საქართველო ხვდება ჩინური რაკეტის ჩამოვარდნის სავარაუდო ზონაში...? - კვირის პალიტრა

საქართველო ხვდება ჩინური რაკეტის ჩამოვარდნის სავარაუდო ზონაში...?

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი, დაუპატიჟებელი ხელოვნური "კოსმოსური სტუმარი" იქნება დედამიწისთვის

თითქოს, ჩინეთიდან კორონავირუსის პანდემიის გავრცელება არ ეყოფოდა მსოფლიოს, რომ ეხლა დამატებით არ ველოდოთ მრავალტონიანი ჩინური რაკეტა-მატარებლის უმართავ ჩამოვარდნას დედამიწაზე...

ყველაფერი 2021 წლის 29 აპრილს დაიწყო, როდესაც ჩინური კოსმოდრომიდან გაშვებულმა მძიმე რაკეტა-მატარებელმა CZ-5B -მ დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიყვანა მომავალი ჩინური ორბიტალური სადგურის საბაზო მოდული "ტიანჰე", რითაც პეკინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის "მკს"-ის მაგვარი, დიდხანს მოქმედი საკუთარი ორბიტალური სადგურის შექმნას აპირებს.

საბაზო მოდული კი იქნა წარმატებით გატანილი ორბიტაზე, მაგრამ მისი "გამტანი" რაკეტა-მატარებლის 33 მ-იანი და 18-ტონიანი კორპუსის ნაწილი, დიდი ალბათობით, ბოლომდე არ დაიწვება დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას და მოსალოდნელია ამ რაკეტის დაუწვავი ფრაგმენტების გაფანტვა 41-ე ჩრდილეთისა და 41-ე სამხრეთის განედებს შორის.

დედამიწის 41-ე ჩრდილოეთ განედი კი ისეთ მსხვილ მეგაპოლისებზე (ან მათთან ძალიან ახლოს) გადის, როგორიცაა ნიუ-იორკი, მადრიდი, ბარსელონა, სტამბოლი და თავად პეკინიც, მაგრამ რაც ჩვენთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებლად "გასახარი" იქნება, ჩრდილოეთის 41-ე განედი საქართველოს ბათუმიდან დედოფლისწყარომდე "ჭრის" და ჩვენი დედაქალაქი - თბილისიც ამ განედზე ხვდება... დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას თანამგზავრები იშლებიან და იწვიან, მაგრამ ზოგჯერ -  ბოლომდე არა...

მაგრად "გაგვიმართლა", თუმცა დიდი ალბათობით საქართველოს ეს მორიგი "ჩინური პრობლემა" არ შეეხება, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ორბიტიდან უმართავ რეჟიმში მიწაზე "დაშვებული" ხელოვნური კოსმოსური ობიექტები, სწორედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის 41-ე განედებს შორის "იმუქრებიან" თავზე დაცემით, რაც განპირობებულია მათი ფრენის ორბიტების დახრილობის კუთხეზე, რომელიც ხშირად ასევე 41 გრადუსს შეადგენს.

18-ტონიანი დაუპატიჟებელი "კოსმოსური სტუმრის" ჩამოვარდნის ზუსტ ადგილს და დროს სპეციალისტები ვერ ადგენენ, რადგან ის უმართავად მოძრაობს ორბიტაზე და ვარაუდობენ, რომ დედამიწის ატმოსფეროში 8 მაისს დილის 4 სთ-იდან 9 მაისის საღამოს 11 სთ-ს შორის (თბილისის დროით) შუალედში შემოვა. კოსმოსიდან დანახული საქართველო...

ცალკე პრობლემაა, რამდენად სრულად დაიწვება ატმოსფეროს მკვრივ ფენებში გავლისას ამ ჩინური რაკეტა-მატარებლის 33 მ-იანი კორპუსი, თუ ის ერთ დიდ ფრაგმენტად დაეცემა მიწას ან ზღვას თუ ოკეანეს.

ერთიღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ ცოტა ხანიც და იმედია, შემდეგ მშვიდობით ამოვისუნთქებთ  - აგვცდა!

პ.ს. შემთხვევითი არ იყო, რომ 1957 წელს, პირველი საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრის გაშვების წინ, ერთ-ერთი სამეთაურო-გამზომი კომპლექსი (13 დან მე-11-მდე) სწორედ საქართველოში, კერძოდ კი - სართიჭალაში განათავსეს, რათა თვალყური ედევნებინათ ხელოვნური თანამგზავრის ფრენის ორბიტისთვის, რომელიც სამხრეთ კავკასიაზეც გადადიოდა. სართიჭალის კომპლექსი აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კოსმოსური პროგრამების განხორციელებისას, მათ შორის - კოსმოსში პირველი ადამიანის - იური გაგარინის გაშვების დროსაც.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს