სომხეთი პუტინს რუსი სამხედროების აზერბაიჯანის საზღვართან ჩაყენებას შეეხვეწა...? - კვირის პალიტრა

სომხეთი პუტინს რუსი სამხედროების აზერბაიჯანის საზღვართან ჩაყენებას შეეხვეწა...?

როდესაც თავად ჩვენ საქართველოს, სამწუხაროდ პრობლემები არ ელევა და ბოლო ნახევარი წელი მაინც განსაკუთრებულ სიტუაციაში ვცხოვრობთ "მართვადი მუდმივი ქაოსის" პირობებში, ცოტა ძნელია სხვა ქვეყნები განსაჯო, მაგრამ ეს ქვეყნები ჩვენი უშუალო მეზობლები არიან და რეალობა სამხრეთ კავკასიაში ელვის სისწრაფით იცვლება, სანამ ქართული პოლიტიკა ჭაობში იძირება და ერთმანეთთან უაზრო გარჩევებით ქმნის "აბსურდის თეატრს"...

ყარაბაღის მესამე ომის დამთავრებით სომხეთ-აზერბაიჯანის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება არ გამქრალა, პირიქით დღეს სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ამ ორი ქვეყანას შორის დიდი ომის დაწყების საშიშრობაც კი არსებობს, ამჯერად უშუალოდ მათ საერთო საზღვარზე.

სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არ მომხდარა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის, ერევანი და ბაქო გაცხარებულ ომში იმყოფებოდნენ, ხოლო მას შემდეგ გასული სამი ათეული წლის განმავლობაში სომხეთი მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ავტონომიური ოლქის გარდა, აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს აკონტროლებდა, რომელთაგან ოთხი-ქელბაჯარის, ლაჩინის, ქუბადლისა და ზანგილანის რაიონები საზღვრისპირა გახლდათ და აბა იქ საზღვარს ვინ გაავლებდა, სომხურ მხარეს ისინი უკვე სამუდამოდ თავისად მიაჩნდა.

სხვათაშორის, ყარაბაღის ბოლო ომის დროს აზერბაიჯანის არმიას რაიმე დიდი შეტევა არ განუხორციელებია ამ საზღვრისპირა რაიონების გასანთავისუფლებლად და უშუალო იერიშები ჯერ ქალაქ შუშაზე მიიტანა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ საზღვრისპირა რაიონებში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ბრძოლაში აუცილებლად ჩაერთვებოდა სომხური არტილერია და უშუალოდ სომხეთის ტერიტორიიდან, მათ წინააღმდეგ დაწყებული საპასუხო, კონტრსაბატარეა ცეცხლი კი ოფიციალური ერევნისთვის საუკეთესო ხელჩასაჭიდი ფაქტი გახდებოდა მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა - აზერბაიჯანმა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიის დაბომბვაც დაიწყოო...

მაგრამ როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის - ყარაბაღის მესამე ომში გამარჯვებული პრეზიდენტი ალიევი ხედავს, თუ რა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია სომხეთის ხელისუფლება და ოპოზიცია, ხოლო მოსახლეობაში "ომში დამარცხებულის" სინდრომი ჭარბობს.

ამიტომაც ოფიციალურმა ბაქომ სცადა მისთვის სასარგებლო სიტუაციის გამოყენება და სახელმწიფო საზღვრის აღდგენის მოტივით, ზემოხსენებული ოთხი განთავისუფლებული რაიონის საზღვრისპირა ზოლებში სპეცრაზმელებით გაძლიერებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დანაყოფები გადაისროლა.

აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა არადემარკირებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ამ მონაკვეთებზე სავარაუდოდ რამდენიმე კილომეტრით სომხეთის ტერიტორიის შიგნითაც "შეტოპეს".

ეს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა სომხეთის სიუნიქის რაიონის მიმართებაში, რომლის 40-50 კმ-იანი სიფართის ტერიტორია ერთმანეთიდან ჰყოფს აზერბაიჯანსა და მის შემადგენლობაში შემავალ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას.

სომხურ სიუნიქსს აზერბაიჯანელები ზანგეზურად მოიხსენიებენ და თვლიან, რომ ის ისტორიულად აზერბაიჯანის კუთვნილება იყო. ასე თუ ისე, პრეზიდენტ ალიევს სავარაუდოდ შეიძლება სურდეს სომხურ სიუნიქსზე გაჭრას "ზანგეზურის დერეფანი" ნახიჩევანის დანარჩენ აზერბაიჯანთან დასაკავშირებლად, რაც ავტომატურად გახსნის სახმელეთო დერეფანს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ნახიჩევანს თურქეთთან საერთო სახმელეთო ათკილომეტრიანი საზღვარი აქვს... სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ბოლო დღებში აშშ-სა და ევროკავშირს და თვით ნატოსაც კი გაუგზავნა თხოვნის წერილები რამენაირად შეეჩერებინათ "მადაზე მოსული" პრეზიდენტი ალიევი და აეძულებინათ ის სომხეთის საზღვრისპირა რაიონებიდან გაეყვანა ათასზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო.

პრემიერი ფაშინიანი ამ რადიკალურ ნაბიჯზე კი იმიტომ წავიდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მანამდე არ "დაუცაცხანა" აზერბაიჯანელ კოლეგას, რისი დიდი იმედიც ერევანში ჰქონდათ.

შედეგად, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლობები ოპერატიულად გამოეხმაურნენ ოფიციალური ერევნის თხოვნას და დაპირისპირებული მხარეებისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ დაბრუნებოდნენ ძველ პოზიციებს, ამასთან ევროკავშირმა არ გამორიცხა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ამ საკამათო მონაკვეთებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩაყენებაც...

მაგრამ, სანამ ევროპა-ამერიკა რამე კონკრეტულად გადაწყვეტს, 29 მაისის გამთენიისას სიუნიქის რაიონის სასაზღვრო ზოლთან უკვე გამოჩნდნენ რუსი მესაზღვრეები!

ბუნებრივია, რომ პუტინი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დასავლეთელ დამკვირვებლებს ცხვირსაც არ შეაყოფინებს, მაგრამ თვალში გვხდება, თუ როგორ სჯის ფაშინიანის ხელისუფლებას კრემლი და მთლიანად სომხეთს "მუხლებზე აჩოქებს" - რუსეთის მთავარ სამხედრო-პოლიტიკურ ფორპოსტად სამხრეთ კავკასიაში სომხეთის (რაზეც ასე ამაყობდნენ ერევანში ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ)ნაცვლად აზერბაიჯანი ხდება?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს