ექსტრემალური ჟურნალისტიკა დედაქალაქის ცენტრში ანუ როცა ნადირობა ჟურნალისტებზე ცხადდება... - კვირის პალიტრა

ექსტრემალური ჟურნალისტიკა დედაქალაქის ცენტრში ანუ როცა ნადირობა ჟურნალისტებზე ცხადდება...

მერვე წელია, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში ექსტრემალურ ჟურნალისტიკას ვასწავლი და სტუდენტებს ყოველწლიურად დაწვრილებით ვუხსნი, რომ პროფესიონალური მოვალეობის შესრულების დროს, იქნება ეს ფრონტის წინა ხაზზე, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისა თუ მიტინგების დაშლის გაშუქებისას, როგორ უზრუნველყონ პირადი უსაფრთხოება, რადგან არც ერთი რეპორტაჟი თუ სტატია არ ღირს მათ სიცოცხლედ.

მაგრამ ის, რაც 5 ივლისის ვიდეოკადრებში ვიხილე, არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება, რადგან ეს უკვე ექსტრემალური ჟურნალისტიკაც აღარ არის, ეს ჟურნალისტებზე გამოცხადებული ნადირობა იყო!

ჩემი 29-წლიანი სამხედრო ჟურნალისტიკის ისტორიაში შვიდი ომის გაშუქება იყო ფრონტის წინა ხაზიდან და - მოწინააღმდეგის ღრმა ზურგიდანაც კი, და რამდენჯერმე მტრის სნაიპერის სამიზნეც გავხდი, როდესაც გუმისთაზე ტრასირებადმა ტყვიამ ცხვირწინ გამიელვა, მაგრამ ის ჩემი და ჩემი ქვეყნის მტერი იყო და იმიტომ მიმეტებდა მე, ქართველ ჟურნალისტს სასიკვდილოდ, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში, თბილისის ცენტრში დღისით-მზისით, გამეტებით რომ ურტყამ შენივე თანამოქალაქე ჟურნალისტს, ვინ ხარ? ვინ მოგცა უფლება იმიტომ დაარტყა, რომ ის ჟურნალისტია?

პირდაპირ ვიტყვი - მეც დიდი წინააღმდეგი ვიყავი და ვარ ასეთი აღლუმების რუსთაველზე გამართვის, მაშინ, როდესაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმს აღარ ვმართავთ.

ამასთან, კონკრეტული მასმედიის კონკრეტულ ანგაჟირებულ ჟურნალისტებს კოლეგებადაც ვერ მოვიხსენიებ (მით უმეტეს, რომ განვლილი სამი ათეული წლის განმავლობაში ბევრმა მათგანმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, რაც ჟურნალისტისთვის და უბრალოდ - ადამიანისთვისაც კი, მიუღებელია), მაგრამ ვის აქვს უფლება, ხელი ასწიოს რიგით ჟურნალისტზე, მის მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, თუგინდ ის კონკრეტული ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა ძალზე გეზიზღებოდეს და - არცთუ უმიზეზოდ?

როდესაც ერთ-ორ საათში ხუთ ათეულამდე მასმედიის წარმომადგენელზე ფიზიკური თავდასხმა ხდება, ეს უკვე შემთხვევითობა აღარ არის - დიდი ალბათობით, იყო "შეკვეთა", რომ დემონსტრაციულად და დაუნდობლად ეცემათ, რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი, განურჩევლად იმისა, ოპოზიციისა თუ ხელისუფლების მხარდამჭერ თუ სულაც - დამოუკიდებელი მასმედიის რომელ საშუალებას წარმოადგენდნენ ისინი, ან იმ ორომტრიალში ვინღა უყურებდა, თუ რომელი საინფორმაციო საშუალების წამომადგენელი იყო - მიკროფონი უჭირავს ხელში? - დაჰკა! ვიდეოკამერა აქვს გადებული მხარზე? -  დროშის ტარი თავში! დიდი ფოტოაპარატი მოიმარჯვა? - აბა, მუშტი გვერდიდან, ყბაში!

ვიდეოკადრებში გამოჩენილი ერთადერთ ჟურნალისტი-ფოტოგრაფი იყო ისე აღჭურვილი, როგორც ნამდვილ ექსტრემალ ჟურნალისტს შეესაბამება - დარტყმის შემანელებელი ჟილეტით და სპეციალური მუზარადით, მაგრამ რად გინდა? ვიღაც მუტრუკი გვერდიდან მიეპარა და არაკაცურად მაშინ დაარტყა სახეში, როდესაც ჟურნალისტი გვერდზე იხედებოდა...

პრემიერ-მინისტრის თხოვნა-მოთხოვნა, რომ ის "აღლუმი" არ გამართულიყო, როგორც აღმოჩნდა, რეალური საფრთხიდან გამომდინარეობდა - მაინც რომ ვინმეს ეცადა ფერადი დროშებით გამოსვლა, ეტყობა იმ შავბედით დღეს თბილისი მსხვერპლს ვერ გადაურჩებოდა, საქართველო კი კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო პრობლემებს.

თითოეულ მომიტინგესა თუ ჟურნალისტს პოლიციელს ვერ დაუყენებ, მაგრამ სამართალდამცავი ამ უწყების ოპერატიული რეაგირების ხარისხი იმ დღეს ძალიან ბევრ კითხვას აჩენს: ნუთუ პოლიციას არ შეეძლო უფრო ეფექტიანად მოქმედება აგრესიული მომიტინგეების დასაშოშმინებლად, თუნდაც "ბეტმენების" დახმარებით?

მაგრამ ამასაც აქვს თავის წინაპირობა - მანამდე ოპოზიციის არანაკლებ აგრესიული ჯგუფები იმავე რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივ წესრიგს თვეობით უხეშად არღვევდნენ და ამისთვის არ ისჯებოდნენ, ჰოდა, დაუსჯელობის სინდრომმა გაათამამა 5 ივლისის "ანტიგმირებიც"...

ნუთუ არ შეიძლება, რომ რუსთაველის გამზირზე ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს ნებისმიერი მიტინგისა და პოლიტიკური თუ სოციალური სახის მსვლელობების ჩატარება? ნუთუ არ გვეყო რუსთაველის გამზირზე დაღვრილი სისხლი - 1956 წლის 9 მარტს, 1989 წლის 9 აპრილს, 2007 წლის 7 ნოემბერს, 2011 წლის 26 მაისს, 2019 წლის 20-21 ივნისს და ეხლა - 2021 წლის 5 ივლისს?!

გამოვაცხადოთ ჩვენი დედაქალაქის მთავარი პროსპექტი მიტინგებისგან თავისუფალ ზონად...

პ.ს. ფანატიზმი საშინელი სენია და თუ ის ერის ნაწილს შეეყარა, იმ ქვეყანას დიდი პრობლემები უჩნდება. ათას ჭირ-ვარამ გადატანილი საქართველო და ქართველები იმან გადაგვარჩინა, რომ ფანატიზმში აქამდე არ გადავვარდით, მიუხედავად ამდენი პრობლემებისა.

მაგრამ დღეს თუკი ვიღაც გრძელთმიან ბიჭებსა და მოკლეკაბიან გოგონებს ამ ნიშნების გამო საცემად მისდევს, ხვალ ეტყობა, სათვალიანებს დაერევა, ზეგ, ალბათ, მელოტებს, ასე რომ, ფანატიზმი საქართველოს ვერ გადაარჩენს, ის ჩვენს სამშობლოს დაღუპავს.

ხოლო საერთო სახალხო პროტესტის გამოხატვა იმის გასაპროტესტებლად, რაც მართლა მიუღებელია, უფრო ცივილურად და მშვიდობიანად შეიძლებოდა, ჟურნალისტების გადამტერების გარეშეც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ 5 ივლისს ჩვენს ქვეყანას "მართული ქაოსის" კიდევ ერთი რაუნდი ჩაუტარეს, საქართველოს უცხოელმა და ადგილობრივმა მტრებმა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს