ათდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი შეჩერდა, მაგრამ ისრაელ-პალესტინის მტრობა გრძელდება...? - კვირის პალიტრა

ათდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი შეჩერდა, მაგრამ ისრაელ-პალესტინის მტრობა გრძელდება...?

21 მაისის დილის 02:00 საათზე ისრაელმა და "ჰამასმა" მიიღეს ეგვიპტის სამშვიდობო წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

10 მაისიდან დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში, "ჰამასმა" , "იერუსალიმის მახვილის" სახელით მონათლული სამხედრო ოპერაციის დროს, ისრაელის ქალაქების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 4 200 რაკეტა გაუშვა, მათგან 630-მდე სტარტის დროს თავად ღაზის სექტორში ჩამოვარდა, დიდი ნაწილი ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ - "რკინის გუმბათმა" ჩამოაგდო, ბევრი საერთოდ ასცდა დასახლებულ პუნქტებს და უკაცრიელ ადგილებში ჩავარდა ("ჰამასის" გაშვებული იმ რაკეტების წინააღმდეგ, რომელთა ფრენის ტრაექტორია სცდებოდა დასახლებულ პუნქტს, "რკინის გუმბათი" ძვირად ღირებულ ანტირაკეტებს არ ხარჯავდა), მაგრამ ისრაელის ქალაქებში აფეთქებულმა რამდენიმე ასეულმა რაკეტამ 12 ადამიანი იმსხვერპლა და 120-მდე დაიჭრა.

ისრაელის მიერ საპასუხოდ წამოწყებული ოპერაცია "კედლების დარაჯის" ფარგლებში, 11 მაისიდან 21 მაისის გამთენიამდე, ღაზის სექტორში 1 500 სამიზნეს მიაყენეს დარტმა და, ასევე, გაანადგურეს 100 კმ-მდე საერთო სიგრძის მიწისქვეშა გვირაბების ქსელი, რომელშიც "ჰამასის" მებრძოლები თავს აფარებდნენ. აფეთქებულია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 70-მდე გამშვები დანადგარი და 36 ნაღმსატყორცნი. ოპერატიულად დაბომბილია 570 ადგილი, საიდანაც რაკეტების გაშვება დაფიქსირდა.

ღაზის სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ნასროლ რაკეტებსა და ჩამოგდებულ ბომბებს ამ ათდღიან პერიოდში 230 ადამიანი ემსხვერპლა და 1 700-მდე დაიჭრა. მათი განცხადებით, ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე იყო, თუმცა ისრაელის მხარე ამტკიცებს, რომ დაღუპულებიდან 200-მდე "ჰამასის" მებრძოლი გახლდათ, საიდანაც ხუთი - "ჰამასის" ბრიგადების მეთაური იყო, ოცი კი - საველე მეთაური.

ასეთია ამ ათდღიანი, ისრაელ-პალესტინის მორიგი კონფლიქტის სისხლიანი სტატისტიკა, რომელმაც, საერთო ჯამში, ვერც ვერაფერი გადაწყვიტა, რადგან ებრაელებისა და პალესტინელი არაბების ისტორიული შუღლი არსად წასულა...

სამხედრო თვალსაზრისით რა დასკვნების გაკეთება შეიძლება?

პირველი - ისრაელის მრავალჯერ ნაქები დაზვერვის სამსახურებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ის, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე არაბი ოჯახის ძალით გამოსახლების მცდელობას "ჰამასის" მხრიდან სარაკეტო ზალპები მოჰყვებოდა, რადგან ზუსტად 7 წლის წინ, 2014 წლის ზაფხულში, "ჰამასის" მხრიდან სარაკეტო დარტყმების დაწყება, ასევე, იერუსალიმიდან პალესტინელთა ერთი ნაწილის გასახლებამ გამოიწვია.

მეორე - ისრაელის ხელისუფლებას და მოსახლეობასაც დიდი იმედი ჰქონდა, 2011 წლიდან ამოქმედებული ანტისარაკეტო "რკინის გუმბათის" სისტემისა და ეს ასეც არის, როდესაც ისრაელის ქალაქებს ერთდროულად გაშვებული მხოლოდ რამდენიმე რაკეტა თუ ემუქრება, მაგრამ ამჯერად "ჰამასმა" სარაკეტო ომის ტაქტიკა შეცვალა და ზალპად უკვე ასობით რაკეტას თითქმის ერთდროულად უშვებდა. მისი ასპროცენტიანი მოგერიება არ შეეძლო თვით "რკინის გუმბათსაც", რომელიც დღესაც მსოფლიოში შეიძლება ყველაზე ეფექტიანი ტაქტიკური ანტისარაკეტო სისტემაა 4-70 კმ-ის რადიუსის მქონე ბალისტიკური ტრაექტორიით მფრენი რაკეტებისა, ასევე, ნაღმსატყორცნის ნაღმებისა და დრონების წინააღმდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე.

მესამე - ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისა და მათი ანალიტიკოსებისთვის კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს ეს ათდღიანი კონლფიქტი, რადგან მათ ზუსტად ვერ განსაზღვრეს "ჰამასის" სარაკეტო არსენალი. წლების განმავლობაში "ჰამასი", ძირითადად, ირანიდან მიწოდებული რაკეტების იმედზე იყო, ბოლო პერიოდში კი  ღაზის სექტორში თავად დაიწყეს რაკეტების დამზადება საზღვარგარეთიდან შეტანილი ორმაგი დანიშნულების კომპონენტებით, რისი გაკონტროლებაც ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე დაწესებულმა ბლოკადამ ბოლომდე ვერ შესძლო.

მეოთხე - თავად ისრაელის დაზვერვის აღიარებით, "ჰამასის" შეირაღებაში, ცეცხლის შეწყვეტის მომენტისთვის, ჯერ კიდევ რჩება 10 ათასამდე რაკეტა, რომელთა არ გამოყენებისთვის, ძირითადად, მხოლოდ ორი გზა არსებობდა - ისრაელის ავიაციის ძალიან მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მიუხედავად, რამდენიმე ათასი "წერტილოვანი" საჰაერო დარტმა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი "ჰამასის" სარაკეტო არსენალის სრული განადგურებისთვის, რასაც საჰაერო დარტყმების პარალელურად, აუცილებლად სჭირდებოდა პარალელურ რეჟიმში სახმელეთო ოპერაციის წამოწყება ღაზის სექტორში "ცახალის" ჯავშანტექნიკისა და ქვეითების შეყვანით.

ეს, რა თქმა უნდა, გაზრდიდა მსხვერპლს ისრაელის სამხედროებს შორის, მაგრამ ოფიციალური თელ-ავივი ამაზეც წამსვლელი იყო, რომ არა აშშ-ის ხელისუფლების სერიოზული კულუარული ზეწოლა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

მეზობელი ეგვიპტის პირით, დაპირისპირებულ მხარეებს შეუთვალეს - "ჰამასი" აჩერებს სარაკეტო დარტყმებს და საპასუხოდ იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორში დანგრეული შენობა-ნაგებობების აღსადგენად და სხვა ხარჯებისთვის.

ისრაელი კი შემდეგნაირად დაიყოლიეს ცეცხლის შეწყვეტაზე -"ჰამასი" აღარ ისვრის რაკეტებს, სამაგიეროდ ისრაელი არ იწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში და ამასთან, ამერიკული მხარე ფინანსურად დაეხმარება თელ-ავივს, "რკინის გუმბათის" მიერ გახარჯული ძვირადღირებული ანტირაკეტების (თითოეულის ფასი 40 ათას დოლარს უახლოვდება) მარაგის აღსადგენად.

ათდღიანი კონფლიქტი შეჩერდა, მაგრამ ისრაელ-პალესტინის მტრობა გრძელდება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს