პუტინის რობოტი - ტანკები - კვირის პალიტრა

პუტინის რობოტი - ტანკები

მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხებიდან 76-ე წლისთავი რუსეთში ტრადიციულად - პომპეზურად აღნიშნეს, ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმების გამართვით სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ, ბუნებრივია, ყველაზე გრანდიოზულმა აღლუმმა მოსკოვში, წითელ მოედანზე ჩაიარა.

ლენინის მავზოლეუმისა (რომელსაც სპეციალურად ჰქონდა ჩამოფარებული დეკორაციები) და პრეზიდენტ პუტინის წინ 12 ათასამდე სამხედრომ და 190-მა საბრძოლო ტექნიკამ ჩაიარა, ხოლო წითელ მოედანს 76-მა საბრძოლო თვითმფრინავმა და შვეულმფრენმა გადაუფრინა დაბალ სიმაღლეზე.

ყველაფერმა იმ გეგმით ჩაიარა, რასაც პუტინის რუსეთი ბოლო ორი ათეული წელია, მთელ მსოფლიოს უჩვენებს, კერძოდ კი - სამხედრო ძალის დემონსტრირებას.

თუკი საბჭოთა პერიოდში სამხედრო ტექნიკა და მით უმეტეს - ახალი ნიმუშები, სრულიად საიდუმლო თემას წარმოადგენდა და მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გამოქვეყნება ქვეყნის ღალატად ფასდებოდა, დღევანდელ რუსეთში საპირისპირო ტენდეციაა - პირიქით, ახალი რუსული სამხედრო ტექნიკის საბრძოლო შესაძლებლობების ფართო აფიშირება ხდება, ხშირად - გაზვიადებულადაც, რაც ძირითადად სამ მიზანს ისახავს.

პირველი - სამხედრო ძალის დემონსტრირებით მოხდეს პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება რუსეთის მოსახლეობაში.

მეორე - სამხედრო ტექნიკის ახალი ნიმუშების აღლუმზე ჩვენებით ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდეს პოტენციურ მოწინააღმდეგეებზე - ნახეთ რა მაგარი ახალი ტანკები და თვითმფრინავები გვყავსო...

მესამე - იარაღის მსოფლიო ბაზარზე დიდი რეკლამა გაუკეთდეს რუსულ საექსპორტო შეიარაღებას.

წლევანდელ აღლუმზე ასეთი ყურადღება მიიპყრო პუტინის ახალმა რობოტმა-ტანკებმა ანუ უეკიპაჟო, მრავალფუნქციურმა შეჯავშნულმა, მუხლუხებიანმა, რობოტიზირებულმა კომპლექსებმა - "ურან-9"-მ.

რობოტი-ტანკების, იგივე, დისტანციურად, კაბელის საშუალებით მართვადი მსუბუქი ტანკების საბრძოლო გამოყენების მცდელობები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა, მაგრამ დღეს, როდესაც ფართო გავრცელება ჰპოვა დრონებმა - რადიოტალღებით დისტანციურად მართვადმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მობილურმა საშუალებებმა, რობოტი-ტანკების ფრონტის ხაზზე გამოჩენაც რეალური გახდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რაც უნდა დაუჯერებლად მოჩანდეს, ქართულ არმიას ბევრად უფრო თანამედროვე, დისტანციურად მართვადი სამხედრო დანიშნულების ტექნიკა გააჩნდა, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილ რუსეთის უზარმაზარ არმიას.

მაშინ სენაკის სამხედრო ბაზაში შეჭრილი რუსი მედესანტეები იყენებდნენ უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატებს - "პჩელას", მაგრამ ამ რუსული "ფუტკრის" მიერ გადაღებული სადაზვერვო კადრები ძალიან უხარისხო გახლდათ. რუსი მედესანტეების ოფიცერ-მზვერავებმა, როდესაც სენაკის სამხედრო ბაზის შტაბში აღმოაჩინეს ქართული სამხედრო დაზვერვის მიერ ისრაელში ნაყიდი უპილოტო "ჰერმეს-450"-დან მანამდე აფხაზეთში გადაღებული საჰაერო დაზვერვის ფოტოები, გაოცებისგან ყბები ჩამოუვარდათ - რუსული "ფუტკრისა" და ისრაელის "ჰერმესის" მიერ გადაღებული ფოტოები ხარისხით ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა...

ისრაელიდან ნაყიდი რამდენიმე "ჰერმესისა" და უფრო მომცრო დრონების გარდა, მაშინ, აგვისტოს ომის დროს, ქართულ არმიას ასევე ჰქონდა ორი, დისტანციურად მართვადი, შეჯავშნული მუხლუხებიანი გამნაღმველი მანქანაც, მაგრამ ომში ეფექტიანად, სამწუხაროდ, ვერცერთი მათგანი ვერ გამოვიყენეთ -"ჰერმესების" ნაწილი ომამდე ჩამოგვიგდეს, ის ორი რობოტი-გამნაღმველი კი - ალაფის სახით, ოსიაურის ბაზიდან "წაასხეს"...

მაგრამ დავუბრუნდეთ რუსულ, ახალ რობოტ-ტანკს - "ურან-9"-ს, რომელმაც მოასწრო საბრძოლო ნათლობის მიღება სირიის ომში, სადაც მისი ბევრი ნაკლოვანება გამოიკვეთა, მათ შორის - სვლისა და ცეცხლის მართვის დისტანციურ რეჟიმში მოქმედების დროს.

რუსმა კონსტრუქტორებმა სირიის გაკვეთილი გამოიყენეს "ურან-9"-ის გასაუმჯობესებლად და რუსეთის თავდაცვის მინისტრის - შოიგუს ბრძანებით დაიწყო ექსპერიმენტული საბრძოლო დანაყოფის შექმნა, სადაც გაერთიანებული იქნებიან, როგორც რობოტი-ტანკები, ისე - უპილოტო დრონები და დისტანციურად მართვადი გამნაღმველი მანქანები (მათი საშუალებით რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს განაღმვა მთიან ყარაბაღში).

"რობოტიზირებული ომის" კონცეფციის შემუშავების სათავეში აქამდე, როგორც წესი, ამერიკელი, ბრიტანელი თუ ისრაელის სამხედროები იდგნენ, მაგრამ რუსეთის გააქტიურება ამ მხრივ, წესით, შემაფოთებელი უნდა იყოს ნატოსთვის, რადგან დისტანციურად მართვადი და მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტით "დაჯილდოებული", რობოტიზირებული ტანკებით, თვითმფრინავებით, შვეულმფრენებით, წყალზედა და წყალქვეშა მცურავი საშუალებებით აღჭურვილ რუსეთის არმიას, პირადი შემადგენლობის მიზერული დანაკარგით შეეძლება წარმატებული შეტევითი ოპერაციების განხორციელება.

იგივე რობოტი-ტანკი "ურან-9", რომელიც მხოლოდ ათიოდე ტონას იწონის, 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხისა და ტყვიამფრქვევის გარდა, შეირაღებულია "ატაკას" ტიპის ზებგერითი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, რომლებსაც, პრინციპში, დღეს არსებული თითქმის ყველა ძირითადი საბრძოლო ტანკის შუბლა ჯავშნის გარღვევა შეუძლიათ...

პ.ს. დისტანციურად მართვადი საბრძოლო ტექნიკით ქართული არმიის გადაიარაღება ძალზე საშური საქმეა, რადგან თანამედროვე ომები, მათ შორის - ლოკალური მასშტაბების, საბრძოლო დრონების გარეშე წარმოუდგენელი ხდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს