"ტომ კრუზის თვითმფრინავმა" თბილისის თავზე ფრენებს მოუხშირა...
"ტომ კრუზის თვითმფრინავმა" თბილისის თავზე ფრენებს მოუხშირა...
ფოტო:თბილისის ცის ხშირი სტუმარი - Airbus A400M Atlas
იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც დაბლა მფრენი თვითმფრინავების ხმის გაგონებაზე ცაში ახედვა არ ეზარებათ, ბოლო დღეებში შეამჩნიეს, რომ დღეში რამდენჯერმე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სისტემატურად ეშვება და ფრინდება განსხვავებული ტიპის სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ფრენის მარშრუტი არ აისახება ინტერნეტის იმ სპეციალურ საიტებზე, რომლებზეც დროის რეალურ რეჟიმში ჩანს თითქმის ყველა სამოქალაქო თვითმფრინავის გადაფრენის პარამეტრები.

გასაგებია, რომ თბილისის თავზე, დაბალ სიმაღლეზე გადამფრენ ამ ოთხძრავიან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, რომელიც ვიზუალური იდენტიფიკაციით Airbus A400M Atlas-ს წარმოადგენს, ეკიპაჟს სპეციალურად აქვს
გამორთული ტრანსპონდერი (რადიოსიგნალის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობა), მაგრამ გაჩნდა კითხვა - ყოველდღიურად ან რა ჩამოაქვს თბილისში, ან რა მიაქვს ნატოს ქვეყნების შეიარაღებაში მიღებულ ამ სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელსაც ჰაერში 37 ტონა ტვირთის აწევა შეუძლია?

როგორც გავარკვიეთ, ეს "ატლასები" გერმანიის ბუნდესვერის საკუთრება ყოფილა (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში 35 ასეთი
თვითმფრინავია), რომლებიც, თურმე, დაჩქარებული ტემპით ეზიდებიან ავღანეთიდან იმ შეიარაღებასა და სხვა მნიშვნელოვან ტვირთს, რომელიც აქამდე ავღანეთში განთავსებულ, გერმანულ სამხედრო კონტინგენტს ეკუთვნოდა და რომელთა თალიბებისთვის დატოვება ბუნდესვერს არ სურს...
თავდაცვის სამინისტომ 29 ივნისს გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:
ქართველი და გერმანელი სამხედროები თბილისის აეროპორტში დაშვებულ 'ატლასთან'
"ნატოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.

გერმანელი დიპლომატების განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო მხარდაჭერის მეშვეობით, ჯარების გამოყვანის პროცედურები უფრო ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდება. საქართველო ავღანეთიდან ნატოს ჯარების გადმოსროლის პროცესში, საქართველოსა და ნატოს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად მონაწილეობს, რომელიც ნატოს ძალებისთვის, მისი პერსონალისთვის, ნატოს კონტრაქტორებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ითვალისწინებს".

როგორც ხედავთ, საქართველო ნატოს კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის შემდეგ ისევ გამოადგა, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ლოჯისტიკური ჰაბი იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სხვადასხვა ქვეყნის და, პირველ რიგში, გერმანიის სამხედროები უპრობლემოდ დაბრუნდნენ ავღანეთიდან სამშობლოში, არადა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, ბოროტი ხმები ამტკიცებენ, რომ სწორედ გერმანიის დღემდე უცვლელი კანცლერია საქართველოს ალიანსში გაწევრების რეალური პროცესის მთავარი დამამუხრუჭებელიო...
ტომ კრუზი ჰაერში აწეულ 141 ტონიან 'ატლას' ჩამოეკიდა...
ასეა თუ ისე, ეს შედარებით თანამედროვე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ნატომ მხოლოდ შვიდი წლის წინ დაიწყო, თბილისის თავზე, დაბალ სიმაღლეზე (დაშვებისას თბილისის ზღვას ის 1 200 მ-ის სიმაღლეზე გადაუფრენს) ფრენისას ბევრად უფრო ნაკლებ ხმაურს წარმოქმნის, ვიდრე ასევე ოთხძრავიანი, ტურბოხრახნიანი საბჭოთა Ан-12, რადგან თბილისის აეროპორტიდან დილაუთენია დატვირთული Ан-12-ის აფრენა ნახევარი თემქისა და მუხიანის გაღვიძებას იწვევს...

ნატოს "ატლასის" ერთგვარ დიდ რეკლამად იქცა მისი გამოჩენა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის - "მისია შეუსრულებელიას" ერთ-ერთ გაგრძელებაში, სადაც ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი ჯერ Airbus A400M Atlas -ის ფრთაზე დარბის, შემდეგ კი - ჰაერში აფრენილი თვითმფრინავის გვერდით კარს ჩამოეკიდება...და რაც ყველაზე საინტერესოა, ტომ კრუზი დუბლიორის გარეშე, თავად ასრულებდა ამ სახიფათო ტრიუკს...

პ.ს. მთავარია, ქართული სამხედრო კონტინგენტი მთლიანად, მშვიდობიანად გამოვიყვანეთ ავღანეთიდან. ნატოსაც არ დავამადლით ასეთ დახმარებას, თუ გინდ მათ საქმით ნაკლებად დაგვიფასონ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

Მიშა
03 ივლისი 2021 16:38
Როგორიც გინდათ ისეთი ხმები უწოდეთ. Რიალობაა რომ გერმანია და საფრანგეთი არ ემხრობიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ამ ეტაპზე. Რატომ? - ეგ უკვე მეორე საკითხია. Ამავდროულად ეგ ქვეყნებია რომლებიც ემხრობიან ევროკავშირის რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას. (განსაკუთრებით ჯო ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ.) ანალიზი თქვენთვის მომინდვია.
სოსო
01 ივლისი 2021 21:57
ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას, აუცილებლად ჭირდება სატრანზიტო ქვეყანა? გარდა საქართველოსი, სხვა ქვეყნები რატომ არ გამოდგებიან საამისოდ?
დათო
01 ივლისი 2021 15:33
ყოჩაღ ტომ კრუზა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები