ომი წააგო, არჩევნები მოიგო... - კვირის პალიტრა

ომი წააგო, არჩევნები მოიგო...

ანუ სომეხი ამომრჩევლის უმეტესობამ ისევ ომწაგებული ფაშინიანი არჩია პუტინის ძმაკაც ქოჩარიანს და, შესაბამისად, ყარაბაღისთვის შესაძლო მომავალი სარევანშო ომში საკუთარი შვილების გაგზავნას...

სომხეთში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ისევ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა, ისევე, როგორც 2018 წელს, მაგრამ მაშინ ყარაბაღისთვის ომი ფაშინიანს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წაგებული.

ამიტომაც საკმაოდ დიდ მოულოდნელობად იქცა, რომ ფაშინიანის პარტიამ ორჯერ მეტი უპირატესობით მოუგო მთავარ მოწინააღმდეგეს - ქოჩარიანის მომხრეებს.

სომეხი ამომრჩევლის ეს გადაწყვეტილება ცივი წყლის გადასხმის ტოლფასია, პირველ რიგში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის, რომელიც არ მალავს, რომ სომხეთის ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი მისი უახლოესი მეგობარია და კრემლს, ბუნებრივია, სურდა, რომ ერევანში ხელისუფლება ისევ "ყარაბაღის კლანს"- ქოჩარიანის ჯგუფს დაბრუნებოდა.

კრემლში ამის სამზადისი ჯერ კიდევ 2018 წლიდან დაიწყეს, როდესაც ერევნის ქუჩებში მასობრივად გამოსულმა ხალხმა ხელისუფლებაში ფაშინიანი მოიყვანა.

სწორედ ამის გამოც მოხდა, რომ პუტინმა 2020 წლის სექტემბრის ბოლოს ფარული თანხმობა მისცა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს, რომ დაეწყო საბრძოლო მოქმედებები ოკუპირებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონის დასაბრუნებლად.

27 სექტემბერს დაწყებული ყარაბაღის მესამე ომი, წესით, 20 ოქტომბრისთვის უნდა დამთავრებულიყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადებით, რომელიც დააფიქსირებდა ამ შვიდი ოკუპირებული რაიონის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას, ყარაბაღში კი - სომხების დარჩენას, იქ რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ჩაყენებით.

მაგრამ მაშინ ერევანი გაჯიუტდა და გააგრძელა უკვე წაგებული ომი, რითიც ისარგებლეს აზერბაიჯანელებმა და იმ შვიდ რაიონს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შუშაც მიაყოლეს.

10 ნოემბერს ერევანს ხელი რომ არ მოეწერა ცეცხლის შეწყვეტაზე, აზერბაიჯანული არმია, ალბათ, სტეფანაკერტ-ხანკენდისაც დაიკავებდა და ბოლომდე ეცდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თუმცა რუსეთი ბაქოს ამის უფლებას უკვე აღარ მისცემდა...

ყარაბაღის მესამე ომში ასეთი საშინელი მარცხის შემდეგ მოსალოდნელი გახლდათ ფაშინიანის მთავრობის სამარცხვინო გადადგომა, მაგრამ ბევრი პროგნოზის საწინააღმდეგოდ, ეს ასე არ მოხდა.

ფაშინიანმა ომში წაგების შემდეგ რვა თვე შეინარჩუნა ხელისუფლება და, რაც მთავარია, დიდი უპირატესობით მოიგო რიგგარეშე, ახლი კი - საპარლამენტო არჩევნებიც, რაც, პირველ რიგში, სომხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პრაგმატული და ეტყობა, სწორი არჩევანი გახლდათ.

სომეხი ამომრჩევლის უმეტესობა დაფიქრდა - ყარაბაღის მესამე ომს 5 ათასამდე მათი უახლოესი ახლობელი შეეწირა, რომელთა უმეტესობა სწორედ სომხეთის მოქალაქე ახალგაზრდა ჯარისკაცი გახლდათ და არა - უშუალოდ ყარაბაღის მაცხოვრებელი სომეხი. ხელისუფლებაში დაბრუნების მსურველი ქოჩარიანი კი ამ ამომრჩეველს სთავაზობდა რევანშს ყარაბაღის დაკარგული ნაწილის და, შეიძლება, იმ შვიდი აზერბაიჯანული რაიონის ხელახლა დასაკავებლად.

ეს კი ახალი ომია, რომელშიც ისევ ამ სომეხი ამომრჩევლის შვილები უნდა გააგზავნონ, რომლებმაც სისხლი უნდა დაღვარონ "ყარაბაღის კლანის" ინტერესებისთვის?

არა - ასეთი გახლდათ სომხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გადაწყვეტილება, რაც სომხეთის მომავლისთვის, ალბათ, უკეთესია, ვიდრე ისევ სისხლისღვრა იმ ყარაბაღისთვის, რომლის შენარჩუნებისთვის სომხებმა სამი ათეული წელი უზარმაზარი თანხები და თავისი ახალგაზრდების სიცოცხლე გაიღეს.

ფაშინიანის სიტუაცია რაღაცით წააგავს შევარდნაძისას, როდესაც აფხაზეთის ომის წაგების შემდეგ მანაც მაინც შეინარჩუნა ხელისუფლება, თუნდაც - რუსი სამხედროების დასავლეთ საქართველოში შემოყვანის ხარჯზე.

რა თქმა უნდა, მაშინდელი, აფხაზეთის ომში წაგებული საქართველო წააგავდა იმ აზერბაიჯანს, რომელსაც იმავე პერიოდში, მთიანი ყარაბაღის გარდა, კიდევ შვიდი რაიონი "ჩამოართვეს", მაგრამ მაშინ ბაქოში ელჩიბეის ხელისუფლება ჰეიდარ ალიევმა ჩაანაცვლა, შევარდნაძემ კი შესძლო სავარძლის შენარჩუნება.

ახლაც ფაშინიანის კვლავ გამარჯვება თვით აზერბაიჯანის ინტერესებშიც შედის, რადგან ის, ქოჩარიანისგან განსხვავებით, არ გაჰყვირის რევანშის შესახებ, რაც ალიევს, წესით, უნდა აწყობდეს, მით უმეტეს, რომ მას მორალური უპირატესობაც აქვს ოში დამარცხებულ, მაგრამ ხელისუფლებაშენარჩუნებულ ოპონენტთან.

ფაშინიანის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება არც საქართველოსთვის უნდა გახდეს ურიგო, რადგან ის მეტად პროდასავლური ფიგურაა, ვიდრე პუტინის ძმაკაცი ქოჩარიანი, თუმცა იმის დიდი იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ფაშინიანი რაღაც-რაღაცებზე კრემლის დიდ ზეწოლას არ დაჰყვება.

საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებულ ფაშინიანს უკვე ელოდება პრობლემები - შეიძლება სომხეთის ოპოზიციამ მიბაძოს ქართველ კოლეგებს და უარი თქვას მანდატების აღებაზე და სომხეთის პარლამეტი ერთპარტიულად დატოვოს.

გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი გამოდის ინიციატივით, რომ სომხეთი ისევ საპრეზიდენტო რესპუბლიკად დაბრუნდეს, რისი აღსრულების შემთხვევაში, ფაშინიანი მთელ ძალაუფლებას დაკარგავს, თუმცა ეს ნაკლებად შესაძლებელია, რადგან პარლამენტში დიდი უმრავლესობით გასული ფაშინიანის პარტიის დეპუტატები ასეთ გადაწყვეტილებაზე კენჭისყრას, ბუნებრივია, ჩააგდებენ.

კრემლმა შეიძლება ჯერჯერობით გადაყლაპა "სომხური მოულოდნელობა", რადგან ამ ეტაპზე პუტინისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს რუსეთიდან აზერბაიჯანზე გამავალი რკინიგზისა და საავტომობილო გზის დაკავშირება სომხეთთან და ირანთან.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ინტერესებშიცაა სომხურ მეგრიზე გამავალი რკინიგზის აღდგენა ნახიჩევანთან, რათა პირდაპირ კავშირზე გავიდეს თურქეთთან...

მაგრამ რა პოზიციას დაიჭერს ფაშინიანის ახალი მთავრობა ამ კომუნიკაციის შესაძლო გახსნაზე?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს