7 წელი "ბოინგის" "დახვრეტიდან" ანუ როდესაც მსოფლიო დონის ტერორისტები კვლავ დაუსჯელები რჩებიან... - კვირის პალიტრა

7 წელი "ბოინგის" "დახვრეტიდან" ანუ როდესაც მსოფლიო დონის ტერორისტები კვლავ დაუსჯელები რჩებიან...

დღეს შვიდი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მფრენი მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" რუსულმა საზენიტო "ბუკმა" ჩამოაგდო, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა...

ამ ტრაგედისს დეტალებზე აღარ შევჩერდები, რადგან ჩემი ბლოგის მკითხველს დაწვრილებით შეუძლია გაეცნოს ბლოგის არქივში ამ თემაზე ჩატარებულ მრავალწლიან ჟურნალისტურ კვლევას თუ ვინ, როგორ და რატომ ჩამოაგდო ეს სამგზავრო "ბოინგი".

ბოლო ერთი წელია ნიდერლანდებში მიმდინარეობს საერთაშორისო სასამართლო მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებასთან დაკავშირებით და უკვე გამოკვეთილი ჰყავს ოთხი კონკრეტული ბრალდებული - იმ პერიოდში დონბასში პრორუსული შეირაღებული რაზმების მეთაურები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საზენიტო "ბუკის" დანადგარის რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მალულად შეყვანას, საზენიტო რაკეტის "ბოინგისთვის" სროლას და ამ "ბუკის" ისევ რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებას.

მთავარი სიახლე სასამართლოში ის გამოჩნდა, რომ ბრალდების მხარის განკარულებაში აღმოჩნდა ათასობით აუდიოჩანაწერი იმ სატელეფო ზარებისა, რომლებშიც ბრალდებულები ერთმანეთთან და სხვა პირებთან ინტენსიურად კონტაქტობენ "ბუკის" გამოყენების ოპერაციის დროს.

მაშინ, 2014 წლის ზაფხულში უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსული ძალების მიერ ახალი წამოწყებული იყო შეირაღებული ამბოხი და ისინი ძირითადად უკრაინული მობილური კავშირის კომპანიების ქსელებით სარგებლოდნენ.

ეს გარემოება მაშინ კარგად გამოიყენა უკრაინის უშიშროების სამსახურმა და ასობით საეჭვო პირის მობილური ტელეფონების მიყურადება და საუბრების ჩაწერა განახორციელა.

ჰააგის სასამართლოს განკარგულებაშია ისეთი სატელეფონო საუბრები, რომლებიც უკვე კითხვებსაც აღარც აჩენენ თუ ვინ ჩამოაგდო "ბოინგი", თუმცა დაცვის მხარე ეხლა ამ სატელეფონო საუბრების ავთენტურობის დადგენას ითხოვს, რათა დროში კიდევ უფრო გაახანგრძლივოს სასამართლო პროცესი და შესაბამისად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისა და ასობით ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეების ვინაობის ოფიციალურად დადასტურება სასამართლოს მიერ გააჯანჯლოს.

მართალია გამოძიება და სასამართლო პროცესი უსაშველოდ გაიწელა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდების საქმის ძიება მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სრულყოფილი, რადგან აქამდე არცერთი საავიაციო კატასტროფის გამოკვლევისას ამ მოცულობის ექსპერიმენტები, შედარებები, მოკვლევები არ ჩატარებულა.

გასაგებია, რომ გამოძიებაც და სასამართლოც ყველა ღონეს ხმარობს, რომ დამნაშავე მხარეს იოტისოდენო საშუალებაც კი არ დაუტოვოს იმის სამტკიცებლად, რომ გამოძიება არასრულფასოვნად ჩატარდა და მოსამართლეებმაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს...

მაგრამ რად გინდა ეს წვალება, როდესაც ძალა აღმართს ხნავს-პუტინი ამბობს არა და ვინ მოსთხოვს პასუხს ბაიდენი თუ მერკელი მაკრონთან ერთად?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს