ღაზაში შეჭრისგან ებრაულ "მერკავებს" ამერიკელები ამუხრუჭებენ? - კვირის პალიტრა

ღაზაში შეჭრისგან ებრაულ "მერკავებს" ამერიკელები ამუხრუჭებენ?

სარაკეტო ომის მეცხრე დღესაც, როდესაც ღაზის სექტორიდან "ჰამასმა" 3 500-მდე რაკეტა გაუშვა ისრაელის ქალაქების მიმართულებით, ოფიციალურმა თელ-ავივმა ვერ ან არ მიიღო გადაწყვეტილება ღაზის სექატორში საჰაერო და საზღვაო ოპერაციების შემდეგ, სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ.

"ჰამასის" სარაკეტო ზალპების შეჩერების სამი გზა არსებობს.

პირველი - ებრაელები და პალესტინელები მოლაპარაკებებით შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ჯერ ამას პირი არ უჩანს.

მეორე - "ჰამასს" გამოელევა რაკეტების მარაგი, თუმცა იმის მიუხედავად, რომ "ჰამასი" ბოლო დღეებში ზოგავს რაკეტებს და შედარებით მცირე რიცხვს ისვრის, მათ არსენალში კიდევ უნდა რჩებოდეს რამდენიმე ათასი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.

მესამე - "ჰამასი" აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს და ისრაელი იძულებული ხდება საჰაერო დარტყმების შემდეგ ღაზის სექტორში "მერკავას" ტანკები და ქვეითები შეიყვანოს, რათა მათ უშუალოდ ადგილზე მოძებნონ და გაანადგურონ რაკეტების გამშვები დანადგარები.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, "ცახალი" - ისრაელის არმია ჯერ კიდევ 13 მაისს იყო მზად დაეწყო სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში, მაგრამ ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რაღაც აჩერებს დღემდე.

შეიძლება ეს იყოს იმის საფრთხე, რომ ისრაელის არმია ღაზის სექტორში ქუჩის სისხლისმღვრელ ბრძოლებში იქნება ჩათრეული და დიდ მსხვერპლს ნახავს, თუმცა ოფიციალურ თელ-ავივს აქამდე დიდად არ აშინებდა ეს გარემოება და როცა საჭირო იყო, დგამდა გადამწყვეტ ნაბიჯებს არაბებით დასახლებული ქალაქების ქუჩების "გაწმენდაზე"...

ამჯერად კი, ისრაელის ხელისუფლების ყოყმანი შეიძლება აიხსნას დიდი პოლიტიკით - ისრაელის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ დაჟინებით ურჩევს ისრაელს, არ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში და პირიქით, სასწრაფოდ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთი Politico, თეთრი სახლის წყაროზე დაყდნობით. გამოცემის მტკიცებით, თეთრი სახლიდან დაუკავშირდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და დაჟინებით ურჩიეს, არ დაეწყო სახმელეთო ოპერაციები და მალე შეეწყვიტა ომი "ჰამასთან".

გასაგებია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს მხოლოდ მისი ტოლი ანუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ მისცემდა ასეთ "მეგობრულ რჩევას", მით უმეტეს, რომ ამერიკულ მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ "დემოკრატები" სერიოზულ ზეწოლას ახდენენ პრეზიდენტ ბაიდენზე, რომ მან ნეთანიაჰუ დაიყოლიოს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებაზე.

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში რომ მომხდარიყო ისრაელ-პალესტინის ეს მორიგი ომი, "თეთრი სახლის" რეაქცია შეიძლება რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო, რადგან ცნობილი იყო ტრამპის თითქმის ღია პროისრაელური პოზიცია.

შეიძლება ამ თემასთან კავშირში იყოს აშშ-ის ხელისუფლების რამდენიმე დღის წინანდელი გადაწყვეტილება, ისრაელისთვის 735 მლნ დოლარის საერთო ღირებულების სპეციალური მოწყობილობების მიყიდვის შესახებ, რომელთა საშუალებითაც ჩვეულებრივი, უმართავი საავიაციო ბომბები "ჯი-პი-ეს"-ით მართვადი ხდება და რომლებსაც მასობრივად იყენებს ისრაელის ავიაცია ღაზის სექტორში "ჰამასის" ობიექტების წერტილოვნად დასაბომბად.

"შეგივსებ დახარჯული საავიციო ბომბების არსენალს, ოღონდ არ შეიყვანო ტანკები ღაზის სექტორში" - შეიძლება ასეც ჟღერდეს ის კულუარული შეთანხმება, რაც სავარაუდოდ, ვაშინგტონსა და თელ-ავივს შორის შედგა, მაგრამ რამდენად განხორციელდება ის, პირველ რიგში, ისევ... "ჰამასზეა" დამოკიდებული - თუკი გაგრძელდება "ჰამასის" რაკეტების ზალპები ისრაელის ქალაქების მიმართულებით, ღაზისკენ "მერკავების" დაძვრისგან, "ცახალს" უკვე ვეღარც ოვალური კაბინეტიდან დარეკილი შეაჩერებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს