15 სომეხი სამხედრო ტყვე 97 ათასი სომხური ნაღმის სანაცვლოდ...
15 სომეხი სამხედრო ტყვე 97 ათასი სომხური ნაღმის სანაცვლოდ...
15 სომეხი სამხედრო ტყვე 97 ათასი სომხური ნაღმის სანაცვლოდ...

თურმე, საქართველოსაც შეძლებია შუამავლისა და მომრიგებლის როლის შესრულება - ოფიციალური თბილისის დახმარებით, აზერბაიჯანმა სომეხი სამხედრო ტყვეების ნაწილი სამშობლოში საქართველოს გავლით გაუშვა.

ყარაბაღის მესამე ომში წაგებულ სომხეთს სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, ტყვეების გამოხსნის აუცილებლობაც დაემატა.

საქმე ის არის, რომ ორ ასეულამდე იარაღიანი სომეხი აზერბაიჯანის არმიამ გასული წლის დეკემბერში დააკავა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, ანუ 10 ნოემბერს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ, ყარაბაღში ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.

შესაბამისად, ოფიციალური ბაქო მათ სამხედრო ტყვეებად არ თვლის, დივერსანტ-ტერორისტებად მიიჩნევს და მათ გასამართლებას იწყებს.

აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები საქართველოს გავლით დააბრუნა

ტყვეების საკითხი ძალზე მტკივნეულად აღიქმება თავად სომხეთში, რასაც ადგილობრივი ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, კარგად იყენებს
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანის საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ.

ფაშინიანს სურს, რომ არჩევნებამდე, ყველა ტყვე როგორმე დააბრუნოს სამშობლოში და მცირედით მაინც აიმაღლოს ომში წაგებით მნიშვნელოვნად დაცემული იმიჯი, მაგრამ აზერბაიჯანს ერთი კონკრეტული მოთხოვნა აქვს - ტყვეებს მაშინ დავაბრუნებთ, როდესაც სომხეთი გადმოგვცემს იმ ნაღმური ველების დეტალურ რუკებს, რომლებიც სომეხმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიებზე შექმნესო.

მართლაც, თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში, მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთ მიმართულებაზე, ასევე, დაკავებულ შვიდ აზერბაიჯანულ რაიონში სომეხმა სამხედროებმა ძალიან ბევრი ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ჩააწყვეს.

სწორედ ამიტომაც იყო, რომ ყარაბაღის მესამე ომში აზერბაიჯანის არმიამ სამხრეთიდან, ირანის საზღვრის გასწვრივ განახორციელა წინსვლა, ფიზულის რაიონის გავლით და პირდაპირ არ შეუტია აგდამის მიმართულებიდან, რადგან აგდამი დღეისათვის მსოფლიოში, ეტყობა, ყველაზე დანაღმულ ადგილს წარმოადგენს.

ყარაბაღში განაღმული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები

ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტი ალიევი ცდილობს მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ ის უმოკლეს დროში ეკონომიკურად ააყვავებს ნაწილობრივად გათავისუფლებულ მთიან ყარაბაღს, რისთვისაც დიდ ინვესტიციებსაც იზიდავს, მაგრამ სომხებისგან დარჩენილი ნაღმური ველების გამო, რომელთა რუკები აზერბაიჯანელ გამნაღველებს არ აქვთ, ეს პროცესი ძალიან რთულად და ნელა მიდის.

ამას კიდევ ერთი დიდი პრობლემა ემატება - გათავისუფლებულ მიწებზე უკვე რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი სამხედრო და სამოქალაქო პირი აფეთქდა, ხოლო ბოლო ტრაგედიამ, როდესაც ქელბაჯარის რაიონში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე "კამაზის" ავტობუსი აფეთქდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ორი ჟურნალისტის, კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია...

ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებული აზერბიჯანელების "კამაზის" ავტობუსი

და, აი, საკმაოდ მოულოდნელად, აზერბაიჯანი 15 ტყვეს უბრუნებს სომხეთს, რის სანაცვლოდაც, აგდამის რაიონში არსებული ნაღმური ველების რუკებს იღებს, ზოგიერთი მონაცემით, ამ რუკებზე დატანილია 97 ათასი ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ადგილსამყოფელი!

ჩვენს მეზობლებში რომ მშვიდობა დამყარდეს, ეს საქართველოს ინტერესებშიცაა და მითუმეტეს, სასიამოვნო ფაქტია, როდესაც ცნობილი ხდება, რომ ოფიციალურ თბილისს დიდი საშუამავლო წვლილი მიუძღვის სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებისა და აზერბაიჯანისთვის სომხური ნაღმური ველების რუკების გადაცემის (რამაც მომავალში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინოს) საქმეში.

საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ "გარიგებაში" აშშ-ების ხელისუფლება და ევროკავშირიც მონაწილეობდა და საგულისხმოა, რომ ოფიციალური ერევანი სწორედ ვაშინგტონს დასთანხმდა "ნაღმები ტყვეების სანაცვლოდ" გადაცვლაში, არადა წესით, ეს ხომ იმ რუსეთს უნდა გაეკეთებინა, რომელიც მთიან ყარაბაღში თავს მთავარ "მომრიგებლად" თვლის?

რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ფაშინიანის ინიციატივა, საქმეში ამერიკელები და ქართველები ჩაერთო,  სილის გალუწუნების ტოლფასი შეიძლება გახდეს და ის ამას დასავლეთისკენ ხანდახან მომზირალ ფაშინიანს ალბათ არ აპატიებს, რისი შედეგიც შეიძლება ერთ კვირაში გამოჩნდეს, თუკი სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე პუტინის ძმაკაცის - ქოჩარიანის პარტია გაიმარჯვებს კრემლის პიარტექნოლოგების დახმარებით და სომხეთის პრემიერ-მინისტრად რობერტ ქოჩარიანს აირჩევენ...




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები