"სომხების გენოციდის" აღიარებითა და თურქეთის განაწყენებით ბაიდენმა შავ ზღვაში მთავარი ნატოელი პარტნიორი საბოლოოდ დაკარგა... - კვირის პალიტრა

"სომხების გენოციდის" აღიარებითა და თურქეთის განაწყენებით ბაიდენმა შავ ზღვაში მთავარი ნატოელი პარტნიორი საბოლოოდ დაკარგა...

"სომხების გენოციდის" აღიარებითა და თურქეთის განაწყენებით ბაიდენმა შავ ზღვაში მთავარი ნატოელი პარტნიორი საბოლოოდ დაკარგა...

ყარაბაღის მესამე ომში წაგებულმა სომხებმა დიპლომატიურ ფრონტზე გამარჯვება მოიპოვეს - ამერიკის პრეზიდენტებისგან ერთსაუკუნოვანი ლოდინის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მოისმინეს სანუკვარი სიტყვა, რაც აშშ-ში მოქმედი დიდი გავლენის მქონე იმ სომხური ლობის დამსახურებაა, რომელთა პაპა-ბებიებიც თავის დროზე აიძულეს ამერიკაში გაქცეულიყვნენ...

სომხეთის მოსახლეობამ და მასზე რიცხვობრივად ბევრად მეტმა, მსოფლიოში გაფანტულმა სომხურმა დიასპორამ დიდი მორალური შვება იგრძნო იმის შემდეგ, რაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახსენა სიტყვა "სომხების გენოციდი", სამაგიეროდ, ეს ფრაზა თურქულენოვანი ქვეყნების მოსახლეობისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და პირველ რიგში, იმ თურქეთისთვის, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ნატოში მისი არმია რიცხვობრივად მეორე ადგილს იკავებს, იმავე აშშ-ის შემდეგ.

"სომხების გენოციდის" აღიარებით რა მოიგო და წააგო აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა?

მოიგო აშშ-ში ძალიან გავლენიანი იმ სომხური ლობის გული, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეპირდა "სომხების გენოციდის" აღიარებას და რისთვისაც ეს სომხური ლობი ეტყობა მნიშვნელოვნად დაეხმარა ბაიდენს არჩევნებში ტრამპზე გამარჯვებაში, შესაბამისად, ვალი გადასახდელი ჰქონდა...

წაგებით კი აშშ-ებმა შეიძლება ბევრად მეტი წააგოს, რადგან თანაალიანსელ თურქეთთან საბოლოოდ გაიფუჭა ურთიერთობა, რაც აუცილებლად აისახება ახალი "ცივი ომის" პირობებში.

ნატოს წევრი "ბებერი ევროპის" ქვეყნების მთავარ პოლიტიკოსებს ბოლო ათწლეულში მუდმივად ჰქონდათ ფარული თუ ღია დაძაბულობა თურქეთის ლიდერ ერდოღანთან - მას ხან ქურთების განადგურებაში ადანაშაულებდნენ, ხან - ადამიანის უფლებების დარღვევაში, რის გამოც, თურქეთს ევროკავშირში შესასვლელი გზა ჩაუხერგეს, რამაც ოფიციალური ანკარის დიდი გაღიზიანება გამოიწვია, რასაც დაემატა ალიანსის წევრი საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიისა თუ ნიდერლანდების მიერ "სომხების გენოციდის" აღიარება.

ევროპისა და ნატოს წევრი ამ წამყვანი ქვეყნების ლიდერების ასეთმა მრავალწლიანმა პოზიციამ თურქეთის ერთგვარი "გარიყვა" და "ჩამოცილება" დაიწყო ევროპიდან, რასაც დაემატა ამერიკელი პრეზიდენტების ცოტა უცნაური ქმედებებიც.

კერძოდ, ამერიკელებმა არაფრის დიდებით არ მიჰყიდეს თურქეთს "პეტრიოტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რაც ძალზე აუცილებელი გახლდათ თურქეთისთვის, მოძველებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციისთვის.

სიტუაციიდან გამოსავალი ანკარამ იმაში ნახა, რომ გამოცხადებულ ტენდერში ჩინური საზენიტო-სარაკეტო სისტემა, სახელწოდებით "წითელი დროშა-9" მოიწონა და მზად იყო პეკინისთვის 3,4 მლრდ დოლარი გადაეხადა მის შესაძენად, როდესაც თურქეთს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა "აუჯანყდა" - ეგ ჩინური სისტემა საბჭოთა/რუსული "ს-300"-ის კლონია და ნატოს სტანდარტებს არ შეესაბამება, რომ ჩაერთოს ალიანსის საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაშიო.

არც ამ პერიპეტიებს უმოქმედიათ დადებითად თურქეთსა და ნატოს წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რითაც, როგორც მოსალოდნელი იყო ისარგებლა რუსეთმა და პუტინმა ერდოღანის გულის მოგება და შესაბამისად, თურქეთ-ნატოს შორის გაჩენილი ნაპრალის "გაღრმავება" დაიწყო.

2015 წლის შემოდგომაზე თურქული გამანადგურებლის მიერ რუსული ბომბდამშენის სირია-თურქეთის საზღვართან ჩამოგდების შემდეგ, მართალია, პუტინ-ერდოღანის პირადი ურთიერთობებიც სერიოზულად გაფუჭდა, მაგრამ თურქეთში 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს, პუტინის დავალებით, რუსეთის დაზვერვამ ერდოღანის ერთგულ ძალებს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა ამბოხებული თურქი სამხედროების გეგმებზე, რითაც ერდოღანის პირადი თვითმფრინავი ჩამოგდებას გადაარჩინა, ამით კი პუტინმა ერდოღანი საბოლოოდ თავის სასიკეთოდ განაწყო.

ყოველივე ამას კი მოჰყვა ნატოსთვის მეტად არასასურველი შედეგი - თურქეთმა რუსული საზენიტო-სარაკეტო "ს-400"-ები შეიძინა, რითაც უკიდურესად გააღიზიანა აშშ-ები და თეთრმა სახლმაც სამაგიერო გადაუხადა ანკარას - თურქეთი ამოშალა თანამედროვე "ფ-35" ტიპის გამანადგურებლების მყიდველთა სიიდან, არადა, თურქეთი 100 ასეთი საბრძოლო თვითმფრინავის ყიდვას აპირებდა, ხოლო თავად თურქეთში ათასამდე ასეთი გამანადგურებლისთვის დეტალების დამზადებაც იყო დაწყებული...

როგორც თავადაც ხედავთ, თურქეთ-ევროპასა და თურქეთ-აშშ-ებს შორის "შავმა კატამ" ჯერ კიდევ წლების წინ გაირბინა, რასაც უკვე "სომხების გენოციდის" ამერიკული აღიარებაც დაემატა, რაც იმის მომასწავლებელია, რომ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი შეიძლება კიდევ უფრო "ჩაეხუტოს" იმავე ნატოს მთავარ მოწინააღმდეგეს - რუსეთს, რაც, პირველ რიგში, ნეგატიურად აისახება შავი ზღვის რეგიონში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაძლიერების მცდელობაზე.

ეს ყველაფერი კი ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე წამგებიანი იქნება, რადგან ნატოში გაწევრიანების დიდი სურვილის მქონე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ალიანსის ძლიერი წევრის - თურქეთის მეზობლობა, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და იმედს იძლევა, რომ დაგვეხმარება ნატოსკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ თუკი თავად თურქეთს ექმნება პრობლემები ალიანსთან ურთიერთობაში და ამასთან დაუახლოვდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანას, მაშინ სიტუაცია მართლაც, რომ მართლაც არასახარბიელო ხდება...

ისე, საინტერესოა, რატომ არ "ბრაზდება" ერდოღანი იმ რუსეთზე, რომელმაც "სომხების გენოციდი" ჯერ კიდევ 1995 წელს აღიარა?