ნახიჩევანთანაც უკვე ისვრიან...
ნახიჩევანთანაც უკვე ისვრიან...
სომხეთ-აზერბაიჯანის შეირაღებული დაპირისპირება უკვე ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან ფიქსირდება...

ყარაბაღის ბოლო ომის დამთავრებიდან უკვე 9 თვე გავიდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სიტუაცია თითქმის გაირკვა - 44-დღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი შვიდი რაიონი, რომლებიც სომხეთს ჰქონდა დაკავებული თითქმის 30 წლის განმავლობაში.

ასევე, ბაქომ აღადგინა კონტროლი ყოფილი "მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიური ოლქის" ნაწილზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ შუშას ჩათვლით.

ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობა რუსი სამხედროების დაცვის ქვეშ სტეპანაკერტში კვლავ რჩება, თუმცა მისი
ფუნქციები მნიშვნელოვნად შეკვეცილია.

ომში წაგებულ სომხეთს კი შინ ძალიან ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სახის პრობლემები დაუგროვდა იმისთვის, რომ მან კვლავ შეძლოს, შეინახოს და ასაზრდოოს პროსომხური სეპარატისტული ხელისუფლება იმ ყარაბაღში, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო ოფიციალურად მიიჩნევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილად.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო დღეებში
მნიშვნელოვნად დაიძაბა სომხურ-აზერბაიჯანული, ისედაც არამეგობრული, ურთიერთობები და თითქმის ყოველდღე ორმხრივი სროლის ხმა ისმის, მაგრამ არა ყარაბაღში, არამედ - ნახიჩევანისა და სომხეთის საზღვართან.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, თუმცა მათ ერთმანეთისგან სომხეთის სიუნიკის რაიონის 40 კმ სიგანის ტერიტორია ჰყოფს.

პრეზიდენტი ალიევი სიუნიკს ზანგეზურად მოიხსენიებს და არაერთხელ უკვე ხაზი გაუსვა, რომ ზანგეზური "ირევანთან" ერთად ისტორიულადაც აზერბაიჯანული მიწებია და თუკი სომხებს სამი ათეული წელი ჰქონდათ დაპყრობილი ყარაბაღი და აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონი, მაშინ ბაქოსაც აქვს სრული უფლება მოისურვოს ისტორიული მიწების დაბრუნებაო, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის მესამე ომში ცეცხლის შეწყვეტის 10 ნოემბრის ხელშეკრულების ბოლო პუნქტში წერია სომხეთის სიუნიკის რაიონის გავლით აზერბაიჯანიდან ნახიჩევანთან კომუნიკაციების აღდგენის შესახებ, რისი სწრაფად განხორციელებისთვის ძალიან დაინტერესებულია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ეს თურქეთის პრეზიდენტის ინტერესებშიც უნდა იყოს.

გუშინ, ღამით, ორმხრივი სროლები მიმდინარეობდა სომხური სოფლის - ერასხისა და ნახიჩევანის აზერბაიჯანული დასახლებული პუნქტის - ჰეიდარაბადს შორის, რასაც აზერბაიჯანელი ოფიცრის დაჭრაც მოჰყვა.
ორმხრივი სროლის ადგილი სულ რაღაც 6 კმ-შია თურქეთის საზღვრიდან და ის ფაქტი, რომ შეირაღებული დაპირისპირების შემთხვევები იმატებს, სწორედ ნახიჩევანის საზღვართან (არადა, ყარაბაღის ბოლო ომის დროს აქ ბრძოლები საერთოდ არ გამართულა) შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ არიან ძალები, ვისაც აზერბაიჯან-ნახიჩევანის შემაერთებელი გზის აღდგენა სომხეთის ტერიტორიის გავლით არაფრისდიდებით არ სურთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები