შეუტევენ თუ არა ისრაელის "მერკავები" ღაზის ქუჩებს? - კვირის პალიტრა

შეუტევენ თუ არა ისრაელის "მერკავები" ღაზის ქუჩებს?

ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების გარეშე ისრაელის არმია ვერ შეაჩერებს "ჰამასის" რაკეტების ზალპებს...

"ჰამასის" სარაკეტო თავდასხმების შესაჩერებლად ისრაელის ათობით საბრძოლო თვითმფრინავი, შვეულმფრენი და დრონი მუდმივად ჰაერშია "გამოკიდებული" სარაკეტო ზალპების ადგილების აღმოჩენისა და ელვისუსწრაფესი საპასუხო საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი "ჰამასის" მერაკეტეების სრულ "დასამუხრუჭებლად" - სიტუაცია მოითხოვს ისრაელის არმიის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ღაზის სექტორში, რათა თითოეული სავარაუდო სამალავი უშუალოდ შემოწმდეს, სარაკეტო გამშვები მოწყობილობებისა და უშუალოდ რაკეტების საწყობების აღმოსაჩენად.

მაგრამ ღაზის სექტორში "ცახალის" 16 წლის შემდეგ დაბრუნება სერიოზული "ქუჩის ბრძოლების" დაწყებას მოასწავლებს, რადგან "ჰამასის" მებრძოლების არსენალში საკმაოდ მოიპოვება ტანკსაწინააღმდეგო შეირაღება, როგორც ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებისა, ისე მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების სახით.

ისრაელის ჯავშანტექნიკა, მათ შორის - "მერკავას" ტიპის ტანკები და "აჰზარიტის" მძიმე ჯავშანტრანსპორტიორები, მსოფლიოში ცნობილი არიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაცული საბრძოლო ტექნიკა, რომელთა აფეთქება ძალიან რთულია, თუმცა "ჰამასის" შეირაღებაში უკვე დიდი ხანია, გამოჩნდა შედარებით თანამედროვე, რუსული წარმოების უმართავი, "ვამპირის" ტიპის ხელისა და "კორნეტის" ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, რომლებსაც "მერკავას" ბორტის ჯავშნის გარღვევა შეუძლიათ. ღაზის ვიწრო ქუჩებში 'მძიმეწონიანი' 'მერკავები' კარგი სამიზნეები გახდებიან...

თუკი "ცახალმა" მაინც გადაწყვიტა "მერკავების" ღაზის სექტორში გადასროლა, ისინი ალბათ აუცილებლად იქნებიან აღჭურვილნი "ტროფის" ტიპის აქტიური თავდაცვის სისტემებით, რომლებიც ტანკებისკენ გაშვებულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ჰაერშივე აფეთქებენ.

არ არის გამორიცხული, რომ "ჰამასი" ცდილობს, სახმელეთო ოპერაციის წამოწყებაზე "წამოიკიდოს" ისრაელის არმია და ის ღაზის სექტორის ქალაქების ვიწრო ქუჩებში შეიტყუოს და იქ მეორე "გროზნო"(იგულისხმება ჩეჩნეთის პირველი ომის დროს გროზნოს ქუჩებში მასობრივად განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა) მოუწყოს...

ამის საშიშროებას თელ-ავივშიც ხვდებიან და ამიტომაც ითრევენ ფეხს "მერკავების" ღაზისკენ იერიშის დაწყებაზე, მაგრამ თუკი "ჰამასის" სარაკეტო მარაგი "უსასრულო" გამოდგა, ანუ ის კიდევ შესძლებს ყოველდღიურად რამდენიმე ასეული რაკეტის გაშვებას ისრაელის ქალაქების მიმართულებით, მაშინ ოფიციალური თელ-ავივი იძულებული გახდება "ჰამასის" განადგურება მისსავე "ბუდეში", ქუჩა-ქუჩა დაიწყოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს