ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს... - კვირის პალიტრა

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს...

ნიდერლანდებში, ჰააგაში გაგრძელდა სასამართლო პროცესი, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ცაში, დონბასთან მალაიზიური "ბოინგ-777"-ის ჩამოგდების (რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა) ფაქტს იძიებს.

განახლებულ სასამართლო პროცესზე პირველად იქნა გამოქვეყნებული დეტალური ფოტოსურათები იმ ფრაგმენტებისა, რომელიც საბჭოთა წარმოების "ბუკის" საზენიტო რაკეტას ეკუთვნის.

ამ რაკეტის სამი მცირე ფრაგმენტი ამოღებული იქნა ჩამოგდებული "ბოინგის" ფრთის კონსტრუქციიდან, სადაც ის, სავარაუდოდ, საზენიტო რაკეტის სამგზავრო თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში აფეთქების შემდეგ აღმოჩნდა.

ჰაერში აფეთქებული "ბოინგის" ფრაგმენტები რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაიფანტა. მათი დიდი ნაწილი შემდგომ შეგროვდა და ჰააგაში გაიგზავნა.

როგორც ჩანს, რამდენიმეწლიანი დეტალური შემოწმების შემდეგ თვითმფრინავის ფრთის ნამსხვრევებში იქნა აღმოჩენილი "ბუკის" საზენიტო რაკეტის ეს სამი მცირე ფრაგმენტი, რაც საბოლოოდ ამყარებს გამოძიების ვერსიას, რომ უკრაინის თავზე მფრენი მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი", რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის დონბასში მალულად შეყვანილი, რუსეთის შეირაღებული ძალების, კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის "ბუკიდან" გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ჰააგის სასამართლო, იმედია, რამდენიმე თვეში დაასრულებს მუშაობას და საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს, რომ 298 უდანაშაულო ადამიანი უკრაინის ცაში სწორედ რუსი სამხედროების მიერ გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ იმსხვერპლა, თუმცა ეს, საერთო ჯამში, ეტყობა, ბევრს ვერაფერს შეცვლის - მიუხედავად ძალიან ბევრი გამყარებული მტკიცებისა, კრემლი მაინც ჯიუტად უარყოფს, რომ სწორედ მისმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ეს "ბოინგი", თუნდაც - შეცდომით...

ჰააგაში სასამართლო პროცესის განახლების წინ, ჩამოგდებულ "ბოინგში" დაღუპულთა ოჯახების ნაწილმა ღია წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელშიც ისინი ძალიან მოკრძალებულად სთხოვენ რუსეთის პირველ პირს, რომ მისმა ქვეყანამ აღიაროს მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდება, თუნდაც - შეცდომით, რათა მათი დაღუპული ახლობლების სულებს ერთგვარი შვება მიეცეს... მოსკოვი კი ისევ კატეგორიულად უარყოფს მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებას...

1983 წლის 1-ელ სექტემბერს საბჭოთა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა სახალინთან რაკეტებით ჩამოაგდო სამხრეთკორეული "ბოინგ-747"-ი, რასაც მის ბორტზე მყოფი 269 ადამიანი შეეწირა.

მაშინაც კრემლი რამდენიმე დღე ჯიუტად უარყოფდა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას, მაგრამ თვით საბჭოთა ხელისუფლებასაც კი ეყო გამბედაობა, ეღიარებინა ამ "ბოინგის" ჩამოგდება. ჩამოგდებული 'ბოინგის' ფრთიდან ამოღებული საზენიტო 'ბუკის' ფრაგმენტები

რუსეთის დღევანდელი ლიდერი კი ამას არ აკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას იმის აღიარებაც მოუწევს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები იბრძვიან, რაც მთელმა მსოფლიომ ისედაც იცის...

უფრო მეტიც - 2000 წელს რუსეთის მაშინდელმა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა ორდენით დააჯილდოვა გენერალი კორნუკოვი, ის კორნუკოვი, რომელმაც 1983 წლის 1-ელ სექტემბერს სამხრეთ კორეის სამგზავრო "ბოინგის" უკან მფრენი გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტს რაციით, ღია ტექსტით უბრძანა - "მე გიმეორებთ, გაანადგურეთ სამიზნე რაკეტებით!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს