!
08 მაისი 2021 12:58
დაწყნარდით, არავინ გვტენის იმპერიაში, მაგრამ აფხაზეთს და სამაჩაბლოს რას ვუშვებით.
დათო
26 აპრილი 2021 22:20
დაიჩაგრა საწყალი რუსეთი. უშველეთ რამე.
გიორგი
26 აპრილი 2021 04:51
არ არსებობს არავითარი უკრაინული ერი, ეს დასავლეთის კერძოდ ბისმარკის და პოლონეთის ჩანაფიქრი იყო რათა მალოროსია მოეწყვიტათ დიდი რუსეთისთვის.
გასაკვირველ უმადურობას ნამდვილად იჩენენ არა სტალინის მიმართ, არამედ ლენინის მიმართ, რომელმაც მთელი დასავლეთ რუსეთის მიწები ეგრეთწოდებულ "ოკრაინას"გადასცა.
დაფიქრდით ერთი წუთით რომ მავანმა დაიწყოს აზრის დამკვიდრება რომ იმერლები და გურულები ქართველები კი არა იმერლები და გურულები არიანო და დაუპირისპირდნენ აღმოსავლეთ საქართველოს.

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები