"ჰუმანიტარული" რუსული ჯავშანჟილეტების სომხეთისთვის მიწოდება საქართველოს შეუჩერებია...? - კვირის პალიტრა

"ჰუმანიტარული" რუსული ჯავშანჟილეტების სომხეთისთვის მიწოდება საქართველოს შეუჩერებია...?

სომხური საინფორმაციო პორტალი News.am საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს. კერძოდ, ამ სომხური საინფორმაციო საშუალების მტკიცებით, ქართველ მესაზღვრეებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე 28 მარტიდან ანუ თვეზე მეტი ხანია, შეჩერებული ჰყავთ სომხეთისნომრიანი ორი სატვირთო ავტომობილი, რომლებსაც რუსეთიდან სომხეთში საქართველოზე ტრანზიტით გადაჰქონდათ ჰუმანიტარული ტვირთი. თუმცა ამ "ჰუმანიტარული" ტვირთის შემოწმებისას ქართველმა მესაზღვრეებმა მანქანებში რუსული წარმოების რამდენიმე ასეული... ჯავშანჟილეტი(!) აღმოაჩინეს.

"ჰუმანიტარული" ჯავშანჟილეტებით დატვირთული ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა სომხური საინფორმაციო საშუალება "168.AM"-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ჯავშანჟილეტებით დატვირთული მანქანები მოსკოვიდან ჯერ კიდევ 5 მარტს დაიძრნენ, 29 მარტს კი, საზღვრის გადაკვეთისას, ქართველმა მესაზღვრეებმა მათ საბუთები გამოართვეს და უთხრეს, რომ სამხედრო ტვირთის ტრანზიტით გატარებისთვის აუცილებელი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა.

სომეხი მძღოლი იმას წუხს, რომ საქართველოში სომხეთის საელჩომ ამდენი ხნის განმავლობაში თავი ვერ მოაბა სიტუაციის გარკვევას, რის გამოც ისინი უკან გაბრუნდებიან...

საქართველოს სახმელეთო გზებით სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი შეირაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტრანზიტი ათწლეულების განმავლობაში თითქმის უპრობლემოდ ხორციელდებოდა, ან რატომ უნდა აეკრძალა ოფიციალურ თბილისს ასეთი ტრანზიტი, თუკი ბაქოსთანაც და ერევანთანაც მეზობლური და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებდა და აპირებს?

მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა გასული წლის სექტემბრის ბოლოდან, რაც ყარაბაღის მესამე ომი დაიწყო - თბილისმა შეაჩერა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, როგორც სახმელეთო, ისე - საჰაერო გზის გამოყენებით.

როგორც ჩანს, სახმელეთო გზა კვლავ ჩაკეტილია ასეთი სამხედრო ტრანზიტისთვის, განსხვავებით საჰაეროსგან, რადგან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ მფრენი სატვირთო და მით უმეტეს - სამგზავრო რეისების გადამოწმება იმაზე, გადააქვთ თუ არა იარაღი, ტექნიკურად თითქმის შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელია საეჭვო თვითმფრინავების იძულებითი დასმა და ტვირთის შემოწმება ქართულ აეროდრომებზე, რაც უცილობლად დაძაბავს ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან, მაგრამ გვინდა კი ეს?

რუსეთიდან სომხეთში გაგზავნილი ორი სატვირთო მანქანა "ჰუმანიტარული" ჯავშანჟილეტები დანიშნულების ადგილზე უპრობლემოდ ჩავიდოდა, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების ეს მოზრდილი პარტია მოსკოვი-ერევნის რეისის სამგზავრო თვითმფრინავების სატვირთო ნაკვეთურებში რომ ჩაეტვირთათ.

სავარაუდოდ, ეს "ჰუმანიტარული" ჯავშანჟილეტები რუსეთში მაცხოვრებელი სომხური დიასპორის მიერ შეგროვებული ფულითაა ნაყიდი. მისმა გამომგზავნელმა თანხის დაზოგვა სცადა და ამიტომაც არ ისარგებლა საჰაერო მარშრუტით.

საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ტრანზიტის ნებართვას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია გასცემს, თუმცა ქვეყანაში ხანგრძლივი უქმე დღეების გამოცხადების გამო, სომხეთისკენ მიმავალ რუსულ "ჰუმანიტარულ" ჯავშანჟილეტებს ეტყობა, კიდევ დიდ ხანს მოუწევთ "ყურყუტი" "ზემო ლარსის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და დიდი ალბათობით ჯავშაჟილეტების ეს პარტია მაინც ვერ მოხვდება სომხეთში ქართული გზების გავლით, თუმცა ქართულ ცაზე მათი "გადაფრენის" შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს