ამერიკამ "თალიბების" დაბომბვა განაახლა...
ამერიკამ "თალიბების" დაბომბვა განაახლა...
"თალიბებთან" შეთანხმებამ, სავარაუდოდ, ბოლომდე არ იმუშავა და ავღანეთის არსებული მთავრობის თხოვნით, აშშ-ის საბრძოლო ავიაციამ განაახლა საჰაერო დარტყმების მიყენება იმ კონკრეტულ რაიონებში, სადაც თალიბები საბრძოლო უპირატესობას აღწევენ და წინ მიიწევენ, დედაქალაქ ქაბულისკენ.

ეს ძალიან წააგავს 1989 წლის თებერვლის მოვლენებს, როდესაც საბჭოთა არმია ტოვებდა ავღანეთის ტერიტორიას ცხრაწლიანი ომის შემდეგ და საბჭოთა გენერლებს ადგილობრივ მოჯაჰედებთან ფარული მოლაპარაკებები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთიდან გამსვლელ საბჭოთა სამხედრო კოლონებს მოჯაჰედები თავს აღარ დაესხმოდნენ.

თუმცა მაშინ საბჭოთა
გენერალიტეტმა "გადააგდო" მოჯაჰედები და ჯარების სახიფათო ზონიდან, სალანგის უღელტეხილიდან გამოყვანის შემდეგ ძლიერი საჰაერო დარტყმები მიაყენა გამარჯვებას მოზეიმე მოჯაჰედებს.
ამჯერად ამერიკელებსა და თალიბებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე ავღანეთიდან ამერიკული და ნატოს, ასევე - მისი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების გამოსვლას "თალიბები" ხელს არ უშლიან, თუმცა ხმამაღლა აფიქსირებენ,
რომ 11 სექტემბრის შემდეგ ვინც იარაღით ხელში დარჩება ავღანეთის მიწაზე, ის მტრად იქნება მიჩნეული და განადგურებული.

დღეს "თალიბების" მთავარ მოწინააღმდეგეს სამთავრობო ჯარები და, ასევე, ავღანელი შიიტებიც წარმოადგენენ, რომელთა მიმართაც თალიბებს დანდობა არა აქვთ.

პენტაგონი ცდილობდა, დამატებითი პრობლემების გარეშე გამოეყვანა თავისი სამხედრო კონტინგენტი და ბოლო ერთი-ორი თვის განმავლობაში აღარ აქტიურობდა და აღარც რაიმე სახის საბრძოლო ოპერაციებს ატარებდა ავღანეთში, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ავღანურ ცაში არაერთხელ დააფიქსირეს ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები, მათ შორის - უზარმაზარი, რვაძრავიანი სტრატეგიული ბომბდამშენი B-52, რომლებიც "თალიბების" პოზიციებს ბომბავდნენ.
ამერიკული საჰაერო დაბომბვების განახლების საპასუხოდ, "თალიბანიც", სავარაუდოდ, ეცდება, მტკივნეული დარტყმები მიაყენოს ამერიკელ სამხედროებს მიწაზე, თუმცა პენტაგონს ისეთი სისწრაფით გამოჰყავს ავღანეთიდან თავისი ჯარი, რომ "თალიბებს" რამდენიმე დღეში ძალიან გაუჭირდებათ მოქმედი პატარა ამერიკული სამხედრო ბაზის მონახვაც კი ავღანეთის ტერიტორიაზე.

თუმცა ქაბულში, აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების ზონის დასაცავად 600-მდე ამერიკელი სამხედრო ჯერჯერობით დარჩება, მაგრამ თუკი "თალიბების" საბრძოლო წარმატებები გაგრძელდა, მაშინ ამერიკულ, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნის საელჩოს, ქაბულიდან სასწრაფო ევაკუცია დასჭირდება.

ავღანეთის დედაქალაქიდან სწრაფი ევაკუაციის ერთადერთ საშუალებას კი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს, რომლის უსაფრთხოებასაც წლების განმავლობაში ქართველი სამხედროებიც ახორციელებდნენ.
დღეს ამერიკელ და თურქ დიპლომატებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება, რომ უხლოესი ექვსი თვის განმავლობაში ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოება თურქულმა სამხედრო კონტინგენტმა განახორციელოს.

ანკარა თანახმაა, ეს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სანაცვლოდ გააკეთოს, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან "თალიბები", რომლებსაც ჯერ არ აღუდგენიათ თავიანთი ხელისუფლება ქაბულში - თუკი თურქი სამხედროები დადგებიან ქაბულის აეროპორტის დაცვაში, ჩვენ მათ, როგორც მოწინააღმდეგეს, ისე მივიჩნევთ და გავანადგურებთ - აცხადებენ "თალიბები".

განახლებულმა ამერიკულმა საჰაერო დაბომბვებმა შეიძლება მხოლოდ დროში გადაწიოს "თალიბების" გამარჯვება, რადგან მათი ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნება ოცი წლის შემდეგ, თითქმის გარდაუვლად მოჩანს და მერე დაიწყება, რაც დაიწყება, თუკი თალიბები თავისი გავლენის გაფართოებას მეზობელ ქვეყნებზე შეეცდებიან, განსაკუთრებით კი - პოსტსაბჭოთა შუა აზიაში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
სოლომონი
12 აგვისტო 2021 22:52
თალიბებს დაფინანსება საიდან აქვთ იარაღს როგორ ყიდულობენ?! თუ გინდა რომ ეს სპექტაკი დასრულდეს შემოსავლის წყარო უნდა გადაკეტო, მაგრამ ყველაფერი ხომ ფულის გამო ხდება.. საცოდავი ავღანელი ხალხი..
ისტორიკოსი
01 აგვისტო 2021 06:32
ავღანელების მორჯულება მარტო ქარველებმაშეძლეს 18-ე საუკუნეში დიდი სისასტიკის წყალობით.დღემდე ახსოვთ ავღანელებს უფლისწული გიორგი.
გიაჯანო
30 ივლისი 2021 15:12
თალიბების გადაგდება ძვირი დაუჯდება ამერიკას, მანდ ვერც თურქები გაქაჩავენ და თუ ჭკუა აქვთ არც უნდა გაბედონ შესვლა, თორემ თალიბები გაანადგურებენ, ახლა უნდა გაამაგრონ მეზობელი ქვეყნების საზღვრები და გააძლიერონ მათი უშიშროება.ეგაა მთავარი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები