სახიფათო "რაგბი" რუსთაველზე - პოლიციამ ქვეყნისთვის დამანგრეველი "ლელო" არ დაადებინა...
სახიფათო "რაგბი" რუსთაველზე - პოლიციამ ქვეყნისთვის დამანგრეველი "ლელო" არ დაადებინა...
5 ივლისს გამოცხადებულ "ჟურნალისტთა ნადირობაზე" "ჩაჭრის" შემდეგ, 6 ივლისს პოლიციამ თავისი დანიშნულების სრული რეაბილიტაცია მოახდინა და საქართველო გადაარჩინა იმ სასიკვდილო საფრთხეს, რომელიც აუცილებლად დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუკი აგრესიულად განწყობილი მომიტინგეები გაარღვევდნენ საპოლიციო კორდონებს და პარლამენტის წინ მდგომი სხვა აქციის მონაწილეთა რიგებში შეიჭრებოდნენ...

ეტყობა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 5 ივლისს იყო დაგეგმილი, თუკი სხვადასხვაფერიანი დროშების ფრიალით მოქალაქეების ჯგუფები რუსთაველზე ჩავლას დაიწყებდნენ, მაგრამ მაშინ პრემიერ-მინისტრის თხოვნა-მოთხოვნამ იმუშავა და სხვადსხვაფერიანი დროშები რუსთაველზე არ
აუფრიალებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება "სასაკლაო" მიგვეღო, რადგან პოლიცია ვერ უზრუნველყოფდა პროსპექტზე გაწელილი აქციის ყველა მონაწილის დაცვას კონტრაქციის აგრესიული წევრების მიერ სხვადასხვა ქუჩებიდან დაწყებული თავდასხმებისგან.

ეს კარგად გამოჩნდა ჟურნალისტების მასობრივი დარბევით - კონტრაქციის აგრესიულმა წევრებმა სხვადასხვაფერიანი დროშიანების ნაცვლად ენერგია სწორედ ჟურნალისტებზე "დახარჯეს", რუსთაველის პროსპექტისა და მისი
მიმდებარე ქუჩების სხვადასხვა კუთხეებში, რისი აღკვეთაც მაშინ პოლიციამ სრულად ვერ შეძლო.
6 ივლისის საღამოს კი მოქმედების ტაქტიკა შეიცვალა, რადგან ფერადდროშიანები და მათი მხარდამჭერები კომპაქტურად შეიკრიბნენ პარლამენტის წინ და პოლიციასაც რუსთაველის გამზირის მხოლოდ ასიოდე მეტრის ჩაკეტვამ მოუწია, ორივე მხრიდან, ასევე -  პროსპექტთან შემაერთებელი ოთხი გზის.
ერთი შეხედვით, საპოლიციო ძალები, წინა დღესთან შედარებით, უფრო სოლიდურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ როდესაც კონტრაქციის წევრებმა საპოლიციო კორდონზე, მისი გარღვევის მიზნით, შეტევა დაიწყეს, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

ყველაფერი რაღაცით რაგბის თამაშს დაემსგავსა, როდესაც კონტრაქციის აგრესიული წევრები პოლიციელთა პირველ ხაზს მიაწვნენ და"შერკინებაც" დაიწყო თავისი "შებოჭვებით", "რაქით", "თავისუფალი დარტყმებით"(ბოთლებისა და ქვების სროლით), "ყვითელი და წითელი ბარათებით"(დაკავებული მომიტინგეებით)... ისე დარჩა შთაბეჭდილება, რომ კონტრაქციის ყველაზე აქტიური წევრები მთლად მწყრალად არ უნდა იყვნენ რაგბთან და ყოფილი ან მოქმედი რაგბისტებიც შეიძლება არიან.

ერთი-ორჯერ შემტევმა მხარემ პოლიციელთა პირველი ხაზი გაარღვია, მაგრამ მეორე ხაზის "დაცვამ" ივარგა და "შერკინება ჩააწვინა" და, რაც მთავარია, არ მისცა საშუალება იერიშზე გადასულებს, დაედოთ სასიკვდილოდ საშიში "ლელო" ანუ შეჭრილიყვნენ პარლამენტის წინ და იქ მუშტი-კრივი მოეწყოთ, სადაც დანდობა არავის ექნებოდა, რისი საშინელი პრეცედენტიც წინა დღეს ჟურნალისტებზე იქნა აპრობირებული.

პოლიციამ 6 ივლისს გამოცდა ჩააბარა, რამდენიმე დაშავებული თანამშრომლისა და ნერვების დაწყვეტის ხარჯზე, თუმცა "რაგბის სათამაშო მოედნად" ქცეულ რუსთაველის გამზირზე მაინც არ გამოაჩინა თბილისის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმები, მათ შორის - "ბეტმენებად" თუ "რობოკოპებად" მონათლული, სპეციალურ მომზადება გავლილი თანამშრომლები.

ეჭვს გარეშეა, რომ "რობოკოპები" რუსთაველის პროსპექტის სიახლოვეს, ავტობუსებში ისხდნენ და "რაგბის მოედანზე" ბრძანებიდან რამდენიმე წუთში შევარდებოდნენ, თუკი კონტრაქცია საპოლიციო კორდონს საბოლოოდ გაარღვევდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო დაძაბავდა სიტუაციას და პოლიციის ხელმძღვანელობაც ეტყობა, ამიტომაც ბოლომდე იკავებდა თავს დაპირისპირების ადგილზე მუზარადიანი და ხელკეტიანი სპეცრაზმელების გამოჩენისგან.

ასევე, საგულისხმოა, რომ საპოლიციო კორდონების დაყენებასა და მართვის ხელმძღვანელობას მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ახორციელებდა და ათობით ვიდეოკამერის ობიექტივს არ დაუფიქსირებია შსს-ს ბევრად უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკები დაძაბულობის ადგილზე. ბუნებრივია, მათ ამ დროს სახლში არ ეძინათ და, ალბათ, საერთო ხელმძღვანელობას დისტანციურად, სიტუაციური ოთახიდან ახდენდნენ, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევის წინა დღეს, შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელობის ბრძანებით, რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებით კი - პარლამენტის წინ, ქუჩის განათების ბოძებზე მრავლად დააყენეს სათვალთვალო ვიდეოკამერები, რომლებიც გამოსახულებას ონლაინ რეჟიმში გადასცემენ. შემდგომ ხელისუფლებას ეს კამერები არ ჩამოუხსნია, პირიქით - მიამატა, ასე რომ, ყველა იმ ადამიანის სახის დაფიქსირება, ვინც კანონს არღვევდა, რთული არ არის.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, ფერადდროშიანთა გამომწვევი და პროვოკაციური მოქმედებებიც, როდესაც ისინი დემონსტრაციულად უშვებდნენ სხვადასხვა ფერის მაშხალებს და ფერად ფროშებს ცხვირწინ უფრიალებდნენ საპოლიციო კორდონს მიღმა მოქუჩებულ, ისედაც გავეშებულ კონტრაქციის კუნთმაგარ ბიჭებს. ეს იმის ტოლფასი გახლდათ, ტორეადორი დაჭრილ ხარს წითელ დროშას ცხვირწინ რომ აუფრიალებს...

შესაბამისად, კონტრაქციის წარმომადგენელთა აგრესია პიკს ურტყამდა და ისინიც მორიგ "შერკინებას" იწყებდნენ საპოლიციო კორდონის გასარღვევად, ჯამში კი, ყველაზე მეტად ისევ პოლიციელები ზარალდებოდნენ.
დასკვნის სახით, ერთი რამის თქმა მინდა - 5 და 6 ივლისს ჩვენმა საქართველომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ დაკარგა, რაც ფერადდროშიანებისა და ფანატიკოსების მთავარი "დამსახურებაა", მაგრამ, საბედნიეროდ, არც ერთნი და არც მეორენი არ წარმოადგენენ მრავალრიცხოვან მასას და ისე არ წვიმს, როგორც ქუხს - საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მსოფლიოს დასანახად სპეციალურად მოწყობილი "მართული ქაოსის" მორიგი რაუნდის მიუხედავად, ჩვენი სამშობლო მაინც წინ წავა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
კახა
27 ივლისი 2021 12:05
ვისთან გსურთ ერთიანობა ქალბატონო ნათელა?
ნათელა
07 ივლისი 2021 16:12
რატომ გვიყვარს ქართველებს' სხვის დაკრულზე ბუქნაობა?' ამით ხომ მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს? როდის უნდა გავითავისოთ რომ მხოლოდ ერთობაა ჩვენი ხსანა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები