"დიდგორებმა" საქართველო გადაკვეთეს... - კვირის პალიტრა

"დიდგორებმა" საქართველო გადაკვეთეს...

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე - ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება.

"მტკიცე სულს" უკვე მეათედ მასპინძლობს საქართველო და ეს კარგად მიუთითებს იმაზე, რომ ქართული არმია დასავლეთის, კერძოდ კი - ნატოს წევრი ქვეყნების არმიების ერთგული და სრულფასოვანი პარტნიორი გახდა და მათ პოლიგონების გარდა, კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის საერთო საბრძოლო გამოცდილებაც აკავშირებთ.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი ერთობლივი საწვრთნელი და საბრძოლო მოქმედებები, სამწუხაროდ, დღემდე მაინც ვერ გახდა იმის საწინდარი, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად მიიღონ, თავად ნატოს სამხედრო მეთაურობაშიც იმედია, ვერ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემისა, ქართული არმია არათუ ჩამოუვარდება, არამედ - ზოგიერთ ნიუანსებში სჯობს კიდეც ალიანსის ზოგიერთი ახალმიღებული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს...

მაგრამ, როგორც იტყვიან, თავს ზემოთ როდესაც ძალა არ არის და საქართველოს ალიანსში გაწევრების საკითხს დიდი პოლიტიკა წყვეტს ანუ რუსეთის ფაქტორი კვლავ დამაშინებლად მოქმედებს რიგ ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებზე, იძულებული ვიქნებით მხოლოდ ასეთ ერთობლივ, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას დავჯერდეთ, რაც ბუნებრივია, არავითარ გარანტიას არ წარმოადგენს, რომ ქართულ პოლიგონებზე მოვარჯიშე ამერიკელებმა თავიანთი ტანკები "აბრამსები" თუ ბრიტანელებმა ქვეითთა საბრძოლო მანქანები"უორიორები" შეტევაზე გადმოსულ რუსულ ჯავშანტექნიკას დაუპირისპირონ...

ამის მძიმედ გასახსენებელი მოგონება კი დაგვრჩა 2008 წლის აგვისტოს ომიდან, როდესაც ასეთივე საერთაშორისო სამხედრო სწავლების შემდეგ ამერიკელებს თავისი ტექნიკა სასწრაფოდ გაჰყავდათ საქართველოდან, თუმცა ფოთის სავაჭრო პორტში შეჭრილმა რუსულმა სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფმა ალაფის სახით მაინც მოახერხა ხუთი ამერიკული "ჰამვის" ხელში ჩაგდება, რომლებიც მოსკოვს ვაშინგტონისთვის დღემდე არ დაუბრუნებია...

წლევანდელი სწავლების ერთ-ერთ თვალსაჩინო მომენტად იქცა ერთგვარი ავტოგადარბენა სენაკიდან ახალციხემდე, ორფოლოს პოლიგონამდე, რომლებიც სხვადასხვა მოდიფიკაციის ქართული "დიდგორების" ჯავშანკოლონამ განახორციელა.

ქართულდროშიანი ქართული ჯავშანმანქანების ქართული გზებით თითქმის მთელი საქართველოს გადაკვეთას შეიძლება ჰქონდა ერთგვარი პიარის ნიშნებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უფრო იყო სამხედრო-პატრიოტული სახის ჩვენება მოსახლეობის იმ დიდი ნაწილისთვის, რომელთა თვალწინაც ჩაიარა ქართველი სპეციალისტების მიერ საქართველოშივე აწყობილმა სამხედრო ტექნიკამ.

ამ ბლოგის ავტორი, 2011 წლიდან მოყოლებული, მუდამ იმას გაიძახოდა, რომ "დელტაში" აწყობილი "დიდგორები" საჯარისო გამოცდებისთვის აუცილებლად უნდა გადასცემოდა ქართული არმიის დანაყოფებს, რომ მათ ინტენსიური ექსპლუატაციის შედეგად გამოევლინათ "დიდგორების" სხვადასხვა მოდიფიკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გასულ წელს ეს ბოლოსდაბოლოს განხორციელდა და "დიდგორის" ბაზაზე აწყობილმა ოთხ ათეულამდე ჯავშანმანქანამ "დელტადან " ქართული არმიის ქვეით ბრიგადებში გადაინაცვლა.

"დიდგორების" ასეთი ავტოგადარბენები რამდენიმე ასეულ კილომეტრზე და განსაკუთრებით - მათი აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა სახის წვრთნებსა და სწავლებებზე, "დელტას" სპეციალისტებს გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებისა და "დიდგორების" გაუმჯობესების კარგ საშუალებას მისცემს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს