მე რომ ნატოს შტაბ-ბინის კარში თქვენი გენმდივანი შემოვატარე, თქვენ რატომ არ გვიშვებთ საქართველოს ნატოს ღია კარში? - კვირის პალიტრა

მე რომ ნატოს შტაბ-ბინის კარში თქვენი გენმდივანი შემოვატარე, თქვენ რატომ არ გვიშვებთ საქართველოს ნატოს ღია კარში?

2021 წლის 14 ივნისის ნატოს 31-ე, რამდენიმესაათიანი სამიტი ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში და ბუნებრივია, მასზე ვერ და არც გადაწყდებოდა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ასე საციცოხლო საკითხი - ბოლოსდაბოლოს როდის აგვისრულებს ნატო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დანაპირებს მის რიგებში მიღებასთან დაკავშირებით?

13-წლიანი ლოდინი და მუდმივი დაპირებები იმის შესახებ, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უკვე იმედის გაცრუებაში გადადის, რადგან რეალური წინსვლა, რაც გაწევრების სამოქმედო გეგმის მოცემაში შეიძლება გამოხატულიყო, დღემდე არ მომხდარა.

ნატოს ბოლო სამიტმაც საქართველოს ახალი იმედები მისცა, მაგრამ, ტრადიციულად, ისევ - მხოლოდ სიტყვიერად და არა - რამე ოფიციალური დოკუმენტის სახით.

ნატოს წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობენ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციას, მიესალმებიან ალიანსის მხარდამჭერ სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედროების დიდ როლს, მხარს უჭერენ ქართულ რეფორმებს და კვლავ გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას სამხედრო-პოლიტიკური რეფორმების გატარებისთვის, რათა ქვეყანა მზად იყოს ალიანსის რიგებში გასაწევრებლად - აი, ის ძირითადი პოსტულატები, რაც ნატოს მორიგმა სამიტმა საქართველოსთან მიმართებაში დადო.

ერთი შეხედვით, ესეც არ არის ცოტა იმის ფონზე, თუ რა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ნატო რუსეთის ბოლო წლების აგრესიული პოლიტიკის შედეგად - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავად სჭირდება სასწრაფო რეფორმა, რადგან რუსეთის, ჩინეთისა თუ ირანის სწრაფი მილიტარიზაციის ფონზე, ნატოს სამხედრო შესაძლებლობები შემცირდა, მით უმეტეს, რომ ალიანსის წევრი ბევრი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი კვლავ მინიმალურ ზღვარზეა.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური პირებისგან ზოგჯერ გაჟღერებულ ფრაზას, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მზად, გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი და უნდა განაგრძოს პოლიტიკური და სამხედრო რეფორმები, შეიძლება ვუპასუხოთ - რა თქმა უნდა, ქართულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისევე, როგორც მართლმსაჯულებასა და სამხედრო სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასახვეწი, მაგრამ ნატომ ბოლო წლებში თავის რიგებში ისეთი ქვეყნები მიიღო, სადაც გინდ დემოკრატიის ხარისხი და გინდ არმიის ნატოს სტანდარტის დონესთან დაახლოების დონე, ჩამოუვარდება საქართველოსას...

ასე რომ, ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი - ეს, საქართველო კი არ არის მზად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, არამედ - თავად ნატო არ არის მზად, დაიცვას საქართველო თუ უკრაინა, როგორც წევრი ქვეყნები, რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში...

ამის ფონზე ცოტა არადამაჯერებლად მოჩანს ნატოს ხელმძღვანელობის მიერ არაერთხელ ხმამაღლა განცხადებული - ნატო არცერთ სხვა ქვეყანას უფლებას არ მისცემს, დაბლოკოს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრების შესაძლებლობა!

არადა, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვეში მომხდარმა აგვისტოს ომმა და 2014 წლის რუსულმა სამხედრო აგრესიამ ყირიმსა და დონბასში, ფაქტობრივად, ჩაუკეტა საქართველოსა და უკრაინას გზა ალიანსის სრულუფლებიან წევრებად გახდომისა, რადგან ნატოს წევრი რიგი წამყვანი ქვეყნების (პირველ რიგში, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის) ლიდერებმა სწორედ რუსეთის შემდგომი არგაღიზიანების ფაქტორის გამო დაბლოკეს ჩვენი ქვეყნებისთვის ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის მოცემა და ბლოკირების ეს პროცესი დღემდე გრძელდება...

და ბოლოს, ამ ბლოგის ერთგულმა მკითხველმა რომ არ იფიქროს, ეს უცნაური სათაური რას ნიშნავსო, ერთ ისტორიას პირველად მოვყვები.

1999 წელს ქართველი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მცირერიცხოვანი ჯგუფი გაცნობითი პროგრამით ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ვიმყოფებოდით. იმ მომენტში ნატო დაარსებიდან 50 წლისთავს აღნიშნავდა და ერთი დიდი ფუსფუსი იყო. შენობიდან ცოტა ხნით გარეთ, სუფთა ჰაერზე გასვლა დავაპირე და კარში ერთ ჰალსტუხიან, შუახნის მამაკაცს შევეჩეხე. გზა დავუთმე, თუმცა მან ხელით მანიშნა, ჯერ თქვენ გამობრძანდითო. მოგეხსენებათ, იმერლებისა არ იყოს, ზრდილობა არც კახელებს გვაკლია, ჯიუტობის არ იყოს და ფეხები გავჩაჩხე, როგორ გეკადრებათ, ჯერ თქვენ შემობრძანდით-მეთქი, ამ რამდენიმეწამიანი "შემოდი-გამოდის" შემდეგ ჰალტუხიანმა მადლობა გადამიხადა და ნატოს შტაბ-ბინის კარში შემოვიდა... და მხოლოდ მას შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემ უკან ნატოს მთელი ხელმძღვანელობა, გენერალური მდივნის - ჰავიერ სოლანის თავკაცობით იყო თავმოყრილი და ჩვენი ჯელტმენობის პაექრობის დამთავრებას სულმოუთქმელად ელოდა, რადგან კარში, თურმე, ნატოს ახალდანიშნული გენერალური მდივანი - ჯორჯ რობერტსონი გამომიტარებია...

ასე რომ, ხომ მაქვს უფლება დავუსვა კითხვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს - მე რომ თქვენ ახალდანიშნულ გენერალურ მდივანს კარში გზა დავუთმე და პირველად შევუშვი ნატოს შტაბ-ბინაში, თავად ნატო როდის შეუშვებს ჩემს საქართველოს თავის ღია კარში? თუ, აღიარებთ, რომ პუტინის აჩრდილს აქვს დღემდე ჩახერგილი ნატოს ეს ღია კარი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს