ნატომ პირველი "ცივი ომის" ოცნება "აისრულა"- ვაზიანის აეროდრომი საჰაერო დესანტით "დაიპყრო" - კვირის პალიტრა

ნატომ პირველი "ცივი ომის" ოცნება "აისრულა"- ვაზიანის აეროდრომი საჰაერო დესანტით "დაიპყრო"

რუსეთის ხელისუფლება და მოსახლეობის დიდი ნაწილიც ძალიან ავადმყოფურად განიცდის, როდესაც მის რომელიმე მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ნატო და განსაკუთრებით კი ამერიკელი სამხედროები რამე, ერთობლივ სამხედრო სწავლებებს ატარებენ.

გამონაკლისად არც 26 ივლისს, საქართველოს ხუთ, სხვადასხვა პოლიგონზე დაწყებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 იქცა, მაგრამ კრემლის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია კვირას, 1-ელ აგვისტოს ჩატარებულმა ამ სწავლების ერთ-ერთმა ელემენტმა - ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ამერიკულ-ქართული საპარაშუტო დესანტის გადმოსხმის, აეროდრომის დაკავებისა და მისი შენარჩუნების ოპერაციის სახით.

საქმე ის არის, რომ პირველი "ცივი ომის" პერიოდში, გასული საუკუნის 50-80-იან წლებში, სწორედ ვაზიანის სამხედრო აეროდრომი წარმოადგენდა ნატოს ერთ-ერთ, ძალზე მნიშვნელოვან "მსუყე ლუკმას", რომლის დაბომბვა, განსაკუთრებით კი - მისი ხელში ჩაგდება, იმდროინდელი ნატოელი გენერლების "სანუკვარ ოცნებას" წარმოადგენდა...

ეს კი იმით იყო განპირობებული, რომ პირველი "ცივი ომის" პერიოდში საბჭოთა კავშირის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლდათ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, რომლის შტაბი თბილისში იყო განთავსებული, ხოლო ძირითადი დამრტყმელი ძალა კი - ვაზიანის სამხედრო გარნიზონში.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის შტაბი (ამ დივიზიაში შედიოდა სენაკისა და მერიის საავიაციო პოლკებიც), ხოლო უშუალოდ აეროდრომზე დისლოცირდებოდა გამანადგურებელი და სადაზვერვო საბრძოლო თვითმფრინავების ორი პოლკი.

გარდა ამისა, ვაზიანის სამხედრო გარნიზონში თავმოყრილი იყო სახმელეთო ჯარების შენაერთებიც და, რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ვაზიანში, სპეციალურ მიწისქვეშა საცავებში ინახებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისთვის განკუთვნილი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული შეიარაღებაც...

ასე რომ, პირველი "ცივი ომის" დროს, თუკი პენტაგონის გათვლებში თბილისისთვის არანაკლებ ორი ბირთვული მუხტი იყო "გამეტებული", ვაზიანის სამხედრო აეროდრომი ცალკეულ მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენდა, რადგან იქედან აფრენილ საბჭოთა გამანადგურებელ თვითმფრინავებს შეეძლოთ, დიდი ზიანი მიეყენებინათ ამერიკული ბომბდამშენებისთვის.

საბჭოთა პერიოდში ვაზიანის აეროდრომის ტაქტიკური საჰაერო დესანტით ხელში ჩაგდება და ამ აეროდრომზე დამატებითი აერომობილური დანაყოფების გადასროლა, ადგილზე გამაგრებისთვის, ამერიკელი გენერლებისთვის, ალბათ, საუკეთესო ვარიანტი გახდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, პირველი "ცივი ომი" ცხელ ფაზაში არ გადაიზარდა.

მაგრამ გავიდა ხანი და დღეს მსოფლიო უკვე მეორე "ცივი ომის" დასაწყის ეტაპზეა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომი ეხლა უკვე რუსეთის საბრძოლო ავიაციისა და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების სამიზნეშია, ისევე, როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, როდესაც ვაზიანის აეროდრომი რუსულმა "სუებმაც" დაბომბეს და "ისკანდერის" რაკეტაც არ დააკლეს...

ეს, რაც შეეხებოდა მცირე ისტორიულ ექსკურს.

1-ელ აგვისტოს განხორციელებული ერთობლივი საჰაერო დესანტირება, როდესაც ხუთმა ამერიკულმა მოდერნიზებულმა "ჰერკულესმა" თბილისს დაბალ სიმაღლეზე შემოუფრინა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის თავზე 150-მდე პარაშუტისტი გადმოსხა, მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოს თავდაცვის ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთ სარდლობა) რეინჯერთა ასეულისთვის, რადგან მათ ძალიან კარგი პრაქტიკა მიიღეს მასობრივი საჰაერო დესანტირებისა და აეროდრომის დაკავების სახით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს